ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 18 октября 2010 г.

ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი

მკვდარ ზონაში

ტრაგედია 1982 წელს ბანგალორში მანმოჰან დესაის ფილმ "მებარგული"/ "Coolie" გადაღებების დროს დატრიალდა.
ორთაბრძოლის უამრავ სცენათაგან ერთ–ერთის გადაღების დროს ბაჩანმა, რომელსაც ყოველთვის თავი მოჰქონდა იმით, რომ თავის ფილმებში ტრიუკებს შეძლებისდაგვარად თავადვე ასრულებდა, სიფხიზლე მოადუნა, ერთ–ერთი მორიგი დარტყმა ვერ მოიგერია (მოგვიანებით ეს სცენა ფილმში სპეციალური შენელებული კადრით აღინიშნა) და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჰოსპიტალ "Breach Candy"- ში აღმოჩნდა.

–პანიკაში მყოფი ჯაია პალატის წინ იდგა და ექიმების ფაციფუცს ადევნებდა თვალს, რომლებიც ჩემს გაცოცხლებას ცდილობდნენ, – იხსენებდა ამიტაბჰი.
–უცებ მან დაიძახა: "არ დანებდე! ახლახან დავინახე, როგორ შეუთამაშდა ფეხის თითი, გემუდარები, არ დანებდე!
ექიმებმა ფეხის მასაჟის კეთება დამიწყეს და მეც საიქიოდან ამ ქვეყანას დავუბრუნდი.
ამიტაბჰ ბაჩანმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა და დიდი ხნის მანძილზე კომაში იმყოფებოდა. პრესაში, როგორც ასეთ შემთხვევებშია ხოლმე მიღებული, პანიკის ნამდვილი ტალღა აგორდა. მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ბიულეტინები ყველა ინდური გაზეთის პირველ გვერდზე იბეჭდებოდა და სრულიად ინდოეთის რადიოთი ყოველ ერთ საათში გადაიცემოდა.
იმ ხანებში ინდოეთის პრემიერ–მინისტრი ინდირა განდი სპეციალურად ჩავიდა მუმბაიში საწოლს მიჯაჭვული ამიტაბჰის მოსანახულებლად, ხოლო ბაჩანის თაყვანისმცემელთა უზარმაზარი არმია დღედაღამ საავადმყოფოსთან მორიგეობდა და ზეცას ლეგენდარული კერპის გადარჩენას ევედრებოდა.
ამ უბედურების მასშტაბურობაზე უკეთ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამიტაბჰის ავადმყოფობის დღეებში ეკრანებზე გამოსული ანგლოინდური გრანდიოზული კინოპროდუქცია "განდი", თემის დიდმნიშვნელოვნების მიუხედავად, ინდოელ მოსახლეობაში წარმატებით არ სარგებლობდა. რეჟისორს ამ ფილმმა საზღვარგარეთ უამრავი ჯილდო, მათ შორის "ოსკარის" პრემიაც მოუტანა, მაგრამ ინდოეთში ხალხმა ვიდრე ამიტაბჰის სიცოცხლეს საფრხე ემუქრებოდა, კინოთეატრებში სიარულზე უარი თქვა.
როგორც ცნობილი ამერილკელი კრიტიკოსი ელიოტ სტეინი ადასტურებს: "წლის მთავარი მოვლენა ინდოეთში "განდი" კი არა, ამიტაბჰის თავსდატეხილი უბედური შემთხვევა იყო. ერთი თვის განმავლობაში ასეულ ათასობით ადამიანი მისი გადარჩენისთვის ტაძრებსა და მეჩეთში ლოცულობდა. საავადმყოფოდან გამოსულმა ბაჩანმა დალოცა უზარმაზარი ბრბო, რომელიც მის მისასალმებლად იყო მოსული".
გამოჯანმრთელება მძიმედ მიმდინარეობდა. უკიდურესად მტკივნეული გადახვევები, ურთულესი ოპერაცია ტრაქეის გადაადგილებაზე და კიდევ, საოცრად მტანჯველი "მშრალი კანონი" – ერთი წვეთი სითხე მთელი კვირის განმავლობაში... იყო მომენტი, როცა ექიმებმა ცხელ გულზე "ახარეს", რომ ყავარჯნების გარეშე გადაადგილებას ვერასოდეს შეძლებდა.
–ხმა რომელიც ჩემში ყოველთვის სიკვდილის ასოციაციას იწვევს, გაქანებული მანქანის მუხრუჭების ღრჭიალია, – იხსენებს ამიტაბჰი.
–სწრაფი მოძრაობა, ლითონების საგნების ხმაური და ბოლოს – სამარისებული სიჩუმე. ეს ხმა დღემდე თან დამდევს. ხმის ამოღება მინდოდა, მაგრამ მხოლოდ უხმო ჩურჩული ამომდიოდა.
საავადმყოფო სხვა სამყარო იყო, სადაც ყველანი თანასწორები არიან: მზარეულები, მსახიობები, ბიზნესმენები... ყველანი ერთ დიდ ოჯახს წარმოვადგენდით., საერთო მტერს – სიკვდილს რომ ვუმკლავდებოდით. დღეს რომ მეზობელ საწოლზე ავადმყოფი იწვა, ხვალ ის ადგილი შეიძლებოდა ცარიელი ყოფილიყო. ამაზე არავინ ლაპარაკობდა.

მახსოვს, ერთხელ ექვსი წლის ბიჭი მოიყვანეს. მთლად დაბინტული იყო და წამლების მიღებაზე უარს ამბობდა. ექიმები მის დაყოლიებას ცდილობდნენ, რათა არ ეტირა, რადგან ხმაური მაწუხებდა. ბავშვმა რომელიც ჩემი თაყვანისმცემელი გამოდგა, არ დაიჯერა, რომ მეც იმავე საავადმყოფოში ვიწექი. ექიმებმა ჩემთან მოიყვანეს და ეს ერთგვარად სასაცილოც იყო, რადგან მე ვერ ვლაპარაკობდი ის კი ვერ ხედავდა. გვერდით მომიწვინეს და მან იგრძნო ჩემი სიახლოვე. ყურში ჩავჩურჩულე და ტირილი შეწყვიტა, დაიჯერა, რომ მე – მე ვარ.
ბიჭი შეეცადა თავის ტკივილზე მაღლა დამდგარიყო და იმ წუთებში მივხვდი, რომ თვითონაც ბავშვივით ვიქცეოდი.

ექიმების ძალისხმევამ, ამიტის სიმამაცემ და გაძლეობამ თავისი შედეგი გამოიღო და ორი ხანგრძლივი, უსასრულო თვის შემდეგ, საავადმყოფოდან გამოწერილი ამიტაბჰი დელის გარეუბანში მიემგზავრება, რათა ქალაქგარეთ მდებარე საკუთარ ფერმაში გამოშუშდეს. სიარული უწინდებურად მხოლოდ ყავარჯნებით შეუძლია. ოჯახი მის გვერდით იმყოფება. მსახიობმა თან თავისი ყველა ფილმი წაიღო, რათა ყოველდღე ენახა ვიდეოთი. მას სურს იცოდეს, შესაძლებელია თუ არა განუმეორებლის განმეორება და ყოველ დილით, ბევრად ადრე, ვიდრე ჯაია და ბავშვები გაიღვიძებენ, მძღოლს თხოვს, ფერმის ყველაზე შორეულ კუთხეში წაიყვანოს. იქ ის შეეცდება იმ ეპიზოდების აღდგენას, რამაც თავის დროზე დიდება მოუტანა. ის ფლეიერზე საკუთარ სიმღერებსაც უსმენს, ცდილობს კვლავ შეიგრძნოს თავისი გმირები, ახლა ასეთი მახლობლები რომ გახდნენ მისთვის.
–თავიდან ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, –ამბობს ბაჩანი, – ხელ–ფეხი არ მემორჩილებოდა. შინ იმედგაცრუებული ვბრუნდებოდი, მაგრამ ყოველ დილით ყველაფერს ისევ თავიდან ვიწყებდი. ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მეტი ნაბიჯი გადამედგა უყავარჯნებოდ, ყოველდღიურად ვიმეორებდი და ვსრულყოფდი სცენებს. საღამოობით ხმას ვავარჯიშებდი, ფილმებიდან ჩემს მონოლოგებს ვისმენდი და მათ განმეორებას, ხმამაღლა წარმოთქმას ვცდილობდი... ალბათ სასაცილოდ მოჩანდა ამიტაბჰი, რომელიც შუაგულ ოთახში გაჰკიოდა ფრაზებს, – მწარე ირონიით შენიშნავს მსახიობი.
1983 წელს ამიტაბჰი გადასაღებ მოედანზე გადის და მუშაობას ზუსტად იმ მომენტიდან, "მებარგულის" იმ ავადსახსენებელი ეპიზოდიდან იწყებს, რომელზეც შეჩერდა. ფილმის გადაღებაში ჩამოვარდნილმა ასეთმა ხანგრძლივმა შესვენებამ ვერაფერი დააკლო თვითონ სურათს და ფილმმა მოსახლეობაში არნახული წარმატება მოიპოვა.

–პრესა და ზოგიერთი ავისმოსურნე ამას სარეკლამო ტრიუკს უწოდებდა, – კბილებში სცრის ამიტაბჰი, რომელსაც დღემდე უჭირს ამის გახსენება.

–ძალიან მწყინდა, რადგან ეს ულმობელი ტყუილი იყო. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებდი, რომ მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა – ცხოვრებიდან ჩემი ამოშლა, უსარგებლო ნივთივით გადაგდება, ასე იოლი არ გახლდათ. ეს ჩემი პირადი ტრიუმფი იყო, რაც საკუთარ თავთან ჭიდილს ნიშნავდა.
ყოველი წლის 2 აგვისტოს ჯაია მეუღლეს ყვავილების თაიგულს და ღია ბარათს ჩუქნის წარწერით: "დაბადების დღეს გილოცავ!" და ალბათ მისი დაუცხრომელი მხარდაჭერა, სიყვარული და თავგანწირვა რომ არა, მსოფლიო კინემატოგრაფი ამიტაბჰ ბაჩანს მისი უნიკალური ნიჭის გაფურჩქვნის ხანაშივე დაკარგავდა.

ოთხმოციანი წლები: პოლიტიკა თუ ეკრანი?

როგორც კი მეორედ მოევლინა ქვეყანას, რასაც დიდი სიხარულით შეხვდა ბოლივუდის მთელი კინოინდუსტრია, როგორც კი ცოტათი მოეგო გონს, ამიტაბჰმა არანაკლებ უსიამოვნო ისტორიაში ამოჰყო თავი, რამაც კინაღამ ჯვარი დაუსვა მთელ მის მსახიობურ კარიერას. ცნობილია, რომ ამიტაბჰი ყოველთვის დიდი სიმპათიით ეპყრობოდა განდების ოჯახს და მათთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. და როცა 1984 წელს მისმა მეგობარმა რაჯივ განდიმ თხოვნით მიმართა, არჩევნებზე ალაჰაბადის საარჩევნო ოლქიდან თავისი კანდიდატურა წამოეყენებინა, რათქმაუნდა, უარი ვერ უთხრა.

ასე აღმოჩნდა ამიტაბჰ ბაჩანი ჩათრეული დიდი პოლიტიკის იდუმალ და ცინიკურ სამყაროში. მან არჩევნებში გაიმარჯვა და პარლამენტშიც აირჩიეს, მაგრამ ადამიანური მოღვაწეობის ამ სფეროში ძალიან მალე გაუცრუვდა იმედი და ფიცი დადო აღარასოდეს ჰქონოდა ამ ს აქმესთან კავშირი. და დღეს, ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწე ამარ სინგჰისა და პარლამენტის წევრ ანილ ამბანის ახლო მეგობარი, რომელიც არც ჯაიას მიერ გაჩაღებულ საზოგადოებრივ მოღვაწეობას კიცხავს, არავითარ ინტერესს არ იჩენს პოლიტიკისადმი.
ბაჩანის ხანმოკლე ინტეგრაცია ამ "მაღალ" სფეროებში მასების შემეცნებაში უშუალოდ დაუკავშირდა იმ ხანებში მთელ ინდოეთში გახმაურებულ ე.წ. "ბოფორის სკანდალს", როცა რამდენიმე მსხვილი პოლიტიკური ლიდერი იარაღის მწარმოებელთაგან ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს. შესაძლოა, ეს იყო ერთადერთი მომენტი, როცა დიდი მსახიობის საყოველთაო-სახალხო სიყვარულს ბზარი შეეპარა და ამ უაღრესად საეჭვო ეპიზოდის წყალობით, გაქირავებაში ხმაურით ჩავარდა სკანდალების დღეებში ეკრანებზე გამოსული რეჟსორ ტინუ ანანდის შესანიშნავი ფილმი "შაჰინშაჰი/Shahenshah" (1988, სცენარს საფუძვლად უდევს ჯაია ბაჩანის ორიგინალური სიუჟეტი - ბეტმენის, ადამიანი ობობას და სუპერმენის ისტორიის ერთგვარი ვარიაცია).
სკანდალი ჩაწყნარდა, მაგრამ ამიტაბჰს კიდევ დიდხანს ადანაშაულებდნენ მაფიასთან კავშირში. ამ მხრივ განსაკუთრებულ გულმოდგინებას მისი ყოფილი პარტნიორი პარვინ ბაბი იჩენდა, ვისთანაც, როგორც ამბობენ ერთ-ერთი ფილმის გადაღებების დროს, ხანმოკლე რომანი აკავშირებდა. შესაძლოა ეჭვიანობის ან სულაც პროგრესირებადი პარანოიის გამო, პარვინი რეგულარული "მხილებებით", თავისდაუნებურად აცხოველებდა ბაჩანის მიმართ პრესის ინტერესს. მისი სიტყვების აპოთეოზად იქცა გამონათქვამი იმის შესახებ, რომ ამიტაბჰი მას გადასაღებ პირადად უწყობდა სხვადასხვა უბედურ შემთხვევას. "ადრე თუ გვიან მაინც მომწვდება!" - ირწმუნებოდა პარვინი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეელია ამ აკვიატებულ იდეას.
მაგრამ ძალიან მალე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბატონ ბაჩანსყველა ბრალდება მოეხსნა, თუმცა იმ დღეებში მსახიობი მშვენივრად მიხვდა, რამდენად გავლენიანი შეიძლება იყოს მასმედიის საშუალებები და რა ზეგავლენას ახდენს ისინი ადამიანის ბედზე. "ჩემს შემდომ ცხოვრებაში ჟურნალისტად დაბადებას ვისურვებდი", - შავი იუმორის სტილში განაცხადა ამიტაბჰმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
დასასრულ, დიდი მსახიობის ყველა არაკეთილმოსურნის ჯიბრზე ერთი პატარა შტრიხი: ნანობთ რომ ოდესღაც პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდით?" - ჰკითხა 1994 წელს ბაჩანს ჟურნალ filmfare" - ის ერთმა კორესპოდენტმა. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ იყო დრო, როცა ვნანობდი, რომ როგორც პარლამენტის წევრმა ჩემთვის გამოყოფილი ვადა ვერ დავასრულე, ვერ შევძელი ყოველივე იმის გაკეთება რასაც ხალხისთვის ვგეგმავდი", - სევდიანი ღიმილით უპასუხა ამიტაბჰმა.
ბაჩანი არც კინემატოგრაფს ტოვებს. ფილმ "მებარგულის" მშვიდობიანად დასრულების შემდეგ ეკრანებზე მისი მონაწილეობით გამოსული ფილმების რაოდენობამ იკლო, თუმცა ხარისხი უწინდებურად საუკეთესო რჩებოდა. ასე იყო თუ ისე, 80-ან წლებში გაქირავებაში ყოველწლიურად მინიმუმ ორი ფილმი გამოდის, რომლებშიც მთავარ როლს უწინდებურად "ბიგ ბი" ასრულებს. ზოგიერთ ტიტრში პირდაპირაა მითითებული: მთავარ როლში "our favorite star", ჩვენი საყვარელი ვარსკვლავი ამიტაბჰ ბაჩანი. ასეთი პატივი წილად მანამდე არცერთ მსახიობს არ რგებია.
1984 წელი ამიტაბჰის წარმატებული თამაშით აღინიშნა უკვე ცოცხალ კლასიკოსად აღიარებულ პრაკაშ მეჰრას ფილმ "ლოთში/Sharaabi", რომელიც მნიშვნელოვან ეტაპად იქცა რეჟისორისა და მსახიობისთვისაც. ამიტაბჰის გმირი ვიკი-ბაბუ, რომელიც უსულგულო ნათესავების მიერ პატარაობიდანვე დათრობასა და დაძინებასაა მიჩვეული, ჩამოყალიბებულ ლოთად გაიზარდა. ამის მიუხედავად, მას კეთილი გული და ნათელი გონება აქვს, რისი თქმაც, სამწუხაროდ, არ შიძლება მამამისზე, ნაძირალა და მდიდარ საჰიბზე.
მთელი ფილმის განმავლობაში ვიკი (უცვლელ თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი!) ნახევრადმთვრალ მდგომარეობაში მყოფი, "ავტოპილოტზე", ქალაქში ავტომობილით დასეირნობს, რომელშიც მდიდრული იმპროვიზირებული ბარია მოწყობილი. ასეთ მდგომარეობაში მიდის ის მამის კორპორაციის აქტივის კრებაზე (რაც არ უნდა იყოს, მაინც მემკვიდრე ჰქვია!), სადაც პათოსურ მამხილებელ სიტყვას წარმოთქვამს. თანაც, ვიკი-ბაბუ პოეტია: ოდნავ დაბორკილი ენით, ხშირად ის საკუთარი სილაბური ლექსებით უკეთებს კომენტარს მომხდარს, დაახლოებით ასე: "არ გსურს კანონთან პრობლემა - ხშირად შეხვდი და უცებ", ანდა "თვალდახუჭული ვიღაცას უცდი, ის კი მოვა და მერე რა?" "ლოთში" კვლავ გამოჩნდა მსახიობის თავისებური კომედიური ნიჭი: იუმორის გრძნობა, რითაც ის თავისი გმირის პატარა ნაკლს გამოხატავს, არ შეიძლება არ ახარებდეს თვალსა და ყურს. ფილმის დასასრულს ვიკი აცნობიერებს საკუთარ შცდომებს, გარდაიქმნება და ნამსხვრევებად აქცევს ვისკის უკანასკნელ ბოთლს. ამიერიდან ის სიფხიზლეს ირჩევს.

საერთოდ, მთვრალი გმირის თამაში ამიტაბჰის საყვარელ ამპლუას წარმოადგენს. ამჟამად მსახიობი, როგორც ცნობილია, ალკოჰოლს არ ეტანება და არც ეწევა, მაგრამ ოდესღაც კალკუტაში, როგორც ჟურნალისტებს ანდობს, იყო დრო როცა ის და მისი მეგობრები იკრიბებოდნენ და "sharaab"- ით იყვნენ დაკავებულები, ანუ ლოთობდნენ. "უაზროდ ვტყვრებოდით და ჩვენნაირები კიდევ ბლომად იყვნენ პარკ-სთრითსა და ჩოურინგი-ლეინზე", - აშკარად ნოსტალგიური ბგერები ისმის ამიტაბჰის ხმაში.
ბობოქარი ახალგაზრდობის მეგობრული დროსტარების გამოცდილება გვარიანად გამოადგა მსახიობს კინოში და მართლაც, მსგავს "მთვრალ" სცენებში" იგრძნობა, რომ ცხოვრების ეს საეჭვო მხარე, ბაჩანს ყურმოკვრით არ აქვს გაგონილი. ვისაც კი ნანახი აქვს ვერასოდეს დაივიწყებს, როგორ მიმართავს მისი გალეშილი გმირი ტარაკანს ("ფიცი და დაპირებები/Kasme Vaade", 1975), ან სულაც საკუთარ გამოსახულებას სარკეში ფილმში "ამარ, აკბარ, ანტონი". აქ მაგრად ნაცემი ანტონი გონსალვესი საკუთარ სარკისეულ ორეულს იოდს უსვამს, ცდილობს გადაუხვიოს, თან ლანძღავს და ამუნათებს: აი, რატომ არ გალევინებ ხოლმე!" მერე კი სიტყვებით: კარგი მე დასაძინებლად წავედი", სარკის ამალგამში მარტო ტოვებს.
ამიტაბჰის ამ მსახიობური თემის აპოთეოზს ღამეულ ქალაქში რიში კაპურთან ერთად გაუცნობიერებელი გასეირნება წარმოადგენს, რომელიც ფილმ "ბედშია" აღბეჭდილი. "არც მეეტლემ წამიყვანა, ტაქსისტმაც უარი მითხრა", მრისხანედ მღერის ბაჩანის გმირი და თან რომელიღაც ძგლზე მიბობღავს, ძმა კი ყოვლად უშედეგოდ ეხვეწება შინ გაყოლას და დაძინებას.
ამიტაბჰის შემდგომ დიდ წარმატებად მანმოჰან დესაის ფილმი "რაჯა/ Mard" (1985, სიტყვასიტყვითი თარგმანი - "გულადი") ითვლება. აქ ეკრანებზე კვე წმინდა სახის ჰეროიკას ვხვდებით: სურათი ინგლისელი კოლონიზატორების წინააღმდეგ ბრძოლას ეხება და ბაცანის გმირი საყოველთაოდ აღიარებული მჩაგვრელების რისხვის - რევოლუციონერ ახად სინგჰის ვაჟის, ყოველგვარი გმირობის მოშველიებით, რისი ჩადენაც კი შეუძლია ადამიანს, ერთპიროვნულად ანადგურებს მტარვალებს. ფილმი "რაჯა" ევროპული ცივილიზაციისადმი სასტიკი სიძულვილითაა გაჟღენთილი: ერთ-ერთ კულმინაციურ სცენაში მამაცი რაჯა დემონსტრაციულად წვავს უცხოტომელის საფრთხობელას, თან თავისუფლებისმოყვარე სიმღერას მღერის. მეორე, არანაკლებ მწვავე ეპიზოდში ის მუშტის მოშველიებით უხსნის არამზადებს, რომ ჩამოტანილი ინგლისური სპირტიანი სასმელი სასმელი ვერაფრით შეედრება ადგილობრივს.
"რაჯაში" მრავლადაა როგორც დრამატული და კომედიური, ისე აბსურდამდე დასული მომენტები: ასე მაგ; ერთ-ერთ ეპიზოდში გმირი დამცინავი ტონით ელაპარაკება ბრიტანელ ლორდ კერზონის ცხენიან ბრინჯაოს ქანდაკებას, რმელიც ბოლოს ჰაერში გამოკიდებული რჩება მას შემდეგ, რაც მისი ცხენი რაჯას ულაყის სატრფო ხდება და ორივე თვალს მიეფარება.
აქვე დავამატებთ, რომ ბევრ მონოგრაფიაში რატომღაც მიღებულია, 80-ანი წლების "რაჯას" მსგავსი სურათები სისულელეებით გამოიტენილად, უკადრისად ჩაითვალოს მსახიობის ადრეულ ნამუშევართა შორის. მართლაც, "რაჯას" ავტორები, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ თავისუფლად ეპყრობიან ისტორიულ მასალას, მაგრამ თუ ობიექტური ტვალით შევხედავთ მოვლენებს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამიტაბჰი მუდამ ამიტაბჰია, ხოლო "სისულელეები", კინემატოგრაფის სნობების თვალსაზრისით, უწინდელ ფილმებშიც თავზესაყრელად იყო და სწორედ ისინი განსაზღვრავენ კიდეც ბოლივუდის კლასიკის ჯადოსნურ ატმოსფეროს.
1986 წელს ბაჩანმა რთული "ორმაგი" როლით გაახარა მაყურებელი ბჰაგია რაჯას ფილმში "დანაშაულის საზღაური / Aakhri Raasta". აქ მსახიობი ნაძირალების მიერ ციხეში უსამართლოდ ჩამწყვდეულ დევიდს ასახიერებს, ვისმა ცოლმაც ამ უბედურების შემდეგ თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. პატიმრობის 24 წლის შემდეგ დევიდს ათავისუფლებენ და ისიც, რასაკვირველია, სამართლიანად იძიებს შურს. პოლიციის კომისარ ვიჯაის (რომელიც მოგვიანებით დევიდის ვაჟის აღმოჩნდება) დავალებული აქვს მაღალჩინოსან პირთა მკვლელობის ჯაჭვის გამოძიება და ვიჯაის როლშიც ამიტაბჰს ვხედავთ. და მაინც, ფილმი ვიჯაიზე კი არ არის, ვისი ხასიათიც ტრადიციული და ერთმნიშვნელოვანია, არამედ დევიდზე. "ორმაგი როლები ბაჩანს მანამდეც ბრწყინვალედ აქვს განსახიერებული: კეთილი ამიტი და ქურდი შანკარი "ფიცსა და დაპირებებში", გარეგნულად ერტმანეთის მსგავსი ბანქოს თაღლითი მოთამაშე და საიდუმლო აგენტი "დიდ თამაშში / The Great Gambler" (1979). შვიდი ძმის ღარიბი, მაგრამ კეთილშობილი წინამძღოლი და წყვლის ორი წვეთივით მისი მსგავსი ბანდიტი ბაბუ "შესანიშნავ შვიდეულში / Satte Pt Satta" (1982 წ. ჰოლივუდის "შვიდი ძმის შვიდი საცოლის" რიმეიქი). მაგრამ ერთ კადრში ერთდროულად მამისა და შვილის თამაში, დაგვეთანხმებით, დიდ ოსტატობას მოითხოვს.
და დასასრულ, ორი სეროზული და უკიდურესად მნიშვნელოვანი დადგმა, რომელიც 80-90-ანი წლების ზღვარს აღნიშნავს: მანმოჰან დესაის "განგა, ჯამნა და სარასვატი / Gangaa Jamunaa Saraswathi" (1988) და მუკულ ს. ანანდის "ცეცხლოვანი გზა / Agneepath" (1990) (ორივე ფილმში, რაც მანამდე არ ყოფილა, მთავარი გმირის საუკეთესო მეგობრის როლი ნაპერწკლიანად შეასრულა... მითჰუნ ჩაკრაბორტიმ).
"განგა, ჯამნა, სარასვატიში" ამიტაბჰი შორეული გადაზიდვების უშიშარ მძღოლს, გველების თაყვანისმცემელ განგას ისეთი აზარტით თამაშობს, რაც მის ადრეულ ნამუშევრებში ხორცშესხმული "ახალგაზრდა განრისხებული მამაკაცის" იმიჯისთვისაა დამახასიათებელი. ეს ბაჩანის იმ პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო როლი გახლავთ. სამწუხაროდ მათი შემდგომი ერთობლივი ფილმი "გრიგალი / Toofan" (1989) უკანასკნელი აღმოჩნდა მანმოჰან დესაის ბიოგრაფიაში, რადგან ძალიან მალე გენიალური რეჟისორი ფრიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაიღყპა. პოლიციის გამოძიებამ თითქოსდა დაადგინა, რომ კინემატოგრაფისტმა თავად მოისწრაფა სიცოცხლე, მაგრამ ამიტაბჰ ბაცანს ამ ვერსიის სისწორეში დღემდე ეჭვი ეპარება.
"დღემდე არ ვიცით, იყო თუ არა ეს თვითმკვლეობა", - ამბობს ის 1994 წელს ჟურნალ "filmfare" - ისთვის მიცემულ ინტერვიუში, როცა იხსენებს დესაის, ვისთანაც მრავალი წლის მანძილზე მეგობრობდა და ვინაც ბევრი რამ იღონა "დიდი ბის" მსახიობური სახის მთლიანობაში დამუშავებისათვის.
ფილმ "ცეცხლოვან გზაში" შესრულებული როლისთვის ამიტაბჰ ბაჩანი, ვისაც მანამდეც არ უგრძვნია ჯილდოების, რესპექტივებისა და ქათინაურების ნაკლებობა, მრავალი წლის მანძილზე პირველად და მოულოდნელად ნაციონალურ პრემიას იღებს.
ფილმი კი მართლაც შესანიშნავი გამოვიდა: განგსტერ ვიჯაი დინანათჰ ჩავანის სახე მსახიობმა თითქოსდა ნერვული დაძაბულობის ზღვარზე ითამაშა და რაღაცით თავის უწინდელ ვიჯაის დაემსგავსა "სალიმ-ჯავედისეულ" ფილმიდან "კედელი". სურათის თემის ციტირება ფილმის დასაწყისში ამიტაბჰის მამის ჰარივანშ რაი ბაჩანის ლექსით ხდება: "ცეხცლის წვიმავ, ცეხცლის წვიმავ, ცეხცლის წვიმავ... არ შეწყდები, არრა დაგღლის არასოდეს... ცეხცლის წვიმავ, ცეხცლის წვიმავ..."
თავისი "ცეცხლოვანი გზის" გავლით, ბაჩანისეული ტრადიციული ვიჯაი ამ სურათში, როგორც წესი, მამის სიკვდილის გამო იძიებს შურს და ცდილობს, მშობლიური სოფელი მადვუ ბანდიტ კანჩ ჩინის სისხლიან მარწუხებს გამოგლიჯოს. რეჟისორ მუკულ ანანდის ოსტატობა აქ იმაში მდგომარეობს, რომ ნაცნობი სიუჟეტი ჰინდი კინოსთვის უჩვეულო მანერაშია გადაღებული; რეჟისორმა კამერას ისე აიძულა მოძრაობა, როგორც ეს რინგო ლა მასა და ჯონ ვუს კრიმინალურ ჰონგკონგურ ფილმებშია; სხვათა მსგავსად, ვერც მან აარიდა თავის სერჯიო ლეონეს ზეგავლენას და შესაძლებელია, სწორედ მსგავსმა უჩვეულო მიწოდებამ გამოიწვია ის, რომ იმდროინდელმა მაყურებელმა კატეგორიულად არ მიიღო სურათი, რომელიც დღეს უკვე კლასიკადაა მიჩნეული. თანაც ახალი გამომსახველობითი საშუალებების ძიებაში, ამიტაბჰმა განზრახ შეიცვალა ხმა, რათა მისი განრისხებული გმირის სიტყვები უხეშად და ხრინწიანად გაჟღერებულიყო... მაგრამ მსახიობის დღვრემილმა ფანებმა, რომლლებმაც ფილმში მათთვის კარგად ნაცნობი ინტონაციები ვერ გაიგონეს, კრიტიკული წერილებით აავსეს კინოკომპანია "Dharma Productions"-ი და ფილმის ხელახლა დუბლირება მოითხოვეს.
1991 წელს ბაჩანი რეჟისორ მუკულ ანადთან განაგრძობს თანამშრომლობას, ვისთანაც იმ დროისათვის სრული ურთიერთგაგება აკავშირებს. გამძვიინვარებული მშრომელი ლიდერის, ტაიგერის სახეს სურათში "კეთილი მეგობრები / hum", მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის "filmfare" -ის მესამე ქანდაკება მოაქვს მისთვის. (უნდა ითქვას რასაკვირველია ასეთი მასშტაბებისა და ნიჭის მსახიობს მსგავსი პრიზები შედარებით ცოტა აქვს მიღებული.) მაგრამ ჯილდოს მიუხედავად ამიტაბჰს ეჭვები სტანჯავს.
და აი, 1992 წელს საკუთარი პერსონისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და თავისი ახალი "მე"-ს მოძიების გამუდმებული მცდელობა აიძულებს ამიტაბჰს, რომელმაც ის-ის იყო საკუთარი სიტყვის პატრონი ავღანელი შეიხ ბაშაჰის რთული "ასაკოვანი" როლი ითამაშა მუკულ ანანდის წარმტაც კინორომან "ღმერთია მოწმეში / Khuda Gawan" (მანმოჰან დესაის ხსოვნისადმი მიძღვნილი), ხანგრძლივი ტაიმ-აუტი აიღოს. ბაჩანი ჟურნალისტებს უცხადებს რომ სამუდამოდ მიდის კინოდან.
ძნელია ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რამ აიძულა მსახიობი, ასეთი ნაბიჯი გადაედგა. თუმცა ინდოეთის პარლამენტში მუშაობის დროს, მან ერთხელ უკვე მოიმოქმედა მსგავსი რამ; ცნობილია, რომ 1987 წელს ეკრანებზე არ გამოსულა არცერთი (!) ფილმი მისი მონაწილეობით. თუმცა მალე პოლიტიკური არენის დატოვების შემდეგ, ამიტაბჰი წელიწადში კვლავ რამდენიმე ფილმში იღბდა მონაწილეობას.
შესაძლებელია, უკანასკნელ წვეთად 1991 წლის ორი მასშტაბური ბოევიკის - "Indrajeet"- სა და მარტოხელას / Akayla" შედარებითი მარცხი იქცა გაქირავებაში. ცოტათი ადრე ეკრანებზე გამოვიდა ტინუ ანანდის " Main Azaad Hoon", რომელიც გმირის თვითმკვლელობით დამთავრდა. მაყურებელმა კატეგორიულად არ მიიღო ასეთი ფინალი. "სცენარში ეს ნორმალურად გამოიყურებოდა, მაგრამ საზოგადოებას თავისი შეხედულებები აქვს", - მისთვის მნიშვნელოვანი ნამუშევრის ასეთი გულგრილი მიღების მიზეზში ჩაწვდომას ცდილობს ამიტაბჰი. -მაყურებელი ეჩვევა გმირს, მას სუპერ-თვისებებს ანიჭებს და თვითმკვლელობა მისთვის სიმხდალის, ზედმეტად იოლი გამოსავალის ტოლფასი ხდება.
ნებისმიერი ექსპერიმენტის, "კანონიდან" ნებისმიერი გადახვევის მოწინააღმდეგე ჭირვეულ მაყურებელს აღარც იმ ფილმების ნახვა სურდა, რომლებშიც ამიტაბჰი მისთვის ჩვეულ ამპლუაში გამოდიოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს საზოგადოება ჯიბრზე ცდილობდა თავისი უაზრო ხასიათის ჩვენებას და იმის დამტკიცებას, რომ თვითონაც არ იცოდა, რა უნდოდა.
მტკიცება იმისა, რომ კეთილშობილი შურისმაძიებლის მისეული სახის უსასრულო ტირაჟებით ამიტაბჰმა ცოტათი "გადააჭარბა", შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ იმ წლებში ის იმდენად განსხვავებული გახდა, რომ მისი იგნორირება უბრალოდ შეძლებელი იყო. მსახიობის ნამუშევრებისადმი მაყურებელთა პრეტენზიები ყველაზე უკეთ "პარალელური" კინოს ბანაკში დიდად პატივცემულმა, მაგრამ კომერციულ ფილმებში მოღვაწე მსახიობმა ნასირუდინ შაჰმა ჩამოაყალიბა: "ბაჩანის მსხვერპლია საკუთარი წარმატებისა, რამაც ის გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. მაგრამ ამის გამო თვითონ კი არა, ჩვენ გვწყდება გული. რამდენის გაკეთება შეიძლებოდა მისი ნიჭით! რა სასურველი იქნებოდა მისი ნახვა ისეთ ფილმებში, როგორიცაა თუნდაც საიდ მირზას "რატომ ბრაზობს ალბერტ პინტო" ( "პარალელური" კინოს სურათი შაბანა აზმის მონაწილეობით) დარწმუნებული ვარ, მას შეძლია ასეთი როლების თამაში, ამისათვის კი საკუთარი ციხის ცხაურის ჩამოღებაა საჭირო. ერთადერთი რაც მას აკავებს, თვითონაა".
უკომენტაროდ დავტოვოთ ნიჭიერი, მაგრამ რამდენადმე განსხვავებულ ჟანრსა და მიმართულებაში მოღვაწე მსახიობის აზრი, ვისაც არ შესწევს იმ რეალობის აღქმის უნარი, რომელშიც ცხოვრობდნენ და კვლავაც განაგრძობენ ცხოვრებას ამიტაბჰი და მისი ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე გმირები.

"დიდი ბი" ტაიმ-აუტს იღებს


სამსახიობო კარიერაში გამოცხადებული შესვენება გაიწელა და ხუთ წელიწადს გაგრძელდა. (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მცირე ეპიზოდური როლი ფილმ "წყენაში / Insaniyat" (1994), რომელიც ბაჩანმა მეგობრის, მისთვის დიდად პატივსაცემი პროდიუსერის თხოვნით ითამაშა; აქ ამიტაბჰ ბაჩანმა... საკუთარი პერსონა, სუპერვარსკვლავი ამიტაბჰ ბაჩანი განასახიერა). მთელი ამ წლების განმავლობაში თაყვანისმცემლები თრთოლვით ელოდებოდნენ საკუთარი კერპის დიდ ეკრანზე დაბრუნებას, მაგრამ მსახიობი შეუვალი რჩებოდა. "სიამაყის ნატამალიც კი არ გამაჩნია იმის გამო რაც რისი გაკეთებაც კინოში შევძელი და გულიც მუხანათურად, გაძლიერებით მიწყებს ცემას, როცა წარმოვიდგენ, რომ ხვალ-ზეგ ისევ გადასაღებ მოედანზე უნდა გავიდე. იმ დღეს, როცა უეცრად ვიგრძნობ კმაყოფილებას იმით, რასაც ეკრანზე ვაკეთებ, როგორც მსახიობი, არსებობას შევწყვეტ", - ამბობს ის თავის ერთ-ერთ იმდროინდელ ინტერვიუში.
ამ იძულებითი შესვენების წლების განმავლობაში ამიტაბჰი ბევრს მოგზაურობს, მკურნალობისა და დასვენების მიზნით, გარკვეული დროით შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და სწორედ აქ, თავისდა გასაკვირად, იტყობს, რომ ჰინდი კინოს პოპულარობა დიდი სისწრაფით იზრდება მთელ მსოფლიოში. მსახიობი ბევრს ფიქრობს იმის თაობაზე, რა რეფორმების ჩატარება შეიძლება ინდური კინოწარმოების სტრუქტურაში. ის დარწმუნებული გახლავთ, რომ 90-ანი წლების ინდური კინო ღრმა კრიზისის მდგომარეობაში იმყოფება. "მართალი გითხრათ, საკუთარი თავის კინოში ვერ წარმომიდგენია იმ დრომდე, ვიდრე ჩვენი ფილმების სტილი არ შეიცვლება და იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები მოხდება, რადგან ისინი კინემატოგრაფის ევოლუციისთვის არის აუცილებელი", - აღნიშნავს ბაჩანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ყველა ამ ნააზრევის შდეგს წარმოადგენს მსახიობის მიერ დაარსებული კომპანია "Amitabh Bachchan Corporation Limited (ABCL)", მოგვიანებით შემოკლებით "AB Corp" - ად რომ გადაკეთდა და კინოსურათების წარმოებითა და დისტრიბუციით დაკავდა. ამიტაბჰის კორპორაცია, ამასთანავე, მთელ ინდოეთში ატარებდა ახალი ტალანტების მოსაძიებლად ახალგაზრდა მსახიობთა კონკურსებს, აკონტროლებდა თანამგზავრულ არხ "TV Azia"- ს, მონაწილეობდა სილამაზის კონკურს "მის მსოფლიოს" მოწყობაში, საზღვარგარეთ გაჰწონდა ბოლივუდის კომერციული პროდუქცია და უცხოეთში ინდოელი მსახიობების შოუს მართავდა. ყველა ამ საქმიანობაში ბაჩანის სრულუფლებიანი პარტნიორი გახლდათ მისი უმცროსი ძმა აჯიტაბჰი.
მსახიობის ცხოვრების ამ ნაწილის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს თანამშრომლობა რაჯივ განდის ფონდთან; ერთად მათ ბევრი რამ იღონეს სიღატაკესა და გაუნათლებლობასთან, კიბოსთან და შიდსთან ბრძოლის სოციალური პროგრამის ცხოვრებაში განხორციელებისათვის. ფონდი აფინანსებდა ჰოსპიტლების მშენებლობას და დახმარების ხელს უწვდიდა წყალდიდობებით, მიწისძვრებიტა და ინდოეთისათვის დამახასიათებელი სხვა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ მოსახლეობას.
მაგრამ კორპორაცია ABCL - ის სქმიანობა წარმატებულად ვერ წარიმართა და ბაჩანების ოჯახს, საბოლოო ჯამში, მხოლოდ უზარმაზარი ვალები დაუტოვა. მსახიობი გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა , კრედიტორები ვალების დაუყონებლივ დაფარვას მოითხოვდნენ და ბრენდ "ამიტაბჰ ბაჩანის" პოპულარობის გასამყარებლად, კვლავ მწყობრში ჩადგომა, ეკრანზე იმ მაყურებელთან დაბრუნება მოუხდა, ვისაც თავის გმირთან ახალი შეხვედრები მოენატრა.
ეს დაუვიწყარი მოვლენა 1997 წელს მეჰულ კუმარის ფილმით "Mrityundaata" მოხდა. წარმოების სტადიაზე სურათს გაცხოველებული ახსნა-განმარტებები და მითქმა-მოთქმა ახლდა, გაქირავებაში გამოსვლის შემდეგ კი დიდი იმედგაცრუება მოჰყვა თან. ჟურნალისტებმა ფილმს ერთხმად უწოდე "საშინელი" და "საძაგელი", ბაჩანის მიერ შესრულებული ცეკვები და სიმღერები კი ვულგარულად მიიჩნიეს.
საკუთარი თავის გასამართლებლად ამიტაბჰი მართებულად შენიშნავდა, რომ არ ჰქონდა საშუალება - და არც თვლიდა საჭიროდ! - თავისი პირობები ეკარნახა და გადასაღებ პროცესში ჩარეულიყო. ჯერ კიდევ 1994 წელს შაჰრუკჰ კჰანთან ერთად ოსტატობის ანა-ბანას განხილვისას, დიდი მსახიობი მისთვის ჩვეული მოკრძალებით აღიარებდა: "მე ხომ ამის შესახებ არაფერი ვიცი. თამაშიც არ მეხერხება, უბრალოდ, იმას ვაკეთებ, რასაც რეჟისორი მიბრძანებს... არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია ჩემი ფილმების წარმატებაში. უფრო ზუსტად, ისინი კი იყვნენ წარმატებულნი, მაგრამ ჩემს გამო არა. მეც იმას ვაკეთებდი, რასაც დანარჩენები. ჩემი სახე სალიმმა და ჯავედმა შექმნეს. მათი სცენარები ორიგინალური იყო და იმავდროულად სწორედ იმას წარმოადგენდა, რაც მაყურებელს სწყუროდა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როცა ახალი გმირი იყო საჭირო - ის, ვინც სისტემას არუდგებოდა წინ. ჩემს ადგილზე მყოფი ნებისმიერი მსახიობი აუცილებლად მიაღწევდა წარმატებას".
დიდ ეკრანზე ამიტაბჰის დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე მისი ქალიშვილის შვეტასა და დიდი რაჯ კაპურის ერთ-ერთი შვილიშვილის ნიკჰილ ნანდას ქორწინება შედგა. რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ლეგენდარული "ბატონი 420" -ს შთამომავალს არანაირი შეხება არ აქვს კინოსთან და კომერციულ საქმიანობას ამჯობინებს. 1996 წლის 16 თებერვალს მუმბაის პრესტიჟული რაიონი ჯუჰუ, სადაც პრატიკშა - ბაჩანების მამული მდებარეობს, უამრავი სტუმრისა და პრესის წარმომადგენლის მიერ აბსოლუტურად პარალიზებული იყო. საუკუნის ამ ქორწინებაზე ბოლივუდის მთელი ელიტა იყო დაპატიჟებული. აელვარებული პეტარდებით მთლად გაცისკროვნებული ნიკჰილ ნანდა თავის საცოლესთან ერთად თეთრ არაბულ ბედაურზე გახლდათ ამხედრებული; პრატიკშა ამ ღირსშესანიშნავი დღისათვის წითელ - ვარდისფერ ტონებში მორთეს. თავად ქორწინების ცერემონია რელიგიური კანონის მიხედვით ჩატრადა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ბოლოს ყველაფერი გრანდიოზული დისკოთეკით დასრულდა, სადაც წინა წლების საუკეთესო კინომელოდიები ჟღერდა; ეს შოუ დიდი გაქანებითა და მონდომებით მოაწყო და ჩაატარა აბჰიშეკმა.
შვეტასა და ნიკჰილის ოჯახური ცხოვრება აგერ უკვე ათ წელზე მეტია მშვიდად და უშფოთველად მიედინება. შოუ-ბიზნესისგან ერთობ შორსმდგომი შვეტა მთელ თავის დროს საოჯახო საქმეებს უძღვნის და ორ შვილს - ვაჟს, აგასტიას და ქალიშვილს, ნავია ნაველს ზრდის, რომლებიც ჭკუას კარგავენ პაპა ამიტაბჰსა და ბებია ჯაიაზე.

რაც შეეხება "ბებიას" - ბაჩანების მთელი კლანისათვის დიდ მოულოდნელობად იქცა დიდ ეკრანზე მისი დაბრუნება. ნავია ნაველის დაბადებიდან ნახევარი წლის შემდეგ ჯაიამ "პარალელური" კინოს კლასიკოსის გოვინდ ნიჰალანის ფილმ "პატიმარ ნომერ 1084 - ის დედაში /Mother Of 1084" მიიღო მონაწილეობა. არავინ იცის, შვილიშვილის შეძენამ იმოქმედა ასე თუ უბრალოდ, მაყურებლია აუდიტორიასთან ახალი შეხვედრის დრო დაუდგა, მაგრამ მას შემდეგ ჯაია, რომელიც იოლად მოერგო დედებისა და ბებიების ასაკობრივ როლებს (რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ამ როლებს თამაშობს), ახლა უკვე რეგულარულად ჩნდება დიდ ეკრანზე.

ახალი როლები, ახალი ჰორიზონტები


ამიტაბჰის ადაპტაცია ჰინდი კინოს ახალ პირობებთან იოლად არ მომხდარა. მისი "ტაიმ-აუტის", დასვენების, კომერციული მოღვაწეობისა და მოგზაურობის განმავლობაში ბოლივუდში მსახიობების ახალი თაობა მოვიდა; მაყურებელი უკვე მიეჩვია ეკრანებზე სანჯაი დატის, სალმან კჰანის, შაჰრუჰ კჰანის, აკშაი კუმარის და აჯაი დევგანის ხილვას. ამ უკანასკნელთან ამიტჯიმ სურათ "ბატონ მაიორში / Major Saab" ითამაშა, რომელმაც 90-ანი წლების ბოლო ხანების მისი ნამუშევრების სერია გახსნა: "Kohram", " Las Baadshach", "დივერსანტი/Hindustan Ki K asam". ჩვენი მაყურებლისათვის ცნობილ "მზის დინასტიაში / Suryavansham" (1999) ის ეკრანზე კადერ კჰანთან ერთად გამოჩნდა, "მეწყვილეებში / Bade Mian Chote Mian" (1998) - გოვინდასთან, "შეყვარებულებში / Mohabbatein" (2000) კი - შაჰრუჰთან ერთად. პრესის გამოხმაურება უწინდებურად არც თუ სასიამოვნო რჩებოდა, თუმცა საუკუნეთა მიჯნაზე კრიზისმა ბოლივუდის მთელი კინოინდუსტრია მოიცვა და მაინც, ამიტაბჰმა შძლო თავისი ძირითადი აუდიტორიის დაბრუნება.
კომპანია ABCL -ის წარუმატებელი მოღვაწეობის შდეგად დარჩენილი ვალების გასასტუმრებლად, 2001 წელს ამიტაბჰი რადიკალურ ნაბიჯს დგამს და ტელევიზიაში შოუ "Kaun Banega Crorepati" - ს (გადაცემმა "ვის სურს გახდეს მილიონერი?" ინდური ვერსია) წამყვანის დებიუტს თანხმდება, რის შემდეგაც მარტო ვალების გასტუმრებას კი არ ახერხებს, პოპულარობის ახალ ეტაპზეც გადის. გადაცემას "ვის სურს გახდეს მილიონერი?" მისი მონაწილეობით მთელი ინდოეთი უყურებდა, ა რც ისე დიდი ხნის წინ კი, მრავალრიცხოვანი ტელემაყურებლის მოთხოვნით კვლავ განახლდა.

ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა მთელი პლეადა, ვინც ამიტაბჰის "ოქროს პერიოდის" ფილმებზე აღიზარდა, ახლა მასთან მუშაობაზე ოცნებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისთვის სრულიად ახალ სახეს ქმნის. იმ ავტორთა შორის, ვისაც ლილა ბჰანსალი, რაჯ კუმარ სანტოში, ადიტია ჩოპრა, ვიპულ შაჰი, რაკეშ მეჰრა, ვირუ დევგანი, სუჯოი გჰოში და რაც სრულიად აშკარა და დაუჯერებელია რეჟისორი ქალი, ფარა კჰანი.
თითოეული მათგანი მიისწრაფვის, თავის პროექტში დააკავოს ვარსკვლავი და თანაც ახალ სცენარებში ისეთ როლებს სთავაზობენ, რომლებზეც ბაჩანი, როცა თავის "ახალგაზრდა განრისხებულ მამაკაცებს" თამაშობდა, ვერც კი იფიქრებდა. ამ ახალი სახით მსახიობი მშვენივრად მოერგო გაჭიანურებულ საოჯახო დრამებს და მაყურებელთა შორის წარმატებით სარგებლობდა მისი როლი ოკეანის გაღმა და ევროპის ქვეყნებში საექსპორტოდ გათვლილ კარან ჯოჰარის სუპერჰიტ 'სიხარულსა და მწუხარებაში / Kabhi Kushi Kabhie Gham" (2001), რომელიც ერთ-ერთი ოჯახის ორი თაობის ისტორიას მოგვითხრობს და მასში მსახიობს პარტნიორობას შაჰრუჰ კჰანი და რიტიკ როშანი უწევდნენ (ფილმში ჯაია ბაჩანიც გახლავთ გადაღებული). ამიტაბჰმა ასევე განასახიერა უზარმაზარი ოჯახის ხელგაშლილი და გულმოწყალე პატრიარქი ეპიკურ მელოდრამა "სიყვარული და ღალატში /Baghban" (2003), რომელიც შექსპირისეული "მეფე ლირის" თავისებურ წაკითხვას წარმოადგენს.
გარდა ამისა, მაყურებელს დაამახსოვრდა მისი მამაცი ჯარისკაცი ფილმში "Deevar: Lets Bring Our Heroes Home" (2004), ასევე ხანდაზმული მშვიდობისმოყვარე პოეტი კაბირა, ვისი გულშიჩამწვდომი მონოლოგებიც მოხერხებულად გამოკვეთს 1999 წლის სამხედრო ბოევიკ "დივერსანტში" მიმდინარე დაძაბულ-ბუნდოვან მოქმედებას. რეჟისორმა ვირუ დევგანმა წინასწარ, ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე დაიჭირა თადარიგი და განაცხადა, რომ ის ერთგვარი სიზმარივით ჰქონდა ჩაფიქრებული. მაგრამ უნდა ითქვას, რომ სუპერვარსკვლავ აჯაი დევგანის მამის სიზმარი ანტიპაკისტანური განწყობებით ზედმეტად გამოდგა გამსჭვალული.
განსაკუთრებით შესანიშნავი ჩვენს დღეებში ბაჩანი განგსტერულ ფილმებში აღმოჩნდა; თავისი ახალი "წვერიანი" იმიჯით ის ნამდვილი აღმოჩენა გახდა ახალი ბოლივუდის რეჟისორებისათვის. დასამახსოვრებელია მის მიერ განსახიერებული ბოროტმოქმედთა როლები კრიმინალურ დრამებში "Kaante" (2002 და, "Boom" (2003), სადაც ამიტაბჰმა ფართოდ გაშალა თავისი მსახიობური საშუალებების სპექტრი. "Kaante" - სახელგანთქმული "ცოფიანი ქოფაკების" ჰინდი ეკრანიზაციაა, რომელიც გაფართოებული და ორ საათნახევარზეა გაშლილი სასიმღერო-საცეკვაო დივერტისმენტების ხარჯზე, ასევე გახსნილია მიზეზები, რომლებმაც თავხედური ნაბიჯების, წინასწარ განწირული ძარცვისკენ უბიძგა გმირებს. სოციალურმა მოუწყობლობამ შეიძლება უკიდურესობამდე მიიყვანოს გმირები - აი, სანჯაი გუპტას ფილმის თემა, რომელიც ნახსენებიც კი არაა ტარანტინოსთან.

ფილმ "Boom"-ის შინაარს კი საუკეთესოდ ხსნის მისივე სარეკლამო სლოგანი "მოდის სამყარო მაფიის სამყაროს ეჯახება". ასევე წარმატებული გამოდგა მსახიობის "უარყოფითი როლი" ვიპულ შაჰის სურათ "თვალებში/ Aankhen" (2002), რომელიც ჩვენს გაქირავებაში "სახიფათო თამაშის" სახელით გადიოდა. ფილმის დასაწყისში გამოკვეთილადაა გაცხადებული სოციალური უსამართლობის ტრადიციული თემა: ბანკის მართველ რაჯნატჰს სამსახურიდან აგდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ბანკი თვითონ შექმნა და საკუთარი ხელით დააპროექტა. მრისხანებაშეპყრობილი მენეჯერ შურისძიების მიზნით გადაწყვეტს თავხედური "იდეალური ძარცვის" მოწყობას, რისთვისაც სამ უსინათლოს დაიქირავებს, რომლებსაც სპეციალურად აგებულ შენობის მაკეტში ავარჯიშებს, მერე კი, როგორც ამბობენ ხოლმე, დანაშაულებრივ სამყაროში საქმეზე აგზავნის.
ფილმ თვალების კულმინაცია - ძარცვის ხანგრძლივი, აუტანლად დაწვრილებითი სცენა, რომელიც მაყურებელს აიძულებს მღელვარებისაგან სავარძელში იწრიალოს, ჟან - პიერ მელვილის "წითელი წრისა" და რენე კლემანის "კურდღლის გადარბენა მინდორზე" ანალოგიური ეპიზოდების განმეორებაა და ბოლივუდის მიერ ახლახან აფიშირებული ფრანგული კინოს 60, 70-ანი წლების საუკეთესო ნამუშევრების გადამღერებას წარმოადგენს. ასეთ ფილმებში თავად ბაჩანის თამაშის მანერაში კი ლინო ვენტურასა და ჟან გაბენის მოწიფულობის პერიოდის ოსტატობის ერთგვარი გავლენა იგრძნობა. მაგრამ - და სწორედ ესაა სხვაობა - "თვალებში" ამიტაბჰის პერსონაჟი, ის ადამიანი, უფრო ზუსტად, საშიში ტიპი გახლავთ, რომელიც ობივატელში თანაგრძნობას ნამდვილად არ იწვევს. ამიტაბჰი მისთვის დამახასიათებელი კატისებრი მოქნილობით წყობიდან გამოსულ მართველს თამაშობს და სწორედ ამის წყალობით, მსახიობის მიერ შექმნილი უსინათლოთა ბანდის დამნაშავე ბელადის ხასიათი საზარელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
2004 წელს წარმოუდგენელი ანშლაგი სდევდა თან ეკრანებზე რაჯკუმარ სანტოშის პოლიტიკურ დრამას "ხაკის/khakee" (ჩვენთან "მოვალეობა უპირველეს ყოვლისა") და გამოსვლას, რომელშიც ტრადიციული "პოლიციური" სიუჟეტი, რომ იტყვიან, ამოტრიალებულია, რადგან შუა ფილმში, მოულოდნელად ირკვევა, რომ ხელისუფლებას აზრადაც არ გაუვლია "წესებით" თამაში. ჩახვეული, მოულოდნელობებით აღსავსე სიუჟეტი ასეთ შთაბეჭდილებას ალბათ არ მოახდენდა, ამიტაბჰის ვირტუოზული თამაში რომ არა იმ მომენტში, როცა ხანდაზმული, ასთმით სულშეხუთული ინსპექტორი ანანდ შრივასტავი მოულოდნელად იტყობს, რომ მისი ბრიგადის ბადრაგის ქვეშ მყოფი ტერორისტი, ინდოეთის რისხვა და მთელი "სამართლიანი" მოსახლეობის თვალში "განტევების ვაცი", სინამდვილეში დიდი პოლიტიკური სფეროებიდან გამოსული ნაძირალების მიერ გამეტებული უბედური ადამიანია. ამ წუთებში შეუძლებელია ბაჩანის ინტონაციის, გამოხედვის დავიწყება. სიტყვაძუნწი კანონის დამცველის, მეტსახელად "პროფესორის" როლში მსახიობი კვლავ ვირტუოზულად იყენებს თავისი გამომსახველობის მთელ არსენალს: ხმის დაბალ ტემბრს, პლასტიკურ მიმიკას, რაც პოლიციის დეპარტამენტის პრინციპული, ბებერი ჯარისკაცის, იმ ადამიანის სახის გახსნას ემსახურება, ბოროტებას რომ არ უდრეკს ქედს.

თავისი სოციალური მნიშვნელობით ამიტაბჰის ნამუშევარი "ხაკიში" თამამად უწევს მეტოწეობას ვიჯაის როლს იაშ ჩოპრასა და სალიმ-ჯავედის სახელგანთქმულ ფილმ "შავ ქვაში", და ჩვენც სიხარულით ვაცნობიერებთ, რომ თავისი უშიშარი გმირის, ინსპექტორ ანანდ შრივასტავის მსგავსად, არც "დიდი ბი" აპირებს პოზიციების დათმობას.

სიხარულსა და მწუხარებაში


ამიტაბჰ ბაჩანის სამოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით ინდოეთში (ჯაია ბაჩანის ინიციატივითა და რედაქციით) გამოდის უზარმაზარი ფოლიანტი შექსპირისეული სტრიქონების სახელწოდებით "To Be Or Not To Be" ჰარივანშრ რაი ბაჩანის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული თარგმანების პატივსაცემად). ამ წიგნში თითოეული ნათესავი და კოლეგა მოგვითხრობს, რას წარმოადგენს მისთვის ამიტაბჰ ბაჩანი, გახსენებულია გადაღებებზე მომხდარი დრამატული მოვლენები და მილიონთა კერპზე სადაგ დღეებში თავსდამტყდარი სასაცილო და კურიოზული შემთხვევები. შეზღუდული საკოლეწციო ტირაჟის მქონე ის მდიდრული გამოცემა ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა "დიდი ბისთვის". ამბობენ, როცა ამიტ-ჯიმ პირველად გადაშალა ტომი, სუნთქვა შეკრადა თვალს მადლიერების ცრემლი მოადგა. "ეს შესანიშნავი ნაშრომია სიყვარულზე, საოცრად ელეგანტური, ლამაზი და ყოვლისმომცველი", - უზიარებს თავის სიხარულს ამიტაბჰი ჟურნალ "filmfare"- ის კორესპოდენტებს.
გამოცემამ, რომელიც შიდაოჯახურ მილოცვად იყო ჩაფიქრებული, ფურორი მოახდინა წიგნის ბაზარზე. მძიმეწონიანი ტომი ტრიუმფით წარადგინეს ლონდონში, ნიუ-იორკსა და სინგაპურში მოწყობილ ბაჩანის ფილმების რეტროსპექტივაზე.
ჯაიას მიერ გაწეულმა შრომამ ბევრად შეუწყო ხელი საზღვარგარეთ ბაჩანის პოპულარობის შემდგომ ზრდას. საკუთარ სამშობლოში კი მასზე დღეს კინოინდუსტრიის მხრივ ისეთი მაღალი მოთხოვნილებაა, როგორც არასდროს. პროდიუსერები ბედნიერად მიიჩნევენ თავს, თუ თუნდაც პატარა როლზე ახერხებენ ამიტაბჰის ხელში მოგდებას. მით უფრო, რომ უკანასკნელ წლებში მსახიობმა როგორც ეპიზოდის ოსტატმა, ისე გამოიჩინა თავი. ძალიან პოპულარულ და უამრავ პრიზით აღნიშნულ მელოდრამა "ვირ და ზარაში / Veer - Zaara" (2004) მან მთავარი გმირის მამის როლი განასახიერა და მელანქოლიურ თხრობაში ეგზომ აუცილებელი იუმორის ნამცვრევი შეიტანა. დაუვიწყარია ფრაგმენტი ამასწინანდელი "სიყვარულის გამოცანებიდან / Paheli", რომელშიც ბაჩანმა მწყემსის ერთი ციცქნა როლით ისევ შეძლო მაყურებლის გულის მონადირება.
შვიდი შთამბეჭდავი სურათი, რომელიც 2005 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მაშინვე საკასო რეკორდსმენად იქცა. უდიდესი წარმატებით სარგებლობდა "რბოლა დროის საწინააღმდეგოდ / Waqt", უკვე ნახსენები კომედია აფერისტებზე "ბანთი და ბაბლი", მაგრამ ნამდვილი ტრიუმფი მაინც "ნათლიის" ახალ ვარიანტს "მამის ნაკვალევზე / Sarkar" ხვდა წილად, რომელიც ორი ბაჩანის - მამისა შვილის მიერ იქნა გათამაშებული. ამ პროექტის ავტორი რამ გოპალ ვარმა, როგორც ყოველთვის, არც ამჯერად შემცდარა: მაფიოზური კლანის სისხლიანი, ძალადობით აღსავსე ისტორია ერთი ამოსუნთქვით იყურება. "ეს ჩემი პასუხია ფილმზე "სიხარულსა და მწუხარებაში", - ჟურნალისტების პროვოცირებას ეწევა ეწევა რეჟისორი. თავად ამიტაბჰის აზრით კი, მას განსაკუთრებით დუმილთან დაკავშირებული სცენები, ის დაძაბული პაუზები გამოუვიდა, "როცა არაფერია ნათქვამი, მაგრამ ყველაფერი უსიტყვოდ გასაგებია.
საქმეს არც ამჯერად ჩაუვლია სკანდალის გარეშე. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, დანაშაულებრივი კლანის პატრიარქის მოსაკლავად დაქირავებული ქილერი დუბაიშია დაბადებული. გაერთიანებული საემიროების მაყურებელმა მასში მაშინვე სროლაში ოლიმპიურ ჩემპიონ, ცისფერი სისხლის მქონე ჰაშერალ - მაქთუმზე დაიანახა მინიშნება და აღშფოთდა. ამის მიუხედავად, "sarkar" - მა მარტო ინდოეთში კი არა, ახლო აღმოსავლეთის კინოთეატრებშიც ანშლაგით ჩაიარა. ცოტა ხნის წინ კი ინდოელმა მაყურებელმა ფილმის მეორე ნაწილიც იხილა.
და რასაკვირველია, არ შეიძლება არ აღინიშნოს "უკანასკნელი იმედი / Black" (2005) ლეგენდარული "დევდასის" ავტორის სანჯაი ლილა ბჰანსალის მიერ გადაღებული მელოდრამატული ჰიტი. 2006 წლის დასაწყისში ამ სურათმა, პრინციპში, როგორც ვარაუდობდნენ კიდეც კრიტიკოსები, პრიზების აურაცხელი რაოდენობა მიიღო, მათ შორის მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვისაც. ბჰანსალი "დევდასით გაკვალული გზით არ წასულა და შედარებით მცირე თანხით სუსტი სქესის აუდიტორიაზე გათვლილი სულისშემძვრელი ისტორია გადაიღო ანგლოინდური ოჯახიდან გამოსულ უსინათლო ქალიშვილზე (ამ როლს საკმაოდ წარმატებულად გაართვა თავი რანი მუკჰერჯიმ), რომელიც სასოწარკვეთის წყვდიადს თავისი ექსცენტრიკული მასწავლებლის წყალობით (სწორედ მას თამაშობს ამიტაბჰი) აღწევს თავს, მისთვის უცნობ და უზარმაზარ სამყაროში საიმედო გზისმკვლევი რომ ხდება. ფილმმა მარტო ჩვეულებრივ მაყურებელს კი არა, კინოთეატრების დირექტორებსაც აუჩვილა გული, რომლებმაც ბილეთები გააიაფეს, ინვალიდებს კი სულაც უბილეთოდ უშვებდნენ.

ამიტაბჰ ბაჩანმა, ვისაც ზოგჯერ თავისი ძველი ნამუშევრებისთვის უყვარს თვალის გადავლება, "უკანასკნელი იმედის" ნახვის შემდეგ ჟურნალ "filmfare"-ის ჟურნალისტებთან ვერ დაფარა თავისი აღფრთოვანება: "პირდაპირ გაოგნებული დავრჩი სანჯაის ნამუშევრით და მაშინვე შეტყობინება გავუგზავნე, რომელშიც ვამბობდი, თუ რამდენად საინტერესოა გარკვეული დროის შემდეგ ფილმის ხელახლა ნახვა და მასში საკუთარი თავისთვის ბევრი სიახლის აღმოჩენა. სანჯაი უდავოდ ნიჭიერი რეჟისორია და ჩემი მონაწილეობაც "black"-ში მშვენიერი თავგადასავალი იყო".
2005 წლის ნოემბრის ბოლოს მსახიობს სერიოზული პრობლემები ექმნება ჯანმრთელობის მხრივ. მას კვლავ საავადმყოფოში აწვენენ. ბაჩანმა მოულოდნელად ცუდად მაშინ იგრძნო თავი, როცა ლაკნაუში მამამისის, ჰარივანშრ რაი ბაჩანის დაბადების 98 წლისთავისადმი მიძღვნილ პოეტების კონფერენციას ესწრებოდა. ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, ამიტაბჰი სასწრაფოდ გადაჰყავთ დელიში. მისი ახლო მეგობარი, სახელგანთქმული მილიარდერი და პოლიტიკური მოღვაწე ანილ ამბანი, რომელმაც დიდი დახმარების ხელი გაუწოდა მსახიობს ჯერ კიდევ იმ ავადსახსენებელი საპარლამენტო მოღვაწეობის დროს, მაშინვე თავის თვითმფრინავს სთავაზობს მუმბაიში ჩარტერული გადაფრენისთვის. 30 ნოემბერს "ლილავათის" საავადმყოფოში ბაჩანს ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები მთელი ამ დროის განმავლობაში მსახიობის გვერდით იმყოფებოდნენ და ყოჩაღად ეჭირათ თავი.
საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და დღეს ამიტაბჰის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. სამუშაოზე დაბრუნების უფლება ექიმებმა პაციენტს მხოლოდ სამი თვის შემდეგ მისცეს. მათ მხარი აუბეს ასტროლოგებმა, ვის აზრსაც ბაჩანების კლანი ყოველთვის ითვალისწინებდა. თებერვლის შუა რიცხვებამდე ამიტაბჰს უკიდურესი სიფრთხილე და წინდახედულება მართებს, რადგან არსებობს რეციდივის საფრთხე. არავითარი გადაღებები, მღელვარება, მკვეთრი მოძრაობები", - აღნიშნავდნენ ისინი. შეუძლებელია იმ პანიკის სიტყვებით გადმოცემა, რამაც იმ დღეებში მოიცვა ინდოეთის ისედაც ემოციური მოსახლეობა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ხელახლა განმეორდა ძველი დრამა, რომელიც "მებარგულის" გადაღებებზე დატრიალდა.
მთელმა ქვეყანამ სუნთქვა შეიკრა. კვლავ მკვეთრად ეცემა საკასო შემოსავლები კინოთეატრებში: იმ დღებში დანიშნული ათი პრემიერა, უბრალოდ, უგულვებელყოფილი დარჩა მაყურებლის მიერ, რომელმაც არ ისურვა გართობა იმ დრომდე, ვიდრე მათი კერპი "ბუნდოვანი ზონიდან" არ გამოვიდოდა. კვლავ ათასობით თაყვანისმცემელი მორიგეობს საავადმყოფოს ალაყაფთან. ხოლო დიდი ხნის ნანატრი ფილმების - "ოჯახი: სისხლისმიერი კავშირების / Family - Ties Of Bloods" და "უცნობის / Ajnabi" პრემიერები სამომავლოდაა გადატანილი.

ბრძენი და შორსმჭვრეტელი


ბაჩანის საავადმყოფოდან გამოსვლას ის ხალხი, ვისაც მან თამაშის საკუთარი სტილით უჩვენა როგორ უნდა იცხოვრონ, ოვაციებით შეეგება. 2006 წლის დადგომას ამიტაბჰი გოაში შეხვდა. ერთგული და თავდადებული ამბანი, ვინაც ამ მოგზაურობისთვის ვერტმფრენი დაიქირავა, გვერდიდან ერთი ნაბიჯითაც არ შორდება მეგობარს. არ შეიძლება არ აღინიშნოს ინდოეთის სოციალისტური პარტიის გენერალური მდივნის ამარ სინგჰის მეგობრული თანადგომა. ამ იძულებითი "საშობაო არდადეგების" დროს ამიტაბჰის გვერდით კურორტზე იმყოფებოდნენ: შაჰრუჰ კჰანი, მალიკა შერავათი, სალმან კჰანი, და მალაიქა არორა, რომლებიც თანადგომას უცხადებდნენ კოლეგას და მის გამხნევებას ცდილობდნენ.
თაყვანისმცემლების ლოცვამ, ოჯახის მიერ გამოჩენილმა ნებისყოფამ და მეგობრების დახმარებამ თავისი შედეგი გამოიღო. ახალი ნაციის რჩეულის სიცოცხლეს, ვისაც ინდოელები ღვთაების სიმაღლეზე აყენებდნენ, საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ჯერ კიდევ დასასვენებლად მყოფმა ამიტაბჰმა რამდენიმე გადასაღებ კონტრაქტს მოაწერა ხელი: გაქექილი პროდიუსერები, როგორც ყოველთვის დროულად დაფაცურდნენ; გამქირავებლებს, ვისაც ბაჩანის მონაწილეობით ახალი ფილმების ეკრანებზე გაშვება შეჩერებული ჰქონდათ, ამოქმედების საშუალება მიეცათ და დიდი ხნით ადრე რეკლამირებულმა სურათებმა, როგორც იქნა, დღის სინათლე იხილა. მაყურებლები კი კვლავ დატკბნენ თავიანთი კერპის შეუდარებელი ოსტატობით.
ამ წლის შვიდი რელიზიდან (ფილმ Ganga" - ს ჩათვლით ბჰოდჯპურის ენაზე) განსაკუთრებით მნიშვნელოვან და დაღვინებულ ნამუშევარს ფილმი "ოჯახი" წარმოადგენს, რომელიც თვალისდახამხამებისთანავე იქცა კლასიკად. გამოცდილი რაჯკუმარ სანტოშის ეს სურათი ძლიერი ადამიანის დრამაზე მოგვითხრობს, შეგნებულად რომ დაადგა დანაშაულებრივ გზას. "ოჯახი" განგსტერული საგების ხაზს აგრძელებს, რომელიც სურათებით: "ეკლები" და "მამის ნაკვალევზე" დაიწყო; ეს ფილმები შეიძლება ერთგვარ ტრილოგიათაც გავაერთიანოთ, თუმცა ოჯახი თავისი დაძაბული და გაცხოველებული ვნებათაღელვით ბავრად აღემატება ზემოთ დასახელებულ ორივე ფილმს. აქ ბაჩანი, ისევე როგორც სანტოშის წინა ნამუშევარში (მოვალეობა უპირველეს ყოვლისა"), დახვეწილი სიზუსტით გვიჩვენებს მედლის მეორე მხარეს, სახელად "ცხოვრება" რომ ჰქვია. საფიქრებელია, რომ "ოჯახის" შემდეგ ბოლივუდის რეჟისორებს დრო დასჭირდებათ, რათა გაბედონ და კვლავ სერიოზულად შეეჭიდონ დანაშაულებრივი კლანების ურთიერთობის თემას. სასტიკი, გამბედავი, ყოველგვარი ზღვარის უარმყოფელი მაფიის ბოსის - ვირენ საჰის როლი კი სამუდამოდ შევა ამიტაბჰ ბაჩანის მსახიობური ნამუშევრების პლატინის ფონდში.
ხოლო იმ მაყურებელს, ვინც სისხლიან თრილერს ყოველთვის ამჯობინებს "რაიმეს სიყვარულზე", ბევრად მოეფონა გულს კარან ჯოჰარის ახალი სურათი "არასოდეს თქვა მშვიდობით/ Kabhi Alvida Naa Kehna", ხალხში მეტწილად "KANK" - ის სახელით რომ არის ცნობილი. სიყვარულის ამ არნახულმა ისტორიამ მთელ მსოფლიოში დაიქუხა და გამქირავებლებს დიდი შემოსავალი მოუტანა არა მარტო ინგლისსა და შეერთებულ შტატებში, არამედ ისეთ ეგზოტიკურ ქვეყნებშიც, როგორიც: სინგაპური, კენია და ფიჯია. საინტერესოა, რომ თვითონ ინდოეთში ყველა მაყურებელი როდი გამოდგა ეგზომ სენტიმენტალური და როცა "Filmfare', ცალკეული ჟანრის საუკეთესო ფილმების გამოვლენის მიზნით, გამოკითხვას ატარებდა, "KANK"-მა ერთ-რთი საპატიო ადგილი ... "საშინელებათა ფილმების" ნომინაციაში დაიკავა! თუმცა, მელოდრამების მილიონობით თაყვანისმცემელი მაინც სხვაგვარად ფიქრობს და მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლის მთელი ყურადღება სურათში შაჰრუჰისა და რანი მუკჰერჯის რთულ ურთიერთობებზე იყო მიჯაჭვული, ამიტაბჰის მიერ ენითაუწერელი დრამატიზმით წარმოთქმული ისტორიული ფრაზა "სიყვარული... და სიკვდილი", სამუდამოდ ჩვენთან დარჩება.

ამგვარადვეა გადაწყვეტილი მსახიობის დღეისათვის ჯერ-ჯერობით უკანასკნელი რავი ჩიპრას ფილმი "მამა /BAABUL", რომელიც მარადიულ ოჯახურ ფასეულობებს ეხება. ყველას, ვისაც კი ცრემლები დაუღვრია "სიყვარულსა და ღალატზე", აქაც იგივე ხვედრი ელის. როგორც ჩოპრას წინა ფილმში, ბაჩანი ამჯერადაც ოჯახის მამას თამაშობს, თავიდან ძალიან უზრუნველყოფილის , მერე კი კრახის პირას მყოფის. ჭაღარაწვერიანი ბიზნესმენი ბალრაჯ კაპური ამიტაბჰს უაღრესად კეთილი გამოუვიდა. საინტერესოა ისიც, რომ სურათის მუსიკალურ ნომრებში კვლავ "დიდი ბის" ხმა ჟღერს.

"ადამიანი-ინდუსტრია" ვიდჰუ ვინოდა ჩოპრას, (რომელმაც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ კვლავ რეჟისურაში დაბრუნება გადაწყვიტა), ახალ ფილმშიც თამაშობს. "მეფის მცველი / Eklavya - The Royal Guard" ამიტაბჰ ბაჩანი უძველესი ციხე-დარბაზის მცველი, წარსულში ჩაძირული სამეფო ოჯახის ხანდაზმული მეურვე, გვირგვინოსანთა მესაიდუმლეა. იდუმალებითმოცულ ისტორიას ძველ ეკლავიუზე რაჯასტანში უამრავი ნამდვილი აქლემის მონაწილეობით იღებდნენ, რამაც ცხოველთა დაცვის საზოგადოების დიდი რისხვა გამოიწვია, მაგრამ მათი პროტესტის მიუხედავად, ფილმი მაინც შედგა.
მაშ ასე, ეკრანებზე ამიტაბჰის მარადიული დაბრუნების შეჩერება შეუძლებელია. მის შრომისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს; დიდი დრამატული როლების პარალელურად, მსახიობი ბევრს მონაწილეობს ეპიზოდებსა და საცეკვაო ნომრებში (როგორც ამასწინანდელ "Jhoom Barbar Jhoom"-ში). უყურადღებოდ არ ტოვებს ის თავის შვილობილ კომპანია "AB Corp" - საც, რომელიც უწინდებურად კომერციის ოკეანის ზედაპირზე ტივტივებს.
და მაინც როგორ ცხოვრობს დღეს ბაჩანების ოჯახი? პრინციპში ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ოჯახი თავისი მწუხარებით და სიხარულით, მარცხითა და გამარჯვებებით. "Kabhi Khushi Gham" - ამაზე უკეთ, ალბათ ვერც იტყვი.
აბჰიშეკისა და აიშვარია რაის ქორწინების შესახებ, რომელიც მოულოდნელი, მაგრამ, ამავდროულად, რაღაცით კანონზომიერიც იყო, ყველას სმენია. მათმა რომანმა "ძვირფასი უმრაოს" რიმეიქის გადაღებებზე იფეთქა და მას შემდეგ ერთმანეთის გარდა სხვა რამეზე ფიქრი აღარ შეეძლოთ. ჯაია თავიდან ფრთხილად შეხვდა მათ ურთიერთობას, მაგრამ აიშმა ნელ-ნელა შეძლო მისი გულის მონადირებაც. ქორწინების ცერემონიამ ვიქრო წრეში, მოკრძალებულად ჩაიარა, რადგან ბაჩანის დედა მძიმედ ავადმყოფობდა და დიდი დროსტარების ხალისი არავის ჰქონდა. ისინი, ვინც მოწვეულ სტუმართა სიაში ვერ მოხვდნენ, მოგვიანებით ლაფში სვრიდნენ ბაჩანსა და მთელ მის ოჯახს. ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისი გახლდათ შაჰრუჰ კჰანი, რომელიც მართალია ქორწილში დაპატიჟებული არ გახლდათ, მაგრამ დიდსულოვნება გამოიჩინა და ახალდაქორწინებულებს გულთბილი მილოცვა გაუგზავნა.
მაშ ასე, საზეიმო ცერემონიამ ყოველგვარი პათოსის გარეშე ჩაიარა, მაგრამ იქ მყოფნი (ჰინდი კინოს ორმოცდაათზე მეტი ვარსკვლავი) მაინც სულითა და გულით ხარობდნენ ახალგაზრდების ბედნიერების გამო. იყო კონცერტიც, ფეირვერკიც და თეთრ ბედაურზე ამხედრებული აბჰიშეკიც. მაგრამ სკანდალის გარეშე არც ამ ღონისძიებას ჩაუვლია: რას იზამ, მძიმე ტვირთია ცნობილ ადამიანად ყოფნა, შეშლილთა გამოხდომებით სიხარული კი მხოლოდ სულელს ან ნაძირალას შეუძლია. ამ ქორწინების გამო აბჰის ერთ-ერთმა გონგადასულმა ფანატმა ასულმა ყველას თვალწინ გადაიხსნა ვენები, მხატვარმა მაკბულ ჰუსეინმა პროვოკაციული ნახატი შექმნა, რითაც აიშისა და სალმან კჰანის ურთიერთობაზე მიანიშნა., პრესა კი შეპყრობილი დერვიშივით ისე მძვინვარებდა, რომ დროის ქრონიკული უკმარისობის მიუხედავად, "დიდ ბის" პრესაში რამდენიმე მკვეთრი განცხადების გაკეთება მოუხდა:
"ვფიქრობ, დადგა დრო, მარტო დავტოვოთ აბჰიშეკი და აიშვარია, რათა მათ ბედნიერებისა და სიმშვიდის ატმოსფეროში დაიწყონ ახალი ცხოვრება. ორი შეყვარებული ადამიანი მშობლების ლოცვა-კურთხევით ქორწინების წმინდა კავშირით შეუღლდა, მოდით გვახსოვდეს ეს და როგორც ფაქტი ისე მივიღოთ. შეწყვიტეთ ჩვენი და მათი დაკითხვა. საკმარისია!"

და როცა ეს წიგნი პრაქტიკულად უკვე დასრულებული იყო, გავრცელდა სამწუხარო ცნობა ამიტაბჰის დედის 93 წლის თეიჯი ბაჩანის გარდაცვალების შესახებ. თეიჯი ინდირა განდის უახლოესი მეგობარი გახლდათ და სწორედ ამის წყალობით მეგობრობდნენ ამიტაბჰი და ინდირას ვაჟი, რაჯივი. არც ის ფაქტია დასავიწყებელი, ეომ სწორედ დედის სახმარებით მიიღო ამიტმა როლი ჰოჯა აბასის "შვიდ ინდოელში".
მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ინდოეთის ეკრანებზე უწინდებურად გამოდის ფილმები ათასწლეულის მსახიობის მონაწილეობით. კრიმინალური სურათი "ორმხრივი სროლა ლოკჰანდვალაში" ხუთი მძარცველისა და სამასი პოლიციელის სასტიკი ორტაბრძოლის რეალურ ფაქტზეა დაფუძნებული, რომელსაც შორეული 1991 წლის მცხუნვარე ზაფხულში ჰქონდა ადგილი. ამ სურათში ამიტაბჰი კვლავ აბჰიშეკთან ერთად თამაშობს და თვლის რომ ეკრანზე წყვილში გამოჩენას ორივესთვის წარმატება მოაქვს. მელოდრამა "Cheeni kum" - ში ამიტ-ჯი ლონდონის ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეულის როლში გვევლინება, რაც თავისთავად ერთობ სასიხარულო ფაქტს წარმოადგენს. აქ ბაჩანი ტაბუსთან ერთად თამაშობს, რომლითაც, როგორც ჩანს, მოხიბლულია: "მასთან მუშაობა ჩემში შთაგონების შეგრძნებას იწვევს. მისი თამაში ყოველთვის სიურპრიზია".

თემით მსგავსი, მაგრამ გასული წლის ბევრად უფრო საკამათო ნამუშევარი გამოდგა რამ გოპალ ვარმას სურათი "არც ისე ადვილია გჯეროდეს სიყვარულის/Nishabd", რომელშიც რეჟისორმა, კრიმინალურ ფილმებზე მუშაობაში ჭიპი რომ აქვს მოჭრილი, ახალ მიმართულებაში სცადა საკუთარი ძალების მოსინჯვა და "ლოლიტას" ბოლივუდური ვარიანტი გადაიღო, რითაც საკმაო ალიაქოთი გამოიწვია, რომელიც თანდათანობით "ფართო საზოგადოებრივ რაზონანსში გადაიზარდა". ზნეობის დამცველი ცერბერები ყალყზე შედგნენ, ინდოეთის ბევრ რეგიონში, თვით ამიტაბჰის მშობლიურ ალაჰაბადშიც კი, აღშფოთებული ხალხი ხევდა და წვავდა აფიშებს, დემონსტრაციებით გამოდიოდა ქუჩაში და ბაჩანის საწინააღმდეგო ბინძურ ლოზუნგებს ისროდა. აი, პარლამენტის წევრის მუკუნდ ტივარის აზრი: "ამ ფილმის მეშვეობით ამიტაბჰ ბაჩანი ახალგაზრდებს შორის დასავლური კულტურის პროპაგანდას ეწევა, რაც ამაზრზენია. ბაჩანი საკუთარი ნებით უნდა წავიდეს კინოინდუსტრიიდან. ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ ფილმის პრაიაგას წმინდა მიწაზე ჩვენებას." ("მე-17 საუკუნემდე ასე ეწოდებოდა ალაჰაბადს".)

მოდით, თავი დავანებოთ ინდოელი პოლიტიკოსების თავდაჯერებულ მტკიცებას იმის თაობაზე, თითქოს ამიტაბჰ ბაჩანი რაიმეს პროპაგანდას ეწეოდეს. ბაჩანი მსახიობი გახლავთ და აქედან გამომდინარე, არაფრის პროპაგანდირება არ შეუძლია, მთელი პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევაში რეჟისორს, მოცემულ მომენტში კი ბ-ნ ვარმას აწვება მხრებზე. აქ გასაოცარი საზოგადოების შეუწყნარებლობის დონეა. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ სურათი "Nishabd" მის ჰინდი ვარიანტში სულაც არ გახლავთ ჰუმბერტისა და ბიწიერი ნიმფეტის ის ეპოპეა, რომელსაც ნაბოკოვი წერდა, მის ეკრანიზებას კი კუბრიკი და ედრიან ლეინი ცდილობდნენ. აქ უფრო უპრიანი იქნებოდა ანალოგი ნახევრადმივიწყებულ ანგლო-ამერიკულ ფილმ "ლოლასთან" გაგვევლო ჩარლზ ბრონსონის მონაწილეობით. ყველას გვახსოვს, რომ ნაბოკოვის რომანი, თავიდან საგამომცემლო სამყაროში სენსაცია რომ მოახდინა, საკმაოდ მოსაწყენი და პრეტენზიული საკითხავი გამოდგა. რამ გოპალ ვარმა და მისი საყვარელი არტისტი კი რადიკალურად ცვლიან ყველა აქცენტს. მათი ფილმი სხვადასხვა ასაკის ადამიანების პლატონური სიყვარულის სევდიანი ისტორიაა, რომელიც ამიტაბჰმა ისე ითამაშა, რომ სულით ხორცამდე შეძრა თვით აბჰიშეკიც. "აქ მამამ უკეთ ითამაშა, ვიდრე "Black" - ში, - გამოტყდა ის. თავად ამიტ-ჯი კი სიტუაციას უბრალო კომენტარს უკეთებს: "ვცდილობდით, ანბანური ჭეშმარიტება კი არ გვექადაგა, ისტორია მოგვეთხრო, რომელიც შეიძლებოდა საზოგადოებაში მომხდარიყო. ან უკვე მოხდა".
ასეთია ჩვენი გმირის მიღწევები დღეისათვის. როცა ეს წიგნი სამზეოზე გამოვა, ინდოელები ალბათ უკვე დატკბებიან ამიტაბჰის თამაშით მის ახალ სურათებში: "Bhootneth", "Shantaram", " Zamanaat", " Teen Patti"... ასევე ფილმ "ალადინში", სადაც მსახიობი არაბ ჯინს ასახიერებს. ბრძენი და შორსმჭვრეტელი ბაჩანი არც ელიტურ პროექტებზე ამბობს უარს და დამოუკიდებელი კინოს მეტრის რიტუპარნო გოშას ინგლისურენოვან ფილმში იღებს მონაწილეობას. ხოლო ვისაც სურს, თავისი საყვარელი მსახიობი უწინდებურად ახალგაზრდა და ლამაზი იხილოს შუძლია კინოკომპანია "ამირის" მიერ გამოშვებული გასული წლების იმ ფილმების დისკები და ვიდეოკასეტები შეიძინოს, რომლებსაც ჩვენი მაყურებელი მანამდე ყურმოკვით იცნობდა.
მაგალითად, ძლიერი კინოშთაბეჭდილება შეიძლება გამოდდგეს "მარტოხელა / Akalya" (1991), რომელიც დონ სიგელის სახელგანთქმული "ბინძური გარის" ჰინდი ვერსიას წარმოადგენს. ყველას გვახსოვს, რომ "მარტოხელას" ჩავარდნა დიდი კინოდან ამიტაბჰის წასვლის ერთ-ერთ მიზეზად იქცა. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან საგაზეთო წერილების სათაურებს - "ბაჩანმა საბოლოოდ ამოწურა მსახიობური ოსტატობა თავისი მოსაწყენი სუპერმენის სახეში", ნებისმიერი, ნაკლებ ყურადღeბიანი და საკუთარი თავისადმი მომთხოვნი, მსახიობის გამოყვანა შეუძლია წყობიდან. დღევანდელი გადასახედიდან კი "მარტოხელა" მნიშვნელოვანი, საჭირო, პირდაპირი მოქმედებისკენ მომწოდებელი ფილმია.
"ბინძური გარი" ბევრს უნახავს და მისი ფაბულაც კარგადაა ცნობილი. მაგრამ სიგელის სურათის მიმინოსებური პათოსი, რომელიც ლიბერალების, პაციფისტებისა და ჰიპების წინააღმდეგაა მიმართული, "მარტოხელაში" ხსენებაშიც არ არის. გარდა ამისა, ჰოლივუდის ფილმების ჰინდი რიმეიქები, რომლებიც მეტრაჟით ბევრად აჭარბებს ხოლმე პირველწყაროს, გმირის ფსიქოლოგიის, მისი წარსულის, საქციელის მიზეზების დაწვრილებითი კვლევით გამოირჩევა (საკმარისია შვადაროთ "ცოფიანი ქოფაკები" და "ეკლები"). კლინტ ისტვუდის გმირს სიგელის ფილმში წინაისტორია არ გააჩნია: ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, როგორ და რით ცხოვრობდა ის, ვიდრე პოლიციის სამკერდე ნიშნიან მკვლელად გადაიქცეოდა.
ბაჩანის გმირი, ვიჯაი ვარმა, რომელიც უკიდურესობამდე მიდის სიყვარულსა და სიძულვილში, ერთგულებასა და შურისძიებაში (ან კი სხვაგვარად როგორ იქნება?) - ის ადამიანია, ყველა რომ დაკარგა, ვინც უყვარდა. ჩვენ მისი ბედნიერების, სასოწარკვეთის თანაზიარი ვხდებით და ვხვდებით, რომ არსებობსზღვარი, როცა წესიერ ადამიანს უწევს მცნების დარღვევა "არა კაც ჰკლა". აქ რამეშ სიპი საკუთარი შეხედულებისამებრ ცდილობს იმის აღდგენას, რისი უფლებაც თავის დროზე ცენზურამ ფილმ "Sholay"-ში არ მისცა. შეგახსენებთ, რომ 1991 წელს ინდოეთის ეკრანებზე ძალადობის ჩვენება ჯერ კიდევ გარკვეულწილად ტაბუდადებული იყო და ყველა ეპიზოდს როდი შეეძლო საზოგადოების აღფრთოვანება. ვიჯაის შურისძიებაც ნაძირალა ბრაგანზაზე, რომელიც პოლიციის ძალების სრული თანხმობით ხდება, სრულიად თავისუფლად შიძლება საუკეთესო ინდური ფილმის შემქმნელების ღირსეულ პასუხად ჩაითვალოს მათთვის, ვინც ოდესღაც ჩეხავდა და ამახინჯებდა მათ შედევრებს და სიკეთის ბოროტებაზე საბოლოო გამარჯვების ჩვენების საშუალებას არ იძლეოდა.
რამეშ სიპიზე საუბრისას, არ შეიძლება მაყურებელს არ ვურჩიოთ ფილმ "ძლიერი მეგობრობის / Yarana" (1981) ნახვა. ამ უიშვიათეს სურათში "შურისძიება და კანონის" შექმნისდროინდელ ამიტაბჰისა და ამჯად კჰანის საუკეთესო დუეტს ვხვდებით, თუმცა მათ შორის ძალთა გადანაწილება სრულიად სხვაგვარია. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ აქ კიშანი და ბჰიშანი (შესაბამისად ბაჩანი და კჰანი) - საუკეთესო მეგობრები არიან და ბავშვობისდროინდელი სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე დააქვთ. იმ ხანებში მთელ ინდოეთში ღატაკი, მშიერი ხალხი გუნდ-გუნდად აწყდებოდა კინოთეატრებს, რათა წარმოუდგენელი რამ - "გაბარისა და ჯაის" მეგობრობა ენახათ. გარდა ამისა ბაჩანი აქ იშვიათი სილაღით, რომ იტყვიან, "ნაპერწკლით" თამაშობს. სასაცილო სიტუაციებში ის ძალდაუტანებელი და გახსნილია, სოფლელი ჭაბუკის მისეული სახე, რაღაცით წააგავს მისსავე როლს სურათში "ერთგული მსახური". როცა გმირს საკუთარი თავის დაცვა სჭირდება, მძვინვარე და მამაცია. და კიდევ დამატებით დეტალებსაც გავიხსენებთ ფანებისათვის - ამ ფილმში ამიტაბჰს დელტაპლანერისტის, საგიჟეთის ტუსაღის, საესტრადო ორკესტრის მედოლის როლში ვხედავთ; და ეს ყოველივე ერთ სურათშია თავმოყრილი. პოპულარულ მომღრლად ქცევის ისტორიამ, სხვა დანარჩენთან ერთად, ხელი შეუწყო დისკობოევიკების ახალი ტალღის შექმნას მითჰუნ ჩაკრაბორტის მონაწილეობით და ამ ორს შორის ვინ უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა პოპ-ვარსკვლავის როლში, დაე ეს უკვე ამ ვარსკვლავების მუდამ ერთმანეთის მოქიშპე თაყვანისმცემლებმა გადაწყვიტონ.
და ბოლოს, "უცნობი ზარი /Benaam" (1974), მთლად ადრეული ნამუშევარი მსახიობისა, რომელსაც ჯერ არ უგემია "კედლის", "ამარ, აკბარ, ანტონის", "ბედის განმგებლის" გამაოგნებელი წარმატება... იმ ხანებში ამიტაბჰი დიდი სიამოვნებით მონაწილეობდა დეტექტივებში (გავიხსენოთ თუნდაც "იძულებითი ვითარებანი"). "უცნობის ზარიც" ერთ-ერთი ამგვარი სურათია რომელიც ერთმანეთში აერთიანებს საიდუმლოსა და მელოდრამას. აქ ბაჩანი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მისი პლასტიკის ფოლადისებური სიფაქიზე, გამჭოლი მზერა და შემართული იერი, მიგვანიშნებს რომ მომავალში ეს ჭაბული ინდოეთის უდიდესი მსახიობი გახდება. ჯერჯერობით კი ცხადია, რომ ამიტაბჰი ჩქარობს თავისი ყოველი ახალი ნამუშევრით ტკბობას იმ სფეროში, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვს ათვისებული. აქ სულაც არ არის საქმე სურათის სიუჟეტში ან ეშმაკურად დაგებულ ინტრიგაში. უბრალოდ ადამიანის ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის და ყველა გზა ყვავილებითაა მოფენილი.
"საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ადგილი ინდოეთში, სადაც არ იციან ვინ არის ამიტაბჰ ბაჩანი", - "დიდი ბის" კოლეგისა და მეზობლის დენი დენზონგპას ამ ფრთიანმა გამონათქვამმა მთელი მსოფლიო შემოიარა და ბოლივუდის ფილმების მოყვარულები ყველგან - პრესის ფურცლებზე, ფორუმებზე, თვითმფრინავებში, ავტობუსებში, მატარებლებში განიხილავდნენ მას. ერთმანეტზე ჯვარედინდება დაშნები, იმსხვრევა შუბები და იცვლება აზრები, მაგრამ ბაჩანის ყოველი ახალი როლი სულ უფრო და უფრო გვიცხოველებს იმ აზრს, რომ არ არსებობს ასეთი ადგილი ინდოეთში.
როცა ერთხელ ამიტაბჰ ბაჩანს ჰკითხეს, თითონ რას ისურვებდა საცუქრად დაბადების დღეზე, უპასუხა: მხოლოდ იმას, რისი ყიდვაც ფულით არ შეიძლება. ჯანმრთელობას საკუთარი თავის, ჩემო იჯახისა და ფანატებისთვის, რომლებიც ყველა საქმიან და შემოქმედებით წამოწყებაში მიჭრენ მხარს. ბევრი წინადადება მაქვს მიღებული და მუშაობის ტემპის დაგდებას არ ვაპირებ."
მაშ, ვუსურვოთ ათასწლეულების მსახიობს ხანგრძლივი სიცოცხლე და კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო, არაერთმნიშვნელოვანი, მოულოდნელი და დაუვიწყარი როლი. მისი ფილმების გარეშე ხომ ჩვენთვის ეგზომ საყვარელი ინდური კინო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა.

დანართი.
ამიტაბჰ ბაჩანი: დეტალები

"filmfare"- ში ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ინტერვიუს მიხედვით, ამიტაბჰ ბაჩანის დღის განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება: ძირითად დროს, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე გადაღებებზე ატარებს; საღამოს 9 - დან 10 საათამდე - რეკლამის გადაღებაზე. თუ გადაღებული მასალის დუბლიაჟში მონაწილეობაა საჭირო, მაშინ მსახიობს დილის 7 საათზე უწევს ადგომა; ყოველდღე გარკვეულ დროს უთმობს ტანვარჯიშსა და ფიზკულტურას, ესწრება საზოგადოებრივ და კულტურულ ღონისძიებებს. "დღე-ღამეში 24 საათია, ასე რომ ყველაფერს ვასწრებ", - აცხადებს ბაჩანი.
ამიტაბჰ ბაჩანი, ვისაც პოეტური ნიჭი მამისგან მემკვიდრეობით დაჰყვა, თავისუფალ დროს თვითონაც წერს ლექსებს.
თავისი მრავალრიცხოვანი პერსონაჟებისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში მსახიობი მტკიცე ვეგეტარიანელია.
ამიტაბჰ ბაჩანი პირველი ინდოელი მსახიობი გახლავთ, ვისი ცვილის ფიგურაც ლონდონის მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში გამოდგეს და მხოლოდ ამ ცოტა ხნის წინ შეუერთდა"დიდი ბის" აიშვარია რაი.

პარადოქსია, მაგრამ "მეორე უძველესი პროფესიის" წარმომადგენლებთან რთული ურთიერთობის მიუხედავად, ამიტაბჰი ირწმუნება, რომ ცხოვრებაში არასოდეს გასჩენია თავხედი რეპორტიორის გალახვის ან მომაბეზრებელი ჟურნალისტი ქალის აივნიდან გადაგდების სურვილი. "არც პირველი სართულიდან?" - დაზუსტებას მოითხოვენ მავანნი. "დიდი ბის" პასუხად მხოლოდ ეცინება.
სენსაცია! ამიტაბჰის ეკრანზე ხილვა კვლავ შეიძლება ჰემა მალინისთან ერთად! ის აბსოლუტურად უანგაროდ დათანხმდა კინოში მუშაობას და ამით პატივი დასდო ძველ მეგობარს, დიპაკ სავანტს, რომელსაც 1972 წლიდან იცნობს. დიპაკი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ბატონი ბაჩანის გრიმიორი გახლდათ. მათ ახალ პროექტს სახელად უბრალოდ "Ganga" ჰქვია და სოფლელი ქალიშვილის დრამატულ ბედზე მოგვითხრობს, რომელიც თავის ღირსებას იცავს.
ინდური ეკრანის ოსტატთა ახალ ნამუშევრებს შორის ამიტაბჰს მოსწონს დევიდ დჰავანის, რაჯკუმარ სანტოშის, რამ გოპალ ვარმასა და სანჯაი ლილა ბჰანსალის მიერ დადგმული ფილმები, უყურადღებოდ არ დაუტოვებია მას არც თამილელი რეჟისორის მანი რატმანის არცერთი ნამუშევარი.
"საჩვენებელი დღესასწაულების წინააღმდეგი ვარ. ჩემი აზრით ფულის უაზრო ფლანგვაა. მეეჭვება, მსგავსი თუნდაც ერთი მაგალითი იპოვოთ ჩემს ცხოვრებაში", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ბაცანმა თავისი 60 წლის იუბილის გარშემო ატეხილ ისტერიას. მაგრამ როგორც ჩანს, მისი ოჯახის ყველა წევრი როდი იზიარებს ამ აზრს. "ჩემთან არც მოწვეული სტუმრების სია შეუთანხმებიათ და არც საზეიმო სუფრა. აბა, რა უნდა გავაწყო, როცა ჩემს ოჯახს ამდენი მეგობარი ჰყავს?" - ჩივის მსახიობი.
ის თუ იცით, რომ ამიტაბჰ ბაჩანი ძველებურ საათებს აგროვებს და ალა პუგაჩოვამ "დიდ ბის", დაბადების დღის აღსანიშნავად, საჩუქრად უნიკალური ანტიკვარული საათი და თავისი საუკეთესო კლიპების ნაკრები გაუგზავნა.
ამიტაბჰ ბაჩანი სერიოზულად აპირებს "ფენტეზის" ჟანრში მუშაობას. ამაში, პრინციპში, რაიმე განსაკუთრებულად ახალი არაფერია - გაიხსენეთ დაუვიწყარი "შავი უფლისწული აჯუბა"! დღეს კი მსახიობის ყურადრბა "ბეჭდების მბრძანებლის" ჰინდი ვარიანტის გადაღებებისკენ არის მიმართული. ფილმს ჯერ სახელწოდება არ აქვს, მაგრამ ცნობილია, რომ პროდიუსერი თვით ვიდჰუ ვინოდ ჩოპრა იქნება. ასეთი პროექტებიდან რიგით მეორე "ალადინია", რომელშიც ამიტ-ჯი ძლევამოსილ იფრითს თამაშობს. აბჰიშეკი კი მთლიანად ადამიანი - ობობას როლითაა დაკავებული გოლდი ბეჰლას ფილმში "Drona", რომელზე მუშაობაც ცხოველთა დაცვის საზოგადოების პროტესტის გამო, საგრძნობლად გაჭიანურდა. ამბობენ, რომ "AB Corp" -მა ამ პროექტში საკმაოდ დიდი ფული ჩადო, რათა სპეცეფექტების დონის სრულყოფისთვის მიეღწია, მაგრამ თავად ამიტაბჰი ამ ხმებს უარყოფს.
1971 წელს ბანგლადორში თავისი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ფილმის "ბომბეიდან გოაში / Bombay to Goa" გადაღებების დროს ჭაბუკი ამიტაბჰი კანფეტებს და ტკბილეულს ურიგებდა ბავშვებს. ერთ-ერთი პატარა, ვინც სამუდამოდ დაიმახსოვრა ეს წუთები, შაჰრუჰ კჰანი გახლდათ, რომელსაც ეს ღირსშესანიშნავი დღე მარტო გემრიელი კანფეტების გამო არ ჩარჩენია გულში.
შაჰრუჰ კჰანის ადრეული ფილმთაგან ამიტ-ჯი იმ სურათებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებშიც მსახიობი უარყოფით გმირებს ასახიერებს: "ცხოვრება შიშის ქვეშ / Daar" (1994) და "სიკვდილთან თამაში/Baazigar" (1993). თავად შაჰრუჰმა კი, როცა ბაჩანთან საუბრის დროს კინოში მისი დიალოგების თაობაზე ქათინაური მოისმინა, შესძახა: "მორჩა! თქვენი სიტყვა საბოლოოა! სხვისი აზრი აღარ მაინტერესებს!"
ამის მიუხედავად ვერც თითონ შაჰრუჰმა, ვერც რეჟისორმა ფარჰან აქტარმა (ლეგენდარული სცენარისტისა და პოეტის ჯავედის ვაჟი) დღემდე ვერ მოიცალეს, რათა ამიტაბჰთან ერთად განეხილათ მსახიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევრის "მაფიის მეთაურის / Don" (1978) განმეორებითი ეკრანიზაცია. ბაჩანი ცდილობს, თავის ინტერვიუებში არ შეეხოს ამ სამწუხარო თემას და ჟურნალისტებს ერთადერთი სიტყვა "No"! - თი იშორებს თავიდან, თუმცა ერთხელ მაინც წამოსცდა, რომ ფილმი არ მოეწონა.
"ცხოვრების მიზნის /Lakshya" (2004) გადაღბებზე, ამიტაბჰმა, რომელიც ლადაკჰის გაუხშოებული ჰაერის გამო სუნთქვასთან დაკავშირებულ გარკვეულ სიძნელეებს განიცდიდა, მონოლოგის დასრულებისთანავე თავად გასცა ბრძანება "გადაღებულია!" რის გამოც ფარჰან აქტარის საყვედური დაიმსახურა, - ეს წმიდათა-წმიდა სიტყვა გადასაღებ მოედანზე მხოლოდ რეჟისორმა უნდა წარმოსთქვასო. "ჭაბუკო, მე ათწლეულების მანძილზე წარმოვთქვამდი მამაშენის რეპლიკებს", - უპასუხა ამიტაბჰმა ფარჰანს და იქაურობა მიატოვა.
მამის ლოცვა-კურთხევით, ამიტაბჰის ქალიშვილმა, შვეტამ საკუთარი ტელე-შოუ წამოიწყო, რომელშიც მთელი თორმეტი სერიის განმავლობაში მაყურებლის წინაშე სხვადასხვა პროფესიის მქონე ორმოცი წლის მამაკაცები: მოდელიერები, მწერლები, სპორტსმენები გამოვლენ და ცხოვრების აზრსა და მიზნებზე ისაუბრებენ. "დარწმუნებული ვარ, ჩემს კარიერას მამისას არ შეადარებენ," - ამბობს შვეტა და ალბათ ასეც იქნება.
გასულ წელს ამიტაბჰ ბაჩანის ავტოპარკს, რომელიც თერთმეტი მანქანისგან შედგება, ახალთახალი ჯიპი "Lexus" -ი შეემატა, რომელიც მსახიობს ერთ-ერთმა იმ ფირმამ აჩუქა, ვის პროდუქციასაც ის ტელევიზიით უკეთებს რეკლამას.
ამასწინანდელი ოპერაციის შემდგომი გამოჯანმრთელება (საავადმტოფოს ხარჯების გარდა) "დიდ ბის" გვარიანი თანხა დაუჯდა. გამოკეთებული მსახიობი ღვთაება ვენკატეშვარას ტაძარში გაეშურა, რომელიც ჰაიდარაბადიდან 560 კმ-ის დაშორებით ანდრა-პრადეშში მდებარეობს და სახელად ტირუპატუ ეწოდება. ეს ტაძარი მთელ ინდოეთში განუზომელი პოპულარობით სარგებლობს და არ ყოფილა ისეთი წელი, მის კედლებში, სულ ცოტა 50 000 მორწმუნეს არ მოეყარა თავი. როცა ამიტაბჰმა ვენკატეშვარას ქურუმებს ჰკითხა, რისი შეწირვა შეეძლო ღმერთისთვის მადლიერების ნიშნად, მათ უპასუხეს, ერთი მილიონი რუპიის ღირებულების ოქროს და ბრილიანტის სამკაულებისო.
ბაჩანი, რომელიც თავადაც გამუდმებით უქევს რეკლამას ათასგვარ პროდუქციას, სახელგანთქმული ადამიანების მონაწილეობით იმ სარეკლამო რგოლებს ანიჭებს უპირატესობას, რომელშიც აჯაი დევგანი და კაჯოლი არიან დაკავებულები. "მომწონს მათი დუეტი, ასევე კომპანია "პეპსის" ადრეული კლიპები შაჰრუჰ კჰანის მონაწილეობით", - განმარტავს მსახიობი.
ჰოლივუდის ფერადკანიანი ვარსკვლავი უილ სმიტი, ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ გამოტყდა, რომ გიჟდება ბოლივუდის ფილმებზე. "მე ვესაუბრე პროდიუსერებს, რეჟუისორებს, მსახიობებს და მივხვდი, რომ მთავარი განსხვავება ამერიკულ და ინდურ კინოს შორის იმაში მდგომარეობს, რომ ამ უკანასკნელში მეტი ემოციები და ფერებია", - ამბობს სმიტი, რომელზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა დრამამ "მამის ნაკვალევზე / Sarkar" და ამიტაბჰ ბაჩანის თამაშმა ამ სურათში. "მსურს, ამიერიდან " Big W" -ს მიწოდებდნენ", - განაცხადა უილ სმიტმა, თუმცა ბაჩანს, სალმანისა და შაჰრუჰ კჰანისგან განსხვავებით, ის სტუმრად არ მიუწვევია.
მსოფლიო კულტურის განვითარებაში გაწეული ღვაწლისათვის საფრანგეთის ხელისუფლებამ ამ ცოტა ხნის წინ მსახიობი საპატიო ლეგიონერის ორდენით დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონია ნიუ-დელიში საფრანგეთის საელჩოში გაიმართა, რომელსაც "დიდი ბის" მთელი ოჯახი დაესწრო აიშვარია რაი-ბაჩანის ჩათვლით. შეგახსენებთ რომ მანამდე ასეთი პატივი წილად ხვდათ ინდოეთის სახელოვან შვილებს, სიტარაზე დაკვრის ოსტატს რავი შანკარსა და კინემატოგრაფის კლასიკოსს სათიაჯიტ რეის.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails