ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 30 ноября 2009 г.

რაჯუ ჰირანის "3 იდიოტი"

კიდევ ერთი მომავალი პრემიერის მიმართ არის დიდი ინტერესი. ესაა რაჯუ ჰირანის "3 იდიოტი", რომელშიც ამირ ქჰანი, კარინა კაპური, მადჰავანი, შარმან ჯოში და ბომან ირანი თამაშობენ.
სიმღერა ფილმიდან "zoobi doobi" მაშინვე იქცა ჰიტად.
ეს სიმღერა ერთადერთი რომანტიული სიმღერაა ფილმში, რომელსაც სონუ ნიგამი და შრეია გოშლი ასრულებენ. კომპოზიტორი შანტანუ მოიტრა.
ორი მსახიობის წვიმის ქვეშ ცეკვა მოგვაგონებს რაჯ კაპურისა და ნარგისის ერთ-ერთ სიმღერას ფილმიდან "ავარა".
აღსანიშნავია ისიც რომ ამირ ქჰანმა, იმისათვის რომ ფილმში ახალგაზრდად გამოიყურებოდეს 6 თვის მანძილზე სიგარეტის მოწევას დაანება თავი.
დაველოდოთ ფილმს და ვნახოთ რამდენად გაამართლებს მოლოდინს. თუ ამ სიმღერით ვიმსჯელებთ, მე პირადად ძალიან მომეწონა.
იმედია არც ფილმი გაგვიცრუებს იმედებს.

სიმღერის კლიპი


კადრები ფილმიდან: "3 იდიოტი"

ჰარივანშ რაი ბაჩანის 102 წლის იუბილე

ამიტაბჰ ბაჩანი ოჯახთან ერთად მამის, პოეტ ჰარივანშ რაი ბაჩანის დაბადებიდან 102 წლისთავისადმი მიძღვნილ შეკრებაზე

იშა კოპიკარი და ტიმი ჰარანგი დაქორწინდნენ

საქორწინო ფოტოები


"სიყვარული დღეს და გუშინ", - მორიგი პრემიერა კ/თ საქართველოში

მიუხედავად იმისა რომ იყო მცირეოდენი შეფერხებები, ინდური კინოს თბილისელმა მოყვარულებმა იციან რომ კ/თ საქართველოში ინდური ფილმების პრემიერები გრძელდება.
დიდ ეკრანზე ინდური ფილმების ჩვენება 11 ოქტომბერს დაიწყო კინოთეატრში. ამის შესახებ ამ ბლოგზე უკვე დავწერე, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ მინდა მივუბრუნდე ამ თემას.
კიდევ ერთი ახალი ფილმის პრემიერა შედგა დღეს კინოთეატრში. ეს არის ფილმი: "სიყვარული დღეს და გუშინ". ფილმში მთავარ როლებს საიფ-ალი ქჰანი და დიპიკა პადუკონე თამაშობენ. ეს არის ორი სიყვარულის ისტორია, რომელიც სხვადასხვა დროში ხდება და ფილმში პარალელურად ვითარდება.
მიუხედავად იმისა რომ მაყურებელი სრულიად სხვა ფილმს ელოდა, (ეს იყო ფილმი გული გეუბნება - ითამაშე", რანი მუქერჯისა და შაჰიდ კაპურის მონაწილეობით) გულგრილი ნამდვილად არავინ დარჩენილა. შეიძლება ითქვას რომ მცირედი პაუზის შემდეგ იმდენად დიდი იყო სიხარული ისევ შეკრებისა, რომ კონკრეტულად ამათუიმ ფილმს მნიშვნელობა აღარც ჰქონდა. თუმცა კინოთეატრმა თავის მხრივ მორიგი სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა მაყურებელს. მათ ვისაც ბილეთები შეძენილი ჰქონდათ ფილმისათვის "გული გეუბნება - ითამაშე", 13 დეკემბერს იგივე ბილეთით კვლავ შეეძლებათ მოვიდნენ კინოთეატრში და ნახონ ამჯერად უკვე ეს ფილმი.
ასე რომ ნამდვილად კმაყოფილი დარჩა მაყურებელი. ერთი ბილეთით ორი ფილმის ნახვა კინოთეატრში ეს სასიამოვნო სიურპრიზია, თუმცა ჩვენს მაყურებელს რომელთა დიდი ნაწილი განებივრებული იყო მსგავსი სიურპრიზებით კინოთეატრ "ახმეტელში" ალბათ ეს აღარ უკვირს.
დღეს კინოთეატრის ერთგულ მაყურებელს კიდევ ერთხელ დაუფასდა ერთგულება.
რაც შეეხება ფილმს "გული გეუბნება - ითამაშე", დიდი ხანია მოუთმენლად ელიან ინდური კინოს მოყვარულები. ამ ფილმის შესახებ ამ ბლოგზეც დავწერე და პირადი მიმოწერითაც ვიცი რამდენად დიდია ინტერესი მის მიმართ.
მაშ, მოდით ვიაქტიუროთ. მოვიძიოთ ნაცნობ-მეგობრებში თანამოაზრეები, გავაგებინოთ მათ კინოთეატრის სეანსების შესახებ და ერთად დავესწროთ პრემიერებს.
ცხადია ინტერნეტში თუ დისკებზე ფილმის ნახვა ვერ შეედრება დიდ ეკრანზე, თანამოაზრეების გარემოცვაში ფილმის ნახვით მიღებულ სიამოვნებას.
კინოსეანსებზე ბილეთები ყოველთვის წინასწარ იყიდება მაღაზია "პლანეტა ბოლივუდ"-ში, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. წამებულის 46 ბ, მ 300 არაგველის გვერდით.
ტ 309 022


კადრები ფილმიდან: "სიყვარული დღეს და გუშინ"

суббота, 28 ноября 2009 г.

პრაკაშ მეჰრა

უნიკალური კინემატოგრაფისტი, რეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც გვაჩუქა დაუვიწყარი ფილმები ამიტაბჰ ბაჩანის მონაწილეობით.
1973 წელს როცა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი: "დაგვიანებული შურისძიება", ჰინდი ფილმების კურსი საბოლოოდ შეიცვალა. ბევრი დაიწერა იმის შესახებ თუ რა რევოლუცია მოახდინა ამ ფილმის გამოსვლამ ინდურ კინემატოგრაფში. "განრისხებული ახალგაზრდა კაცი" - ბაჩანის გმირი ამ ფილმში, ეს იყო ახალი ტიპის გმირი ინდური კინოს ისტორიაში. პრაკაშ მეჰრამ პრაქტიკულად შექმნა ამიტაბჰ ბაჩანის გმირების სერია ისე რომ არ განმეორებულა და არ შეუქმნია ანალოგი ერთხელ უკვე სწორად მიგნებული სახისა.
ფილმი: "Hera Pheri" გვიჩვენებს ამიტაბჰ ბაჩანის ნიჭის ტრაგიკომედიურ მხარეს. "ბედის გამგებელი" - სასიყვარულო დრამაა და საინტერესოა რომ 70-ან 80-ან წლებში ვერავინ გაბედავდა შეეთავაზებინა ბაჩანისათვის უიღბლო შეყვარებულის როლი. ფილმში, "ერთგული მსახური", მსახიობი წარმოგვიდგენს მიამიტ სოფლელ პერსონაჟს. ფილმში, "ობოლი" მან შეასრულა მუსიკალური ნომერი ქალის სამოსით, ფილმში, "ლოთი" ის გარდაისახა ალკოჰოლიკ პოეტად.
ყველა ეს ფილმი არა მარტო კლასიკის ნიმუშებია, არამედ გაქირავების ჰიტებადაც იქცა.
"მეჰრა-ბაჩანი" ეს წარმატების სიმბოლო იყო და ამდიდრებდა ჰინდი კინოს შედევრებით. ასე გრძელდებოდა ფილმამდე "ჯადოქარი", რომლის ჩავარდნამაც ძლიერად დააზარალა პრაკაშ მეჰრას კინოკომპანია. თუმცა ეს არ იყო პრაკაშის შეცდომა, რომელსაც ზომიერების გრძნობა არასოდეს ღალატობდა. უბრალოდ ხალხი იმ მომენტისათვის უკვე დაიღალა ბაჩანის ყურებით.
აი, პრაკაში კი განაწყენდა. განაწყენდა ამიტაბჰზეც რომელმაც აღარ მოისურვა უკვე მასთან მუშაობა და განაწყენდა მთელ სამყაროზე, რომელშიც მას უკვე ადგილი აღარ ჰქონდა. საუბედუროდ თანამედორვე კინოინდუსტრია უცხო გახდა მისთვის.
პრაკაშ მეჰრა სვამდა, ავადმყოფობდა, განიცდიდა მეუღლის მძიმე სენს, ეძებდა დასაყრდენ წერტილებს წარსულში და აღარაფერს იღებდა.
2009 წლის 17 მაისს ის გარდაიცვალა შინაგანი ორგანოების მრავალი დაზიანებით. ადამიანი რომელმაც თითონ აირჩია მარტოდმყოფის ბედი, ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი ფილმების. ფილმები კი ადამიანებისაგან განსხვავებით მარადიულად შემორჩება კინოს სამყაროს. პრაკაშ მეჰრა ისტორიაში შევა თუნდაც იმიტომ რომ ის იყო პირველი აღმომჩენი ამიტაბჰ ბაჩანის ტალანტისა. ბაჩანის კარიერამ წარმატების მწვერვალს მიაღწია სწორედ პრაკაშ მეჰრას ფილმების შემდეგ, მაგრამ ახლანდელმა თაობებმა არაფერი იციან ამ ნაყოფიერი პროდიუსერისა და რეჟისორის შემოქმედების შესახებ. მან თავისი ცხოვრების ბოლო ეტაპი გაატარა მარტოობაში ყველასაგან მიტოვებულმა და დავიწყებულმა.
მის ბოლო ინტერვიუში, რომელიც 2006 წლის სექტემბერში მისცა, პრაკაშ მეჰრა გულდაწყვეტილი იხსენებს იმ დროს როცა პრამოდ ჩაკრავარტი, არჯუნ ჰინგორანი, შაქტი სამანტა და თითონ იკრიბებოდნენ ხშირად და საუბრობდნენ წარმატებებსა თუ შეცდომებზე, უზიარებდნენ ერთმანეთს შემოქმედებით გეგმებს.
- ახლა ყველაფერი ეს დაინგრა, შაქტი სადღაც კალკუტაშია, პრამოდი ამერიკაში... ამჟამად ჩვენ დაკარგულები ვართ ერთმანეთისათვის - ამბობს მეჰრა.
- ნუთუ ბ-ნი ბაჩანიც? - ეკითხება კორესპოდენტი
- მას რატომღა უნდა ქონდეს ურთიერთობა ჩემთან? განა გიჟია? მის ადგილას ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი. ოდესღაც მე და ამიტაბჰი ერთმანეთის მიყოლებით ვიღებდით ჰიტებს, მაგრამ ახლა? მას უკვე დაავიწყდა თავისი ცხოვრების ეს თავი.
-
მაგრამ რომ არ ყოფილიყო "დაგვიანებული შურისძიება"...
- ეს უკვე სხვა ისტორიაა! და არა მარტო "დაგვიანებული შურისძიება", მთელი რიგი ფილმებისა... ეს უკვე მის სინდისზეა... მას უნდა ახსოვდეს თითოეული ფილმი, რომელსაც ერთად ვაკეთებდით და ნანობდეს იმის გამო რა მოიკლო.
- რა მოხდა მაინც თქვენსა და ამიტაბჰს შორის?
- ამიტაბჰმა მე მიღალატა. გადაიღო მანმოჰან დესაის ფილმში, სადაც ითამაშა ფოკუსნიკის როლი ისეთივე როგორიც ჩემს ფილმში, "ჯადოქარი".
ეს ფილმები პრაქტიკულად ერთდროულად იქმნებოდა მე კი ამ ფილმში დიდი ფული და ძალისხმევა ჩავდე. ფილმი ჩავარდა, თუმცა არავის სიტყვა არ უთქვამს, არ ყოფილა კონფლიქტები და ჩხუბი... ამის შემდეგ კი ამიტაბჰი ამერიკაში წავიდა.
- ამის შემდეგ არ გინახავთ ერთმანეთი?
- ერთხელ. მე დავურეკე მას რადგან მქონდა სცენარი, რომელიც ვთვლიდი რომ მისი შესაფერი იყო. ის გადაღებებიდან მოვიდა ჩემთან, მისმენდა ორი საათის განმავლობაში და შემდეგ მითხრა რომ სიუჟეტი საინტერესოა თუმცა ის არ მიიღებს მონაწილეობას რადგან ძალიან გავს მის ძველ ფილმს. მე მხოლოდ ეს ვუთხარი: "კეთილი, მადლობთ".
ჰინდი კინოში მიმდინარე ცვლილებების შედეგად მანმოჰან დესაიმ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 1994 წელს.
რაჯ სიპიმ და იაშ ჩოპრამ კი მოახერხეს საერთო ენა გამოენახათ თანამედროვე, XXI საუკუნის ბოლივუდთან.
ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად




პრაკაშ მეჰრას დაკრძალვაზე

четверг, 26 ноября 2009 г.

ზინათ ამანი

მსახიობი რომელიც არ ჩამოსულა ეკრანებიდან
70-ან 80-ან წლებში. მსახიობი რომელმაც შექმნა სახე იდეალური, ყველა მამაკაცისათვის სასურველი ქალისა, თუმცა მისი ცხოვრება და მისი სიყვარული ხშირად მკაცრად აისახებოდა პრესაში.
წარმატებული, კარიერაში დიდების მწვერვალზე მყოფი ქალი, რომელმაც ცხოვრება შედარებით წარუმატებელ ადამიანს დაუკავშირა და შედეგად ცხოვრების ამაოდ დაკარგული წლები მიიღო.

გთავაზობთ ინტერვიუს ზინათ ამანთან, რომელსაც წარსულში ასევე ცნობილი მსახიობი, სიმი გარევალი ესაუბრა სპეციალურად თავისი თოქ-შოუსათვის.

- ამჟამად უყურებთ თუ არა თქვენს ძველ ფილმებს?
- ჩემი შვილები ზოგჯერ მეუბნებიან რომ ვნახო ესა თუ ის ფილმი, მეც რათქმაუნდა ზოგჯერ ვუყურებ მათ.
- როცა უყურებთ თქვენს ძველ ნამუშევრებს პოულობთ მსგავსებას მაშინდელსა და ახლანდელ ზინათს შორის?
- მე ვხედავ რომ იქ დარჩა იგივე ზინათი რაც ამჟამადაა, მაგრამ გასული 20 წლის ცხოვრების გამოცდილებამ, განცდილმა, ბევრი რამ შეცვალა.
- 11 წლის განმავლობაში თქვენ გქონდათ წარმატება და განებივრებული იყავით აღფრთოვანებით როგორიც იშვიათად ხვდებათ ხოლმე წილად. თავად როგორ აფასებთ თქვენს კარიერას? მოგწონდათ?
- დიახ, მომწონდა, თუმცა ასეთი აღფრთოვანება აღიქმება როგორც ცხოვრების ნაწილი, როგორც შედეგი იმ შრომისა რომელსაც ეწევი. ვერ აცნობიერებ რომ ეს რაიმე განსაკუთრებულია, სანამ არ დასრულდება ცხოვრების ეს ეტაპი და დიდება არ გაქრება. მხოლოდ მაშინ ხდება ცხადი, რომ ეს მართლაც განსაკუთრებული იყო.
- როგორ უმკლავდებოდით პრესას, რომელიც მუდმივად იჭრებოდა თქვენს ცხოვრებაში?
- ეს ერთ-ერთი რთული მხარეა წარმატებული მსახიობის ცხოვრებისა. ის წლები, როცა გათხოვილი ვიყავი მშვიდად და წყნარად ვცხოვრობდი. ყველაზე მეტად ვტკბებოდი იმით რომ შორს ვიყავი პრესის ხმაურისაგან.
- მთელი თქვენი ცხოვრება, ყველა თქვენი ეგრეთწოდებული რომანი იყო პრესის ყურადღების ცენტრში.
- ვიცი, ზოგჯერ ეს იყო წმინდა წყლის სიცრუე, ისტორიები ჩემს შესახებ გამოგონილი იყო. ეს იყო დიდების ყველაზე რთული მხარე, რომელიც სრულებითაც არ მენატრებოდა იმ წლებში როცა გათხოვილი ვიყავი.
- ბავშვობისას და შემდგომ, როცა გაიზარდეთ, რაზე ოცნებობდით, დიდებაზე, სიმდიდრეზე თუ სიყვარულზე?
- სიყვარულზე, უფრო სიყვარულზე...
- თქვენ გახდით მდიდარი და ცნობილი. მოიპოვეთ სიყვარული?
- ვფიქრობ არა.
- თქვენ იყავით დიდების მწვერვალზე კინოკარიერაში, იყავით სუპერვარსკვლავი და მოულოდნელად მიატოვეთ ყველაფერი და გადაწყვიტეთ გაყოლოდით ცოლად შედარებით წარუმატებელ ადამიანს. ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?
- იმ მომენტში მე მზად ვიყავი დედობისათვის და მაშინ მე გადავწყვიტე გათხოვება. მე ვთვლი რომ ერთადერთი მიზეზი გათხოვებისა არის ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა. მე ვიგრძენი ჩემში ეს მოთხოვნილება მაშინ და ამიტომ მოვიქეცი ასე.
- რამ მოგხიბლათ მაზჰარში? (მაზჰარ ქჰანი ზინათ ამანის მეუღლეა)
- ახლა ძნელია თქმა.
- გეკითხები რადგან ბევრი მამაკაცი იყო შეყვარებული თქვენზე. ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით შესანიშნავი გარეგნობის ადამიანზე, რომელსაც უბრალოდ სიგიჟემდე უყვარდით. ბევრი ქალი თქვენს ადგილას ძლიერად მოეჭიდებოდა ამ შანსს, თუმცა თქვენ არც განიხილეთ ეს ვარიანტი. მაინტერესებს რა იყო ასეთი მაზჰარში, რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც ის?
- არვიცი, ალბათ მიზეზი ის იყო, რომ მაზჰარი საჭირო დროს იყო საჭირო ადგილზე. უნდა ითქვას რომ მას გავყევი ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად. დედა იყო ჩვენი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი. შედეგად მას გულის შეტევა მოუვიდა, რადგან არ შეეძლო მიეღო ჩემი გადაწყვეტილება. მხოლოდ მას შემდეგ რაც შვილები გვეყოლა შეეგუა რეალობას.
- რა მიზეზით გეუბნებოდათ უარს?
- არც გვქონია განხილვა ამ თემის, თუმცა ის მყარად იდგა თავის აზრზე. დავქორწინდით საზღვარგარეთ, თორემ სხვანაირად ჩვენი ქორწინება არ შედგებოდა.
- თქვენმა წარმატებებმა კარიერაში შეგიქმნათ პრობლემები ქორწინებაში?
როცა მამაკაცი დაქორწინებულია წარმატებულ კინოვარსკვლავზე ეს მისთვის ფსიქოლოგიურად რთულია.
- როცა დაქორწინებულები ვიყავით მე არ ვაანალიზებდი ამას, თუმცა როცა გავიდა წლები გავაცნობიერე რომ მან შეგნებულად ჩამომაშორა გარე სამყაროს.
ის ცდილობდა რომ ვმჯდარიყავი სახლში ბავშვებთან, იმის ნაცვლად რომ გავსულიყავით საზოგადოებაში და ის თან მხლებოდა როგორც საყვარელი ადამიანი. მე ვთვლი რომ პარტნიორებმა არ უნდა შეუშალონ ერთმანეთს ხელი გახდნენ ის, რაც უნდათ რომ იყონ. მე მოკლებული ვიყავი ამას. ის არ მაძლევდა საშუალებას გავზრდილიყავი როგორც პიროვნება, გავყოლოდი ჩემს ბედისწერას, გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები.
- ქორწილის შემდეგ თქვენ უბრალოდ გაქრით. როგორი იყო ქორწინების 12 წელი?
- სიმართლეს ვიტყვი, პირველივე წელს მივხვდი, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ რადგან ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, მე წავედი ამაზე შეგნებულად ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამიტომ მე გადავწყვიტე რომ გადამეტანა ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე. ალბათ არც მაზჰარისათვის იყო ეს საუკეთესო პერიოდი. ეს უკიდურესად რთული დრო იყო. მე ფეხმძიმედ ვიყავი პირველ შვილზე, თუმცა მაზჰარი არ იყო ჩემს გვერდით. ის სხვა ქალთან იყო და ეს იწერებოდა მაშინდელ მსხვილ გაზეთებში. ეს რეალობაა, ეს სიმართლეა.
შვილის დაბადებისთანავე მინდოდა მასთან გაყრა და ჩვენ განვიხილავდით კიდეც ამას, თუმცა ჩავთვალე რომ ჩემს შვილს ჰქონდა უფლება გაზრდილიყო სრულყოფილ ოჯახში და არა მხოლოდ დავრჩი მასთან, არამედ ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ გვქონოდა ნორმალური, ჰარმონიული ოჯახი. როცა ბავშვი 5 წლის გახდა გადავწყვიტე კარიერას დავბრუნებოდი, მაგრამ ამ დროს მაზჰარს შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ბრძოლაში 5 წელი გავიდა. ეს იყო 1993-1997 წლები. ეს იყო ყველაზე რთული წლები ჩემს ცხოვრებაში. არც მისთვის და არც იმათთვის ვინც მის ირგვლივ იყო არ იყო ეს ადვილი.
- ყველამ იცის როგორი სასოწარკვეთით იბრძოდით მისი სიცოცხლისათვის.
- ნუთუ ვინმემ იცის? კი, ნამდვილად ვიბრძოდი, მე მივიღე ეს როგორც პირადი გამოწვევა. მე უნდა დავრწმუნებულიყავი რომ გავაკეთე ყველაფერი რაც შემეძლო. ჩვენ წელიწადში 7 თვეს ვატარებდით კურორტებსა და პლაჟებზე. მოვსინჯეთ ბომბეის ყველა კლინიკა, ვისწავლე ნემსის გაკეთება. ის არსებობდა კათეტერებით და მუდმივად მიერთებული იყო სითხის კონტეინერთან 18 თვის განმავლობაში. ვისწავლე კონტეინერის მართვა, მილების შეცვლა, მისი მოვლა. ჩვენ არ გვყავდა მედდა და ყველაფერს მე ვაკეთებდი. მე წავედი საზღვარგარეთ მისი სამედიცინო ბარათით და ჩავიყვანე ისიც. ყველაფერი შესაძლო გაკეთდა და თითქოს პრობლემაც გადაიჭრა. როცა ყველაფერი დასრულდა ეს მკვეთრად აისახა ჩემზე. ცხოვრების 5 წელი და არცერთი იმედის სხივი გვირაბის ბოლოს... მე ვიყავი ნერვული აშლილობის ზღვარზე, იმიტომ რომ მე მარტო ვიბრძოდი. მე არა მაქვს დანაშაულის გრძნობა იმიტომ რომ ცოლების 99 % არ იბრძოლებდა ასე თავგანწირულად და გულწრფელად. ჩემზე იყო დამოკიდებული ქმრის გარდა შვილებიც, სახლიც და დაუმთავრებელი ფილმიც რომელიც იდო თაროზე და ელოდებოდა თავის დროს მრავალი წლის განმავლობაში. მე მასში ჩემი ფული მქონდა ჩადებული.
- ვინ ზრუნავდა თქვენზე ამ წლების განმავლობაში?
- არავინ. ხდება ასეც რომ შენ გასცემ, გასცემ და ისევ გასცემ. შემდეგ კი აღარაფერი გაქვს გასაცემიც იმიტომ რომ რომ შენ ამოწურე შენი თავი და გამოიფიტე. ერთი რაც გინდა დღის ბოლოს რომ ვიღაცამ გკითხოს, როგორ გაატარე დღევანდელი დღე, როგორ ხარ? მაგრამ იმ წლებში მე არ მქონია ასეთი დღეები.
- მაგრამ ხომ იყო სიყვარულის, სითბოს და ზრუნვის მომენტები?
- არვიცი, არ მინდა განვსაჯო ის, ვინც არ არის ჩვენს გვერდით. ჩემთვის ძნელია ამაზე საუბარი იმიტომ რომ მაზჰარი არ არის აქ და ვერ გამოთქვამს თავის აზრს. მე ვიცი მე რას ვგრძნობდი. როცა ვინმე მძიმე სენითაა დაავადებული მასთან უკიდურესად ძნელია ცხოვრება. მისთვის ყველაფერი მეორეხარისხოვანია საკუთარის გარდა. მაზჰარისთვისაც ყველაფერი სულერთი გახდა ამან მიგვიყვანა გაყრამდე. მე გადავწყვიტე თამაშიდან გამოსვლა, თუმცა არა მაშინ როცა მას დაავადების პიკი ჰქონდა. ადამიანმა თითონ უნდა დაეხმაროს თავის თავს და გარშემომყოფებს. ის რასაც აკეთებდა ყველაფერს თავის საზიანოდ აკეთებდა. მე არ შემეძლო დავრჩენილიყავი მის გვერდით და მეცქირა ამისათვის. ის მიეჩვია გამაყუჩებელ აბებს, მსუბუქ ნარკოტიკებს და გადაჭარბებულ დოზებს იღებდა დღეში რამდენიმეჯერ. ექიმები ამბობდნენ რომ ვერ გაუძლებდა მისი თირკმელი, ვეუბნებოდი მეც, ბავშვებიც...
მე ბევრი წელი დამჭირდა მის გამოსაჯანმრთელებლად და როცა მისგან წავედი მაინც განვიცდიდი.
ჩემთვის ძნელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა. მე გავიზარდე არასრულყოფილ ოჯახში, მყავდა დედა. საერთოდ ისე გვზრდიან რომ გვინდა ვიყოთ იდეალური ცოლები, დედები, დავეხმაროთ მეუღლეებს რომ მიაღწიონ წარმატებებს ყველაფერში, რათა მერე ეს ყველაფერი გადავიდეს შვილებზე და ა.შ. თუმცა ეს სქემა არ მუშაობს. ეს მითია. ჩემი შვილები მოკლებული დარჩნენ ყველაფერს. ყველაფერი, მამის თითოეული რუპია წაართვეს მისმა დამ და დედამ.
არ არსებობს არანაირი წესები ცხოვრებაში, არავინ არ თამაშობს წესების მიხედვით.
- ზინათ, თქვენ არ გიცხოვრიათ თქვენი ცხოვრებით, თქვენ მიუძღვენით ის სხვებს...
- ვიცი.
- იქნებ არ ღირდა ამის გაკეთება?
- ვიცი, თუმცა ახლა მივხვდი. საწყენია რომ შვილები საპირისპიროში დაარწმუნეს. სასჯელად იმისათვის რომ წამოვედი მისგან, ჩემს უფროს შვილს საშინელებები უთხრეს ჩემზე. ისე გააკეთეს რომ ჩემზე საშინელებები ეფიქრა. უნდოდათ წაერთვათ შვილი და ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა ჩემთვის.
- ზინათ ჩვენ შევხვდით მაზჰარის სიკვდილის შემდეგ და თქვენ სრულიად განადგურებული იყავით.
- მე არ ვიყავი მზად მისი სიკვდილისათვის. ყველაზე უარესი კი ის იყო რომ არ მომცეს საშუალება მასთან გამომშვიდობების. ისინი მსჯიდნენ იმისათვის რომ მისგან წავედი. ეს საშინელება იყო. მე მას ცხოვრების ბევრი წელი, ბევრი სიყვარული და ზრუნვა მივეცი. ის ჩემი შვილების მამა იყო. როცა დავრეკე და ვიკითხე, შემეძლო თუ არა მისვლა, მითხრეს: -არა! მათგან იმდენი ბოროტება და ზიზღი მოდიოდა...
- არ მისულხართ?
- კი, მივედი, ჩავთვალე რომ უნდა ვყოფილიყავი იქ.
- ერთმა ბრძენმა თქვა რომ უნდა განიცადო 3-4 -ჯერ როგორ გტკენენ გულს და ეს გხდის უფრო ადამიანურს და გულისხმიერს.
- არავის ვუსურვებდი ასეთი გადაეტანა.
- აღარ გათხოვდებით ისევ?
- არასოდეს. ოჯახს აღარ შევქმნი.
- მაგრამ ხომ ვერ იცხოვრებთ მუდამ მარტოობაში?
- დედაჩემის და მეუღლის სიკვდილის შემდეგ, რომელიც მხოლოდ 42 წლის იყო რა შეიძლება მარადიული ვნახო ამ ცხოვრებაში? არაფერი არ არის მარადიული. შვილებიც კი არ გვეკუთვნის ჩვენ, ერთხელაც გაიზრდებიან, წავლენ ჩვენგან და თავისი ცხოვრება ექნებათ.
მე ვფიქრობ ქალისა და მამაკაცის ცხოვრებაში უფრო მეტი პატივისცემა და სიყვარულია თუ ისინი არ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან შტამპით. როცა ისინი ერთად არიან იმიტომ რომ მათ ეს უნდათ.
ამჟამად მე არა ვარ ჩართული კარიერაში, ვარ შვილებთან, ვეხმარები მათ. ჯერ არ გადამიწყვეტია რა მინდა...
- უკან რომ მოიხედოთ რას შეცვლიდით?
- არის რაღაც რასაც სხვანაირად გავაკეთებდი. დედას დავუჯერებდი. ახლა მეც დედა ვარ და ვიცი უფროსებს მეტი გამოცდილება აქვთ და ყველაფერს რამდენიმე წლის იქეთ ხედავენ.
მეუღლესთან და შვილთან ერთად


30 წელი - ეს უკვე მიჯნაა

კინოკრიტიკოსი საიბალ ჩატერჯი აცხადებს რომ 30 წლის შემდეგ ქალებს აღარაფერი ესაქმებათ ინდურ კინემატოგრაფში. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც კინომცოდნე იური კორჩაგოვმა თარგმნა გაზეთ" "The hindu"-დან.

ეს ნორმალური მოვლენაა კინოინდუსტრიაში, - აცხადებს ჩატერჯი.
30 წლის აიშვარია რაიმ ადგილი დაუთმო კატრინა კაიფს რომელიც დღესდღეობით წამყვან მოდელად გვევლინება საიუვილერო ნაკეთობების რეკლამებში და ასევე "ბარბის" ინდოელი სახეა. კატრინა ასევე არის შამპუნ "პანტინის" სახე, 33 წლის სუშმიტა სენის შემდეგ.
ახალგაზრდა სონამ კაპური აიშვარია რაის ნაცვლად კოსმეტიკური ფირმა "L'oreal"-ის სახეა.
კინოჰორიზონტზე და სარეკლამო ბიზნესში გამოჩნდა ახალგაზრდა მსახიობები, როგორებიცაა სონამ კაპური, დიპიკა პადუკონე, ჯენელია დე სუზა.
ფილმის, "jaane tu ... ya jaane na"-ს წარმატების შემდეგ ჯენელია დე სუზამ შეცვალა პრიტი ზინტა და რანი მუქერჯი შოკოლადის "cadbury perk" და "ფანტის" რეკლამაში.
კინოს სამყაროშიც კარინა კაპურმა ითამაშა კაჯოლის ნაცვლად ფილმში: "three idiots", ხოლო დიპიკა პადუკონემ აიშვარია რაის ნაცვლად ფილმში "singhasan".
ეს ბუნებრივი პროცესია, - ამბობს მუქერჯი, - და ამას ვერ შეაჩერებ, როცა რექჰა და ჰემა მალინი ასაკში შევიდნენ მათ ნაცვლად მოვიდნენ შრიდევი და მადჰური დიქსიტი.
ამჟამად აიშვარია რაი და რანი მუქერჯი ადგილს უთმობენ გაცილებით ახალგაზრდა კატრინა კეეფს და პრიიანკა ჩოპრას. თანდათან უფრო ნაკლებად ჩნდებიან ეკრანებზე ბიპაშა ბასუ, კაჯოლი, შილპა შეტი, რომ არაფერი ვთქვათ ტაბუსა და სუშმიტა სენზე. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ისინი მიდიან კინოს სამყაროდან.

среда, 25 ноября 2009 г.

განშორებების სეზონი

არც ისე დიდი ხანია პრესაში გაიელვა სიახლემ რომ პრიტი ზინტა და მისი დიდი ხნის მეგობარი, ნეს ვადიია გაიყარნენ.
ჟურნალისტებმა ვერც მოასწრეს როგორც საჭირო იყო განეხილათ ეს მოვლენა რომ ყვითელი პრესის ფურცლებიდან გახდა ცნობილი კიდევ ერთი ბოლივუდური წყვილის გაყრის შესახებ. კანგანა რანაუტი და ადიია სუმანი რესტორანში ვახშმობისას, მეგობრულად დაშორდნენ
ერთმანეთს.
დაშორების ინიციატორი ადიია სუმანი იყო, ხოლო კანგანასათვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.
მოგვიანებით ლარა დატას განცხადება გამოჩნდა პრესაში რომ შორდება დინო მორეას იმ მიზეზით, რომ მის ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა მისი ყოფილი სიყვარული, დიზაინერი ნანდიტა მაჰთანი.
და კიდევ გაუგებარია რა ხდება რიტიკ როშანსა და მის მეუღლეს, სუზანა ქჰანს შორის. პრესაში დაიწერა რომ სუზანამ იეჭვიანა, ლათინოამერიკელ მსახიობ ბარბარა მორიზე და ბავშვებთან ერთად მშობლების სახლში გადავიდა.
იმედია ამ შემთხვევაში მაინც ყველაფერი კარგად იქნება და განშორებები ბოლივუდის სამყაროში არ მიიღებს სტიქიურ ხასიათს.

понедельник, 23 ноября 2009 г.

აიშვარიასა და აბიშეკის კიდევ ერთი როლი


აიშვარია რაისა და აბიშეკ ბაჩანის ვარსკვლავური წყვილი მთავარ როლებს ითამაშებენ რაჯივ მენონის ახალ პროექტში, რომელიც რიმეიკი იქნება პოპულარული კინოსურათისა - "Abhimaan".
ფილმში რომელიც ეკრანზე 1973 წელს გამოვიდა აბიშეკის მშობლები იყვნენ გადაღებული. ტრაგიკული ისტორია რომელშიც მთავარ როლებს ამიტაბჰ ბაჩანი და ჯაია ბჰადური თამაშობდნენ განმეორებული არ იქნება.
ახალ სურათში მხოლოდ სიუჟეტის ხაზი იქნება შენარჩუნებული.

суббота, 21 ноября 2009 г.

ჩვენი საყვარელი მსახიობების შესახებ

რექჰა
სრული სახელი: ბჰანურექჰა განეშანი
დაბადების დღე: 1954 წლის 10 ოქტომბერი

დაქორწინებული იყო მუკეშ აგარვალიზე, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მალევე ქორწინების შემდეგ.
შვილები არა ყავს.
რექჰა გვევლინება ნათელ გამოხატულებად "კინოვარსკვლავის" გაგებისა, როგორც პროფესიონალიზმით ისე პერსონალური ცხოვრებითაც. მას თითქოს ყველაფერი აქვს, თუმცა მისი წარსული არც ისე უღრუბლო იყო.
სუპერვარსკვლავ ჯემინი განეშანისა და მსახიობ პუშპავალის უკანონო ქალიშვილის კარიერული ისტორია დაიწყო როგორც მუქკანიანი, მსუქანი გოგონას ისტორია. სწორედ ასეთად მოგვევლინა ის კინოში.
რადგან არავინ ჰყავდა ვინც აჩვენებდა სწორ გზას, არ იცოდა ინდუსტრიის წესები, მიუხედავად იმისა რომ იღებდნენ ფილმებში, ის უშვებდა ბევრ შეცდომებს და კარგა ხანს იყო შეუმჩნეველი. სამხრეთელი მიამიტი გოგონა ამავე დროს ჭკვიანიც იყო.
70-ანი წლების მეორე ნახევარში რექჰამ აიყვანა თავისი თავი სრულყოფილებამდე იოგისა და მაკიაჟის დახმარებით. ის სრულიად შეიცვალა ფიზიკურად და მენტალურად. ამ პერიოდში მის ცხოვრებაში შემოვიდა ამიტაბჰ ბაჩანი და ისინი ერთად გახდნენ საუკეთესო წყვილი ინდური კინოს ისტორიაში, თუმცა ამავე დროს ჟურნალისტებისათვის უძილო ღამეებისა და გაუთავებელი ჭორების მიზეზად იქცნენ.
წარმატებულმა ფილმებმა რომლებშიც მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა, ისეთებმა როგორიცაა: "Mukaddar Ka Sikandar", "Mr. Natwarlal", "Khoon Paseena" და "Silsila", ეს წყვილი ლეგენდად აქციეს. სამწუხაროდ 80-ანი წლები ცუდი ფაზა იყო ნსახიობის ცხოვრებაში, მაგრამ 1988 წელს ის დაბრუნდა ფილმით: "Khoon Bhari Maang", ფილმით რომელიც შურისძიების ჩვეულებრივი საგა იყო, თუმცა რექჰამ მასში თავისი ელეგანტურობა და ხიბლი შეიტანა. რექჰა არ არის მხოლოდ მსახიობი. ის არის მომხიბვლელი კერპი რომელიც ბოლივუდის ჯადოსნურმა ძალამ შექმნა.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails