ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 26 ноября 2009 г.

ზინათ ამანი

მსახიობი რომელიც არ ჩამოსულა ეკრანებიდან
70-ან 80-ან წლებში. მსახიობი რომელმაც შექმნა სახე იდეალური, ყველა მამაკაცისათვის სასურველი ქალისა, თუმცა მისი ცხოვრება და მისი სიყვარული ხშირად მკაცრად აისახებოდა პრესაში.
წარმატებული, კარიერაში დიდების მწვერვალზე მყოფი ქალი, რომელმაც ცხოვრება შედარებით წარუმატებელ ადამიანს დაუკავშირა და შედეგად ცხოვრების ამაოდ დაკარგული წლები მიიღო.

გთავაზობთ ინტერვიუს ზინათ ამანთან, რომელსაც წარსულში ასევე ცნობილი მსახიობი, სიმი გარევალი ესაუბრა სპეციალურად თავისი თოქ-შოუსათვის.

- ამჟამად უყურებთ თუ არა თქვენს ძველ ფილმებს?
- ჩემი შვილები ზოგჯერ მეუბნებიან რომ ვნახო ესა თუ ის ფილმი, მეც რათქმაუნდა ზოგჯერ ვუყურებ მათ.
- როცა უყურებთ თქვენს ძველ ნამუშევრებს პოულობთ მსგავსებას მაშინდელსა და ახლანდელ ზინათს შორის?
- მე ვხედავ რომ იქ დარჩა იგივე ზინათი რაც ამჟამადაა, მაგრამ გასული 20 წლის ცხოვრების გამოცდილებამ, განცდილმა, ბევრი რამ შეცვალა.
- 11 წლის განმავლობაში თქვენ გქონდათ წარმატება და განებივრებული იყავით აღფრთოვანებით როგორიც იშვიათად ხვდებათ ხოლმე წილად. თავად როგორ აფასებთ თქვენს კარიერას? მოგწონდათ?
- დიახ, მომწონდა, თუმცა ასეთი აღფრთოვანება აღიქმება როგორც ცხოვრების ნაწილი, როგორც შედეგი იმ შრომისა რომელსაც ეწევი. ვერ აცნობიერებ რომ ეს რაიმე განსაკუთრებულია, სანამ არ დასრულდება ცხოვრების ეს ეტაპი და დიდება არ გაქრება. მხოლოდ მაშინ ხდება ცხადი, რომ ეს მართლაც განსაკუთრებული იყო.
- როგორ უმკლავდებოდით პრესას, რომელიც მუდმივად იჭრებოდა თქვენს ცხოვრებაში?
- ეს ერთ-ერთი რთული მხარეა წარმატებული მსახიობის ცხოვრებისა. ის წლები, როცა გათხოვილი ვიყავი მშვიდად და წყნარად ვცხოვრობდი. ყველაზე მეტად ვტკბებოდი იმით რომ შორს ვიყავი პრესის ხმაურისაგან.
- მთელი თქვენი ცხოვრება, ყველა თქვენი ეგრეთწოდებული რომანი იყო პრესის ყურადღების ცენტრში.
- ვიცი, ზოგჯერ ეს იყო წმინდა წყლის სიცრუე, ისტორიები ჩემს შესახებ გამოგონილი იყო. ეს იყო დიდების ყველაზე რთული მხარე, რომელიც სრულებითაც არ მენატრებოდა იმ წლებში როცა გათხოვილი ვიყავი.
- ბავშვობისას და შემდგომ, როცა გაიზარდეთ, რაზე ოცნებობდით, დიდებაზე, სიმდიდრეზე თუ სიყვარულზე?
- სიყვარულზე, უფრო სიყვარულზე...
- თქვენ გახდით მდიდარი და ცნობილი. მოიპოვეთ სიყვარული?
- ვფიქრობ არა.
- თქვენ იყავით დიდების მწვერვალზე კინოკარიერაში, იყავით სუპერვარსკვლავი და მოულოდნელად მიატოვეთ ყველაფერი და გადაწყვიტეთ გაყოლოდით ცოლად შედარებით წარუმატებელ ადამიანს. ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?
- იმ მომენტში მე მზად ვიყავი დედობისათვის და მაშინ მე გადავწყვიტე გათხოვება. მე ვთვლი რომ ერთადერთი მიზეზი გათხოვებისა არის ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა. მე ვიგრძენი ჩემში ეს მოთხოვნილება მაშინ და ამიტომ მოვიქეცი ასე.
- რამ მოგხიბლათ მაზჰარში? (მაზჰარ ქჰანი ზინათ ამანის მეუღლეა)
- ახლა ძნელია თქმა.
- გეკითხები რადგან ბევრი მამაკაცი იყო შეყვარებული თქვენზე. ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით შესანიშნავი გარეგნობის ადამიანზე, რომელსაც უბრალოდ სიგიჟემდე უყვარდით. ბევრი ქალი თქვენს ადგილას ძლიერად მოეჭიდებოდა ამ შანსს, თუმცა თქვენ არც განიხილეთ ეს ვარიანტი. მაინტერესებს რა იყო ასეთი მაზჰარში, რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც ის?
- არვიცი, ალბათ მიზეზი ის იყო, რომ მაზჰარი საჭირო დროს იყო საჭირო ადგილზე. უნდა ითქვას რომ მას გავყევი ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად. დედა იყო ჩვენი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი. შედეგად მას გულის შეტევა მოუვიდა, რადგან არ შეეძლო მიეღო ჩემი გადაწყვეტილება. მხოლოდ მას შემდეგ რაც შვილები გვეყოლა შეეგუა რეალობას.
- რა მიზეზით გეუბნებოდათ უარს?
- არც გვქონია განხილვა ამ თემის, თუმცა ის მყარად იდგა თავის აზრზე. დავქორწინდით საზღვარგარეთ, თორემ სხვანაირად ჩვენი ქორწინება არ შედგებოდა.
- თქვენმა წარმატებებმა კარიერაში შეგიქმნათ პრობლემები ქორწინებაში?
როცა მამაკაცი დაქორწინებულია წარმატებულ კინოვარსკვლავზე ეს მისთვის ფსიქოლოგიურად რთულია.
- როცა დაქორწინებულები ვიყავით მე არ ვაანალიზებდი ამას, თუმცა როცა გავიდა წლები გავაცნობიერე რომ მან შეგნებულად ჩამომაშორა გარე სამყაროს.
ის ცდილობდა რომ ვმჯდარიყავი სახლში ბავშვებთან, იმის ნაცვლად რომ გავსულიყავით საზოგადოებაში და ის თან მხლებოდა როგორც საყვარელი ადამიანი. მე ვთვლი რომ პარტნიორებმა არ უნდა შეუშალონ ერთმანეთს ხელი გახდნენ ის, რაც უნდათ რომ იყონ. მე მოკლებული ვიყავი ამას. ის არ მაძლევდა საშუალებას გავზრდილიყავი როგორც პიროვნება, გავყოლოდი ჩემს ბედისწერას, გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები.
- ქორწილის შემდეგ თქვენ უბრალოდ გაქრით. როგორი იყო ქორწინების 12 წელი?
- სიმართლეს ვიტყვი, პირველივე წელს მივხვდი, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ რადგან ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, მე წავედი ამაზე შეგნებულად ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამიტომ მე გადავწყვიტე რომ გადამეტანა ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე. ალბათ არც მაზჰარისათვის იყო ეს საუკეთესო პერიოდი. ეს უკიდურესად რთული დრო იყო. მე ფეხმძიმედ ვიყავი პირველ შვილზე, თუმცა მაზჰარი არ იყო ჩემს გვერდით. ის სხვა ქალთან იყო და ეს იწერებოდა მაშინდელ მსხვილ გაზეთებში. ეს რეალობაა, ეს სიმართლეა.
შვილის დაბადებისთანავე მინდოდა მასთან გაყრა და ჩვენ განვიხილავდით კიდეც ამას, თუმცა ჩავთვალე რომ ჩემს შვილს ჰქონდა უფლება გაზრდილიყო სრულყოფილ ოჯახში და არა მხოლოდ დავრჩი მასთან, არამედ ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ გვქონოდა ნორმალური, ჰარმონიული ოჯახი. როცა ბავშვი 5 წლის გახდა გადავწყვიტე კარიერას დავბრუნებოდი, მაგრამ ამ დროს მაზჰარს შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ბრძოლაში 5 წელი გავიდა. ეს იყო 1993-1997 წლები. ეს იყო ყველაზე რთული წლები ჩემს ცხოვრებაში. არც მისთვის და არც იმათთვის ვინც მის ირგვლივ იყო არ იყო ეს ადვილი.
- ყველამ იცის როგორი სასოწარკვეთით იბრძოდით მისი სიცოცხლისათვის.
- ნუთუ ვინმემ იცის? კი, ნამდვილად ვიბრძოდი, მე მივიღე ეს როგორც პირადი გამოწვევა. მე უნდა დავრწმუნებულიყავი რომ გავაკეთე ყველაფერი რაც შემეძლო. ჩვენ წელიწადში 7 თვეს ვატარებდით კურორტებსა და პლაჟებზე. მოვსინჯეთ ბომბეის ყველა კლინიკა, ვისწავლე ნემსის გაკეთება. ის არსებობდა კათეტერებით და მუდმივად მიერთებული იყო სითხის კონტეინერთან 18 თვის განმავლობაში. ვისწავლე კონტეინერის მართვა, მილების შეცვლა, მისი მოვლა. ჩვენ არ გვყავდა მედდა და ყველაფერს მე ვაკეთებდი. მე წავედი საზღვარგარეთ მისი სამედიცინო ბარათით და ჩავიყვანე ისიც. ყველაფერი შესაძლო გაკეთდა და თითქოს პრობლემაც გადაიჭრა. როცა ყველაფერი დასრულდა ეს მკვეთრად აისახა ჩემზე. ცხოვრების 5 წელი და არცერთი იმედის სხივი გვირაბის ბოლოს... მე ვიყავი ნერვული აშლილობის ზღვარზე, იმიტომ რომ მე მარტო ვიბრძოდი. მე არა მაქვს დანაშაულის გრძნობა იმიტომ რომ ცოლების 99 % არ იბრძოლებდა ასე თავგანწირულად და გულწრფელად. ჩემზე იყო დამოკიდებული ქმრის გარდა შვილებიც, სახლიც და დაუმთავრებელი ფილმიც რომელიც იდო თაროზე და ელოდებოდა თავის დროს მრავალი წლის განმავლობაში. მე მასში ჩემი ფული მქონდა ჩადებული.
- ვინ ზრუნავდა თქვენზე ამ წლების განმავლობაში?
- არავინ. ხდება ასეც რომ შენ გასცემ, გასცემ და ისევ გასცემ. შემდეგ კი აღარაფერი გაქვს გასაცემიც იმიტომ რომ რომ შენ ამოწურე შენი თავი და გამოიფიტე. ერთი რაც გინდა დღის ბოლოს რომ ვიღაცამ გკითხოს, როგორ გაატარე დღევანდელი დღე, როგორ ხარ? მაგრამ იმ წლებში მე არ მქონია ასეთი დღეები.
- მაგრამ ხომ იყო სიყვარულის, სითბოს და ზრუნვის მომენტები?
- არვიცი, არ მინდა განვსაჯო ის, ვინც არ არის ჩვენს გვერდით. ჩემთვის ძნელია ამაზე საუბარი იმიტომ რომ მაზჰარი არ არის აქ და ვერ გამოთქვამს თავის აზრს. მე ვიცი მე რას ვგრძნობდი. როცა ვინმე მძიმე სენითაა დაავადებული მასთან უკიდურესად ძნელია ცხოვრება. მისთვის ყველაფერი მეორეხარისხოვანია საკუთარის გარდა. მაზჰარისთვისაც ყველაფერი სულერთი გახდა ამან მიგვიყვანა გაყრამდე. მე გადავწყვიტე თამაშიდან გამოსვლა, თუმცა არა მაშინ როცა მას დაავადების პიკი ჰქონდა. ადამიანმა თითონ უნდა დაეხმაროს თავის თავს და გარშემომყოფებს. ის რასაც აკეთებდა ყველაფერს თავის საზიანოდ აკეთებდა. მე არ შემეძლო დავრჩენილიყავი მის გვერდით და მეცქირა ამისათვის. ის მიეჩვია გამაყუჩებელ აბებს, მსუბუქ ნარკოტიკებს და გადაჭარბებულ დოზებს იღებდა დღეში რამდენიმეჯერ. ექიმები ამბობდნენ რომ ვერ გაუძლებდა მისი თირკმელი, ვეუბნებოდი მეც, ბავშვებიც...
მე ბევრი წელი დამჭირდა მის გამოსაჯანმრთელებლად და როცა მისგან წავედი მაინც განვიცდიდი.
ჩემთვის ძნელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა. მე გავიზარდე არასრულყოფილ ოჯახში, მყავდა დედა. საერთოდ ისე გვზრდიან რომ გვინდა ვიყოთ იდეალური ცოლები, დედები, დავეხმაროთ მეუღლეებს რომ მიაღწიონ წარმატებებს ყველაფერში, რათა მერე ეს ყველაფერი გადავიდეს შვილებზე და ა.შ. თუმცა ეს სქემა არ მუშაობს. ეს მითია. ჩემი შვილები მოკლებული დარჩნენ ყველაფერს. ყველაფერი, მამის თითოეული რუპია წაართვეს მისმა დამ და დედამ.
არ არსებობს არანაირი წესები ცხოვრებაში, არავინ არ თამაშობს წესების მიხედვით.
- ზინათ, თქვენ არ გიცხოვრიათ თქვენი ცხოვრებით, თქვენ მიუძღვენით ის სხვებს...
- ვიცი.
- იქნებ არ ღირდა ამის გაკეთება?
- ვიცი, თუმცა ახლა მივხვდი. საწყენია რომ შვილები საპირისპიროში დაარწმუნეს. სასჯელად იმისათვის რომ წამოვედი მისგან, ჩემს უფროს შვილს საშინელებები უთხრეს ჩემზე. ისე გააკეთეს რომ ჩემზე საშინელებები ეფიქრა. უნდოდათ წაერთვათ შვილი და ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა ჩემთვის.
- ზინათ ჩვენ შევხვდით მაზჰარის სიკვდილის შემდეგ და თქვენ სრულიად განადგურებული იყავით.
- მე არ ვიყავი მზად მისი სიკვდილისათვის. ყველაზე უარესი კი ის იყო რომ არ მომცეს საშუალება მასთან გამომშვიდობების. ისინი მსჯიდნენ იმისათვის რომ მისგან წავედი. ეს საშინელება იყო. მე მას ცხოვრების ბევრი წელი, ბევრი სიყვარული და ზრუნვა მივეცი. ის ჩემი შვილების მამა იყო. როცა დავრეკე და ვიკითხე, შემეძლო თუ არა მისვლა, მითხრეს: -არა! მათგან იმდენი ბოროტება და ზიზღი მოდიოდა...
- არ მისულხართ?
- კი, მივედი, ჩავთვალე რომ უნდა ვყოფილიყავი იქ.
- ერთმა ბრძენმა თქვა რომ უნდა განიცადო 3-4 -ჯერ როგორ გტკენენ გულს და ეს გხდის უფრო ადამიანურს და გულისხმიერს.
- არავის ვუსურვებდი ასეთი გადაეტანა.
- აღარ გათხოვდებით ისევ?
- არასოდეს. ოჯახს აღარ შევქმნი.
- მაგრამ ხომ ვერ იცხოვრებთ მუდამ მარტოობაში?
- დედაჩემის და მეუღლის სიკვდილის შემდეგ, რომელიც მხოლოდ 42 წლის იყო რა შეიძლება მარადიული ვნახო ამ ცხოვრებაში? არაფერი არ არის მარადიული. შვილებიც კი არ გვეკუთვნის ჩვენ, ერთხელაც გაიზრდებიან, წავლენ ჩვენგან და თავისი ცხოვრება ექნებათ.
მე ვფიქრობ ქალისა და მამაკაცის ცხოვრებაში უფრო მეტი პატივისცემა და სიყვარულია თუ ისინი არ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან შტამპით. როცა ისინი ერთად არიან იმიტომ რომ მათ ეს უნდათ.
ამჟამად მე არა ვარ ჩართული კარიერაში, ვარ შვილებთან, ვეხმარები მათ. ჯერ არ გადამიწყვეტია რა მინდა...
- უკან რომ მოიხედოთ რას შეცვლიდით?
- არის რაღაც რასაც სხვანაირად გავაკეთებდი. დედას დავუჯერებდი. ახლა მეც დედა ვარ და ვიცი უფროსებს მეტი გამოცდილება აქვთ და ყველაფერს რამდენიმე წლის იქეთ ხედავენ.
მეუღლესთან და შვილთან ერთად


Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails