ბოლივუდის ცოცხალ ლეგენდად აღიარებულ მსახიობს თაყვანისმცემლები ნებისმიერი ასაკის ადამიანებს შორის ჰყავს. ის ერთნაირად უყვარს ძველი და ახალი თაობის ინდური კინოს მოყვარულთ.
მსახიობის შესახებ ალბათ, მეტ-ნაკლებად ყველამ იცის უცხოური საიტებიდან თუ ინფორმაციის სხვა წყაროებიდან, მაგრამ ქართულ ენაზე მოწოდებული ინფორმაცია მსახიობის შესახებ თითქმის არ არსებობს არც პრესაში და არც ტელევიზიაში.
წიგნი - "ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი", რომლის ავტორიც ყველასათვის ცნობილი ინდოლოგი, ბ-ნი დათო ბეჟიტაშვილია, ქართულ ენაზე გამოცემული ერთადერთი წიგნია. აქამდე ბოლივუდის არცერთი მსახიობის შესახებ არ გამოცემულა მსგავსი წიგნი. მასში თავმოყრილია უამრავი დეტალი მსახიობის პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის შესახებ და ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოდ არის მოწოდებული, რომ დარწმუნებული ვარ წიგნს ნებისმიერი სიამოვნებით წაიკითხავს, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის, ამ ლეგენდარული მსახიობის თაყვანისმცემელი.
როგორც თავად წიგნის ავტორი წერს შესავალში: "ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ გახდებით ყველაზე ინფორმირებული ადამიანი ამიტაბჰ ბაჩანის შესახებ". მათთვის ვისაც არ წაუკითხავს წიგნი, გთავაზობთ რამდენიმე, ჩემი აზრით საინტერესო თავს წიგნიდან
მსახიობის შესახებ ალბათ, მეტ-ნაკლებად ყველამ იცის უცხოური საიტებიდან თუ ინფორმაციის სხვა წყაროებიდან, მაგრამ ქართულ ენაზე მოწოდებული ინფორმაცია მსახიობის შესახებ თითქმის არ არსებობს არც პრესაში და არც ტელევიზიაში.
წიგნი - "ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი", რომლის ავტორიც ყველასათვის ცნობილი ინდოლოგი, ბ-ნი დათო ბეჟიტაშვილია, ქართულ ენაზე გამოცემული ერთადერთი წიგნია. აქამდე ბოლივუდის არცერთი მსახიობის შესახებ არ გამოცემულა მსგავსი წიგნი. მასში თავმოყრილია უამრავი დეტალი მსახიობის პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის შესახებ და ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოდ არის მოწოდებული, რომ დარწმუნებული ვარ წიგნს ნებისმიერი სიამოვნებით წაიკითხავს, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის, ამ ლეგენდარული მსახიობის თაყვანისმცემელი.
როგორც თავად წიგნის ავტორი წერს შესავალში: "ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ გახდებით ყველაზე ინფორმირებული ადამიანი ამიტაბჰ ბაჩანის შესახებ". მათთვის ვისაც არ წაუკითხავს წიგნი, გთავაზობთ რამდენიმე, ჩემი აზრით საინტერესო თავს წიგნიდან
"დანამდვილებით ერთი რამ ვიცი მხოლოდ: მინდა თამაში, ვიდრე მეთამაშება. სახასიათო როლებს მაშინ დავთანხმდები, როცა მთავარზე აღარ მიმიწვევენ. თუ აღარც ასეთი როლები იქნება, მასიურ სცენებში მივიღებ მონაწილეობას," – სწორედ ასე გამოუტყდა ერთხელ კინემატოგრაფს სიყვარულში ამიტაბჰ ბაჩანი.
ამიტაბჰ ბაჩანი თანამედროვე ინდური კინოს უმსხვილესი ფიგურა და ყველაზე კაშკაშა მოვლენაა. მარტო მისი სახელიც კი წარმოადგენს ბრენდს, ხარისხის ნიშანს, მის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო აქციის და იმ საქონლის გაყიდვის სტაბილური წარმატების გარანტიას, რომელსაც იგი ტელევიზიაში სარეკლამო რგოლებით წარუდგენს ხოლმე მყიდველს. ამიტაბჰი ყოველთვის შორს დგას ინტრიგების, კულისების მიღმა ორთაბრძოლებისა და აბსურდული ურთიერთობებისაგან, რომლებიც ეკრანის კერპებისთვისაა დამახასიათებელი. მასზე არ ვრცელდება კინომოყვარულთა ჭირვეული არმიის გემოვნებათა ცვლილება.
ბოლივუდის ყველაზე პოპულარულმა მსახიობმა კარგა ხანია უკან მოიტოვა დრო. ინდური პოეზიის კლასიკოსის ჰარივანშრ რაი ბაჩანის ვაჟმა, ამიტაბჰმა, ყველაფერი იღონა, რათა ჰინდი კინოში თავისი ღირსეული ნიშა დაეკავებინა და პირველი რამდენიმე ფილმის ჩავარდნის შემდეგ, როცა თავად მსახიობის კარიერაც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, მისმა სახელ–დიდებამ საბოლოოდ მაინც მიაღწია დამსახურებულ სიმაღლეს. დღეს ის 66 წლის გახლავთ და უწინდებურად პოპულარობის ზენიტში იმყოფება.
ბაჩანი ნამდვილი ვარსკვლავია, ხალხის სათაყვანებელი გმირი და მისი ადგილის დაკავება კინემატოგრაფიულ, პოლიტიკურ და მას–მედიის ცისკიდურზე ჯერ–ჯერობით ახალგაზრდათაგან ვერავინ შეძლო.
როცა ის ინდოეთში რომელიმე პოპულარულ ტელეშოუში სტუმრის სტატუსით გამოდის, ქვეყნის მოსახლეობას მორიგი ეპიდემიის დროს სასწრაფო ვაქცინაციის აუცილებლობას უხსნის ან მრავალფეროვანი პროდუქციის რეკლამას ეწევა – ნებისმიერი ინდოელი, მისი ხილვისას, აღფრთოვანებით ყვირის: "ეს ხომ ამიტაბჰია!"
ბაჩანის ცხოვრებისეულ გზაზე მომხდარა ყველაფერი, რაც შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანს გადახდეს თავს. მასზე თავსდატეხილი მოვლენები რამდენიმე ათეულ ტელესერიალს ეყოფოდა მასალად. ჰქონდა აღმაფრენებისა და უკიდურესად მტკივნეული ჩავარდნების პერიოდები, გადაიტანა მრავალგზისი მუხანათობა და თავდასხმა ყვითელი პრესის მხრიდან, მერე კი მკვეთრად დაასრულა კარიერა პარლამენტში, ჩათრეული აღმოჩნდა მსხვილ პოლიტიკურ სკანდალში, ლეგენდარულ სურათ "მებარგული"/ "Coolie" - ს გადაღებების დროს მიღებული ტრამვის გამო სიკვდილის პირას იმყოფებოდა, გადაიტანა ფატალური უბედური შემთხვევა და მტანჯველი ავადმყოფობის შემდეგ კვლავ ჩადგა მწყობრში, დააარსა საკუთარი კორპორაცია, მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიიღო და გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა... მაგრამ უდიდესთა შორის უდიდესმა ყველა ცხოვრებისეულ ქარიშხალს გაუძლო და დღეს უწინდებურად მყარად დგას ფეხზე. მსახიობის გამაოგნებელი შრომისუნარიანობა დიდი ხანია საარაკოდ იქცა და ათასგვარი ლეგენდითაა გარემოსილი, ტყუილად ხომ არ უწოდებენ მას "One Man Industry" (ადამიანი–ინდუსტრია).
–როგორ ახერხებთ ყველგან და ყველაფრის მოსწრებას? როდისღა გძინავთ? – გაოცებულები ეკითხებიან მას ჟურნალისტები.
–ყველაფერი რიგზეა, ინტერვიუს დროს ვახერხებ ხოლმე გამოძინებას, – დასცინის კორესპოდენტებს ამიტაბჰი.
2000 წელს ინდოეთის კინემატოგრაფისტთა ეროვნულმა ასოციაციამ ამიტაბჰი საზეიმოდ გამოაცხადა ათასწლეულის ვარსკვლავად. ამ გამოკითხვის შედეგებით ბაჩანმა უამრავ ჰოლივუდელ ვარსკვლავს გაუსწრო, რომლებიც, შესაძლოა, ბევრად უფრო პოპულარულები არიან დასავლეთში, მაგრამ ეგზომ განუმეორებელი – არა. –ამიტაბჰის თითოეული როლი მოცარტის სიმფონიას წააგავს, – ამბობს მის შესახებ ახალი თაობის ერთ–ერთი წამყვანი რეჟისორი სანჯაი ლილა ბჰანსალი, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ ბაჩანთან ერთად ჰიტი – "black" / "უაკანასკნელი იმედი" შექმნა. ნიჭიერი რეჟისორების ხელში ცვილივით დამყოლი, მათი შემოქმედებითი ჩანაფიქრის თავიდანვე ალღოს ამღები, ამიტ–ჯი პრინციპულ საკითხებში ფოლადივით მტკიცე, ურყევი რჩება და არანაირ კომპრომისებზე არ მიდის. მისი გმირის, ჰირას სიტყვები ფილმიდან "ობოლი" / "Laawaris": "ძაღლის კუდივით ვარ. შეიძლება ფილადის მილში გამაძვრინო, მილი გაიღუნება, კუდი კი არ გამოსწორდება",– საუკეთესოდ ასახავს თავად ამიტაბჰ ბაჩანის ცხოვრებისეულ კრედოს.
ბედის ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ როცა მშობლებმა ვაჟს სახელად ამიტაბჰი დაარქვეს, რაც ბენგალურად "მარადიულ სინათლეს" ნიშნავს, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რამდენად ახლოს აღმოჩნდნებოდნენ ჭეშმარიტებასთან.
მკვდარ ზონაში
ტრაგედია 1982 წელს ბანგალორში მანმოჰან დესაის ფილმ "მებარგული"/ "Coolie" გადაღებების დროს დატრიალდა. ორთაბრძოლის უამრავ სცენათაგან ერთ–ერთის გადაღების დროს ბაჩანმა, რომელსაც ყოველთვის თავი მოჰქონდა იმით, რომ თავის ფილმებში ტრიუკებს შეძლებისდაგვარად თავადვე ასრულებდა, სიფხიზლე მოადუნა, ერთ–ერთი მორიგი დარტყმა ვერ მოიგერია (მოგვიანებით ეს სცენა ფილმში სპეციალური შენელებული კადრით აღინიშნა) და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჰოსპიტალ "Breach Candy"- ში აღმოჩნდა.–პანიკაში მყოფი ჯაია პალატის წინ იდგა და ექიმების ფაციფუცს ადევნებდა თვალს, რომლებიც ჩემს გაცოცხლებას ცდილობდნენ, – იხსენებდა ამიტაბჰი.
–უცებ მან დაიძახა: "არ დანებდე! ახლახან დავინახე, როგორ შეუთამაშდა ფეხის თითი, გემუდარები, არ დანებდე! ექიმებმა ფეხის მასაჟის კეთება დამიწყეს და მეც საიქიოდან ამ ქვეყანას დავუბრუნდი.
ამიტაბჰ ბაჩანმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა და დიდი ხნის მანძილზე კომაში იმყოფებოდა. პრესაში, როგორც ასეთ შემთხვევებშია ხოლმე მიღებული, პანიკის ნამდვილი ტალღა აგორდა. მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ბიულეტინები ყველა ინდური გაზეთის პირველ გვერდზე იბეჭდებოდა და სრულიად ინდოეთის რადიოთი ყოველ ერთ საათში გადაიცემოდა.
იმ ხანებში ინდოეთის პრემიერ–მინისტრი ინდირა განდი სპეციალურად ჩავიდა მუმბაიში საწოლს მიჯაჭვული ამიტაბჰის მოსანახულებლად, ხოლო ბაჩანის თაყვანისმცემელთა უზარმაზარი არმია დღედაღამ საავადმყოფოსთან მორიგეობდა და ზეცას ლეგენდარული კერპის გადარჩენას ევედრებოდა. ამ უბედურების მასშტაბურობაზე უკეთ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამიტაბჰის ავადმყოფობის დღეებში ეკრანებზე გამოსული ანგლოინდური გრანდიოზული კინოპროდუქცია "განდი", თემის დიდმნიშვნელოვნების მიუხედავად, ინდოელ მოსახლეობაში წარმატებით არ სარგებლობდა. რეჟისორს ამ ფილმმა საზღვარგარეთ უამრავი ჯილდო, მათ შორის "ოსკარის" პრემიაც მოუტანა, მაგრამ ინდოეთში ხალხმა ვიდრე ამიტაბჰის სიცოცხლეს საფრხე ემუქრებოდა, კინოთეატრებში სიარულზე უარი თქვა.
როგორც ცნობილი ამერილკელი კრიტიკოსი ელიოტ სტეინი ადასტურებს: "წლის მთავარი მოვლენა ინდოეთში "განდი" კი არა, ამიტაბჰის თავსდატეხილი უბედური შემთხვევა იყო. ერთი თვის განმავლობაში ასეულ ათასობით ადამიანი მისი გადარჩენისთვის ტაზრებსა და მეჩეთსი ლოცულობდა. საავადმყოფოდან გამოსულმა ბაჩანმა დალოცა უზარმაზარი ბრბო, რომელიც მის მისასალმებლად იყო მოსული".
გამოჯანმრთელება მძიმედ მიმდინარეობდა. უკიდურესად მტკივნეული გადახვევები, ურთულესი ოპერაცია ტრაქეის გადაადგილებაზე და კიდევ, საოცრად მტანჯველი "მშრალი კანონი" – ერთი წვეთი სითხე მთელი კვირის განმავლობაში... იყო მომენტი, როცა ექიმებმა ცხელ გულზე "ახარეს", რომ ყავარჯნების გარეშე გადაადგილებას ვერასოდეს შეძლებდა.
–ხმა რომელიც ჩემში ყოველთვის სიკვდილის ასოციაციას იწვევს, გაქანებული მანქანის მუხრუჭების ღრჭიალია, – იხსენებს ამიტაბჰი.
–სწრაფი მოძრაობა, ლითონების საგნების ხმაური და ბოლოს – სამარისებული სიჩუმე. ეს ხმა დღემდე თან დამდევს. ხმის ამოღება მინდოდა, მაგრამ მხოლოდ უხმო ჩურჩული ამომდიოდა.
საავადმყოფო სხვა სამყარო იყო, სადაც ყველანი თანასწორები არიან: მზარეულები, მსახიობები, ბიზნესმენები... ყველანი ერთ დიდ ოჯახს წარმოვადგენდით., საერთო მტერს – სიკვდილს რომ ვუმკლავდებოდით. დღეს რომ მეზობელ საწოლზე ავადმყოფი იწვა, ხვალ ის ადგილი შეიძლებოდა ცარიელი ყოფილიყო. ამაზე არავინ ლაპარაკობდა.
მახსოვს, ერთხელ ექვსი წლის ბიჭი მოიყვანეს. მთლად დაბინტული იყო და წამლების მიღებაზე უარს ამბობდა. ექიმები მის დაყოლიებას ცდილობდნენ, რათა არ ეტირა, რადგან ხმაური მაწუხებდა. ბავშვმა რომელიც ჩემი თაყვანისმცემელი გამოდგა, არ დაიჯერა, რომ მეც იმავე საავადმყოფოში ვიწექი. ექიმებმა ჩემთან მოიყვანეს და ეს ერთგვარად სასაცილოც იყო, რადგან მე ვერ ვლაპარაკობდი ის კი ვერ ხედავდა. გვერდით მომიწვინეს და მან იგრძნო ჩემი სიახლოვე. ყურში ჩავჩურჩულე და ტირილი შეწყვიტა, დაიჯერა, რომ მე – მე ვარ.
ბიჭი შეეცადა თავის ტკივილზე მაღლა დამდგარიყო და იმ წუთებში მივხვდი, რომ თვითონაც ბავშვივით ვიქცეოდი.
ექიმების ძალისხმევამ, ამიტის სიმამაცემ და გაძლეობამ თავისი შედეგი გამოიღო და ორი ხანგრძლივი, უსასრულო თვის შემდეგ, საავადმყოფოდან გამოწერილი ამიტაბჰი დელის გარეუბანში მიემგზავრება, რათა ქალაქგარეთ მდებარე საკუთარ ფერმაში გამოშუშდეს. სიარული უწინდებურად მხოლოდ ყავარჯნებით შეუძლია. ოჯახი მის გვერდით იმყოფება. მსახიობმა თან თავისი ყველა ფილმი წაიღო, რათა ყოველდღე ენახა ვიდეოთი. მას სურს იცოდეს, შესაძლებელია თუ არა განუმეორებლის განმეორება და ყოველ დილით, ბევრად ადრე, ვიდრე ჯაია და ბავშვები გაიღვიძებენ, მძღოლს თხოვს, ფერმის ყველაზე შორეულ კუთხეში წაიყვანოს. იქ ის შეეცდება იმ ეპიზოდების აღდგენას, რამაც თავის დროზე დიდება მოუტანა. ის ფლეიერზე საკუთარ სიმღერებსაც უსმენს, ცდილობს კვლავ შეიგრძნოს თავისი გმირები, ახლა ასეთი მახლობლები რომ გახდნენ მისთვის.
–თავიდან ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, –ამბობს ბაჩანი, – ხელ–ფეხი არ მემორჩილებოდა. შინ იმედგაცრუებული ვბრუნდებოდი, მაგრამ ყოველ დილით ყველაფერს ისევ თავიდან ვიწყებდი. ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მეტი ნაბიჯი გადამედგა უყავარჯნებოდ, ყოველდღიურად ვიმეორებდი და ვსრულყოფდი სცენებს. საღამოობით ხმას ვავარჯიშებდი, ფილმებიდან ჩემს მონოლოგებს ვისმენდი და მათ განმეორებას, ხმამაღლა წარმოთქმას ვცდილობდი... ალბათ სასაცილოდ მოჩანდა ამიტაბჰი, რომელიც შუაგულ ოთახში გაჰკიოდა ფრაზებს, – მწარე ირონიით შენიშნავს მსახიობი.
1983 წელს ამიტაბჰი გადასაღებ მოედანზე გადის და მუშაობას ზუსტად იმ მომენტიდან, "მებარგულის" იმ ავადსახსენებელი ეპიზოდიდან იწყებს, რომელზეც შეჩერდა. ფილმის გადაღებაში ჩამოვარდნილმა ასეთმა ხანგრძლივმა შესვენებამ ვერაფერი დააკლო თვითონ სურათს და ფილმმა მოსახლეობაში არნახული წარმატება მოიპოვა.
–პრესა და ზოგიერთი ავისმოსურნე ამას სარეკლამო ტრიუკს უწოდებდა, – კბილებში სცრის ამიტაბჰი, რომელსაც დღემდე უჭირს ამის გახსენება.
–ძალიან მწყინდა, რადგან ეს ულმობელი ტყუილი იყო. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებდი, რომ მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა – ცხოვრებიდან ჩემი ამოშლა, უსარგებლო ნივთივით გადაგდება, ასე იოლი არ გახლდათ. ეს ჩემი პირადი ტრიუმფი იყო, რაც საკუთარ თავთან ჭიდილს ნიშნავდა.
ყოველი წლის 2 აგვისტოს ჯაია მეუღლეს ყვავილების თაიგულს და ღია ბარათს ჩუქნის წარწერით: "დაბადების დღეს გილოცავ!" და ალბათ მისი დაუცხრომელი მხარდაჭერა, სიყვარული და თავგანწირვა რომ არა, მსოფლიო კინემატოგრაფი ამიტაბჰ ბაჩანს მისი უნიკალური ნიჭის გაფურჩქვნის ხანაშივე დაკარგავდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий