ნარგისი - ფატიმა რაშია
"ის არ იყო "ტრაგედიების დედოფალი", როგორც მინა კუმარი, არც ისეთი ლამაზი იყო როგორც მათჰუბალა და არც ისეთი შესანიშნავი ცეკვა შეეძლო როგორც ვიჯაიანტიმალას, თუმცა მაინც ის იყო შეუდარებელი და განუმეორებელი. რაჯ კაპურთან ერთად მან შეადგინა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი ინდურ კინემატოგრაფში. მას ეძახდნენ უბრალოდ, ნარგისს.
ნარგისი ბოლივუდის "კლასიკური" პერიოდისათვის "თანამედროვე" ქალს წარმოადგენდა. ის ატარებდა დასავლურ, მოკლე ჩასაცმელებს თანდაყოლილი გრაციით. იმ დროისათვის როცა ყველა მსახიობს ჰქონდა გრძელი თმა, ნარგისი ატარებდა მოკლე თმას დასავლური ვარცხნილობით. მას შეეძლო ყოფილიყო ჭკვიანი და თანამედროვე ქალი, თუმცა არასოდეს არ გამოიყურებოდა ვულგარულად.
რაჯ კაპურის ფილმში "awaara" (1951) მან პირველმა გაბედა გამოჩენილიყო საბანაო კოსტიუმით ეკრანზე. ეს იყო სენსაცია, თუმცა არანაირად არ მიუყენებია ჩრდილი მისი იმიჯისათვის.
ნარგისი დიდებულად გამოიყურება მსხვილი პლანით გადაღებულ კადრებში. მისი მიმიკა განსხვავდებოდა იმისგან რაც ითვლებოდა კლასიკად იმ პერიოდისათვის. ის იყო მიმიკებისა და ჟესტების ოსტატი. მას ჰქონდა ღიმილი რომელიც კადრს ენერგიითა და სიხარულით ავსებდა. მას ჰქონდა ყველაფერი...
ნარგისი დაიბადა 1929 წლის 1 ივნისს.
მამა ინდუსი, დედა მუსულმანი, მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი და კინომეწარმე.
დედა ოცნებობდა, ქალიშვილი მისი საქმეების გამგრძელებელი ყოფილიყო, თუმცა თავად ნარგისი ექიმობაზე ოცნებობდა.
5 წლისა იყო როცა პირველად ითამაშა ფილმში. შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე ფილმი. 14 წლისა იყო, როცა ცნობილმა მეჰბუბ ქჰანმა შემთხვევით დაინახა ნარგისი და ხელი მოაწერა მასთან კონტრაქტს მთავარ როლზე მის ახალ პროექტში, "tagdeer".
ფილმი არ იყო წარმატებული თუმცა ნარგისი შენიშნეს.
იმ დროისათვის როცა რაჯ კაპურმა მასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი ის საკმაოდ ცნობილი იყო და ნამუშევარი ჰქონდა მასზე უფროს მსახიობებთან, როგორებიც იყვნენ პრიდვირაჯ კაპური, აშოკ კუმარი, ჩანდნა მოჰანი, ხოლო თითონ რაჯს იცნობდნენ როგორც პრიდვირაჯის ვაჟს და პრითვი თეატრის მსახიობს.
აი, როგორ იხსენებს ნარგისთან შეხვედრას რაჯ კაპური:
"ზარი დავრეკე კარზე და სუნთქვაშეკრული ვიდექი. კარი გაიღო და რა ვნახე? ჩემს წინ იდგა ანგელოსი. მას ჰქონდა მოკლე თმა და მისი კულული უფარავდა მარცხენა თვალს, გეგონებოდა, ცალი თვალით მიყურებსო".
მოგვიანებით რაჯ კაპურმა ეს სცენა გამოიყენა თავის ფილმში "Bobby".
ფილმის გამოსვლის შემდეგ რაჯ კაპური და ნარგისი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო წყვილად, ხოლო ფილმ "awaara"-ს გამოსვლის შემდეგ მათმა პოპულარობამ პიკს მიაღწია. რამდენიმე წელი ნარგისი მხოლოდ რაჯთან ერთად მონაწილეობდა ფილმებში. ერთად მათ გადაიღეს 17 ფილმში. ამ წყვილს იმდენად ჯადოსნური წარმატება ჰქონდა რომ ის სცენა სადაც ნარგისი ჩაუვარდება მკლავებში მევიოლინეს, რომელსაც რაჯ კაპური განასახიერებს, უკვდავყოფილი იქნა და ის "რაჯკაპურფილმზის" ბანერის ემბლემად იქცა.
იმ პერიოდში ბევრი იწერებოდა ნარგისისა და რაჯის მეგობრობაზე. ასე იყო თუ ისე მათმა კავშირმა მისცა მსოფლიოს დიდი ეკრანის რამდენიმე შედევრი.
"ის მიგებს მე, მე კი მას, - ამბობდა რაჯი. იცით, მე არ შემიძლია ავხსნა ჩემი გრძნობები მის მიმართ, არა, სიყვარული არა, თუმცა მე ის ძალიან მომწონს."
"იმედი მაქვს ხალხი გაიგებს ჩემს დამოკიდებულებას რაჯის მიმართ, ორი ახლო მეგობრის ურთიერთდამოკიდებულებას" - ამბობდა ნარგისი.
"ქალები ყოველთვის ბევრს ნიშნავდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ნარგისი ნიშნავდა მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა. მე ყოველთვის ვეუბნებოდი მას, "კრიშნა - ჩემი მეუღლეა, ის ჩემი შვილების დედაა, შენ კი ჩემი ფილმების დედა უნდა იყო..." და სწორედ ასეც იყო."
ფილმი "დედა ინდოეთი" აღმოჩნდა ასე ვთქვათ გამმიჯნავი მის კარიერაშიც და ცხოვრებაშიც. სწორედ ამ ფილმის გადაღებებისას გაჰყვა ის ცოლად მსახიობს, პროდიუსერსა და რეჟისორს, სუნილ დატს, რომელიც ამ ფილმში მისი შვილის როლს ასრულებდა.
სუნილს ნანახი ჰქონდა მისი ყველა ფილმი და ის საათობით ელოდა სახლთან რომ ეხილა ნარგისი. ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე ის "შეეჩეხა" ნარგისს და აღფრთოვანებული დარჩა. მაშინ ის ვერც წარმოიდგენდა რომ ოდესმე მასთან ერთად გადაიღებდა ფილმში და მითუმეტეს რომ მისი მეუღლე გახდებოდა.
მორცხვი ახალგაზრდა ყოველთვის როცა მასთან შედიოდა, იატაკს დაჰყურებდა,
რაზედაც ხშირად ხუმრობდა ხოლმე ნარგისის ნათესავი: "მემგონი, მას ძალიან მოსწონს ჩვენი ხალიჩები".
ნარგისი გადასაღებ მოედანზე დიდ დროს ატარებდა სუნილის გვერდით... შემდეგ კი მოხდა ცნობილი ფაქტი, რამაც შეცვალა მათი ცხოვრება.
ერთ-ერთი გადაღებების დროს ნარგისი ცეცხლში უნდა შევარდნილიყო შვილის გადასარჩენად. როცა ის შევარდა ცეცხლის წრეში, სწორედ მაშინ შეიცვალა ქარის მიმართულება და გადამღები ჯგუფი საშინელი ფაქტის მომსწრე გახდა. ნარგისი აღმოჩნდა ცეცხლის ხაფანგში. სწორედ მაშინ სუნილი შევარდა ცეცხლში და რამდენიმე წუთში ხელით გამოიყვანა ნარგისი, დამწვრობებით, თუმცა გადარჩენილი.
სუნილ დატი ამბობდა, რომ მხოლოდ მის გამო შეეძლო ასეთი რამის ჩადენა. ამ გალანტურმა საქციელმა ის გმირად აქცია ნარგისის თვალში. ამ შემთხვევამ დააახლოვა ის სუნილთან.
28 წლის ნარგისმა "დედა ინდოეთი"-სათვის მიღებული ჯილდოების შემდეგ აღარ იცოდა რა იქნებოდა შემდგომ. ამის პასუხი მას სუნილ დატმა აპოვნინა, შეკითხვით, გახდებოდა თუ არა მისი ცოლი? ეს მოხდა ერთ საღამოს როცა სახლში მიჰყავდა ნარგისი. მათ ერთად მოინახულეს სუნილის ტუბერკულოზით დაავადებული და, რომელსაც ნარგისმა საუკეთესო ექიმი მიუყვანა. ამან დაარწმუნა დატი რომ ის მისთვის იყო შექმნილი.
"მასში მე ვიპოვე ადამიანი, ქალი, რომელსაც შეუძლია იზრუნოს ჩემს ოჯახზე. ჩემს მეუღლეში ვიპოვე როგორც თანაგრძნობა, ისე გაგება".
მათ საქორწინო ცერემონიალთან დაკაშირებით საინტერესო ისტორიაა ცნობილი. სუნილ დატი ზუსტად საღამოს 7 საათზე ელოდა ნარგისს, თუმცა მას სამი საათით დააგვიანდა, რადგან მოჰყვა საშინელ მუმბაურ საცობში. ნარგისს პანიკურად ეშინოდა რომ მისი მომავალი საქმრო, იფიქრებდა რომ მან მოატყუა ის და წავიდოდა. თუმცა სუნილ დატი იმ ადგილიდან არ იძვროდა სადაც ნარგისს უნდა შეხვედროდა. ის დასარეკადაც არ გადასულა რადგან ეშინოდა ნარგისი სწორედ იმ დროს მოვიდოდა და იფიქრებდა რომ არ დაელოდა და სამუდამოდ გაქრებოდა მისი ცხოვრებიდან. და როცა გამოჩნდა ნარგისი პატარძლის ბრწყინვალე სარეთი, სუნილმა მხოლოდ მაშინ მოიბრუნა სული.
1958 წლის 11 მარტს ნარგისი გახდა სუნილ დატის მეუღლე.
ბევრი ამტკიცებდა რომ სუნილი მასზე ფულისა და კავშირების გამო დაქორწინდა, რომ მათი ქორწინება დიდხანს არ გასტანდა, რომ ნარგისი მალე დაბრუნდებოდა გადასაღებ მოედანზე, მაგრამ ის არ დაბრუნდა. სამწუხაროდ ამის მერე ნარგისისა და რაჯ კაპურის გზები გაიყარა.
1959 წელს წყვილს ვაჟი შეეძინა, ცნობილი მსახიობი, სანჯაი დატი.
ნარგისს 10 წლის მანძილზე სთავაზობდნენ როლებს, მათ შორის იყო ისეთებიც რომლებზეც მას უარის თქმა არ შეეძლო. ასეთი იყო ფილმი: "raat aur din". ეს იყო ერთ-ერთი საინტერესო როლი რაც კი უთამაშიათ ჰინდი ფილმში და ამ ფილმმა ნარგისს ნაციონალური პრემია მოუტანა.
70-ანი წლების ბოლოს ის დაავადებული იყო კიბოთი, თუმცა მანამ, სანამ შეიძლებოდა დამალვა არავისთვის უთქვამს ავადმყოფობის შესახებ. მხოლოდ მაშინ უთხრა ყველას სიმართლე, როცა უკვე გვიან იყო. სუნილმა ყველაფერი გააკეთა, რომ გადაერჩინა მეუღლე, ის მკურნალობდა ნიუ-იორკში, სადაც გადატანა ხანგრძლივი მკურნალობა და ოპერაციები, მაგრამ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. სუნილი 7 თვის მანძილზე რაც საავადმყოფოში იყო არ მოშორებია მას და არც იმედი დაუკარგავს.
ნარგისი გამოწერეს და ის დაბრუნდა შინ გამხდარი, ფერმკრთალი, მაგრამ ძალიან ბედნიერი იმით რომ ისევ თავის ოჯახთან იყო.
7 მაისს დანიშნული იყო პრემიერა სანჯაის სადებიუტო ფილმისა "rocky", და ნარგისს სურდა როგორმე მიეღწია იქამდე. მან უთხრა მეუღლეს რომ ინვალიდის კრესლოთი რომ მოუწიოს მისი იქ წაყვანა მაინც უნდა დაესწროს შვილის პრემიერას. სუნილი მზად იყო ამისათვის თუმცა ბედისწერამ სხვაგვარად ინება. პრემიერამდე 5 დღით ადრე მისი მდგომარეობა გაუარესდა და საწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
1981 წლის 3 მაისს ნარგისი გარდაიცვალა.
ავადმყოფობის დროს ნარგისმა დაისახა მიზნად გაეუმჯობესებინა სამედიცინო სამსახური ინდოეთში და გახსნა პირველი სკოლა ინვალიდი ბავშვებისათვის მუმბაიში. მისი საქმეები მისმა ერთგულმა მეუღლემ განაგრძო.
1 комментарий:
bebichemi gijdeba am qalze... da am paraze saertod...
magrebi ikvnen, axla agara aqvt egeti eshxi
Отправить комментарий