თხოვნითპარვინ ბაბი - ერთადერთი ბავშვი ოჯახში, დაიბადა 1949 წლის 4 აპრილს, დიდი ხნის ნანატრი შვილი 14 წლის უშვილო ოჯახისათვის.
მამა - ვალი მოჰამედ ალი ძალას და შესაძლებლობას არ იშურებდა საყვარელი გოგონას განათლებისათვის. პრესტიჟული სკოლა, შემდგომ კოლეჯი.
1969 წელს ჩრდილოეთ ინდოეთში არეულობებმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს დღეები არც პარვინს გაუვლია ადვილად. საშინელი შეგრძნება იმისა, რომ აღელვებული ბრბო ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დასხმოდათ თავს, გაეუპატიურებინათ, აეკუწათ, სიცოცხლის ბოლომდე დარჩა მასთან.
სასწავლებლის მკაცრ მონაზონურ მეთვალყურეობას ახალგაზრდობა წინააღმდეგობას თავისუფალი დასავლური მანერებით უწევდა.
"ბითლზების" ტკბილხმიანი რითმები, ჯინსები და თმაში ჩაწნული ყვავილი. იმ პერიოდისათვის როცა რეჯისორმა ბ. იშარამ უცნობი სტუდენტი შენიშნა, პარვინ ბაბი უკვე მზად იყო მოეხდინა თავისი პატარა რევოლუცია.
მისი დებიუტი 1973 წელს შედგა, სადაც მან ითამაშა გოგონას როლი რომელსაც კავშირი აქვს "ცუდ" ადამიანთან, დაფეხმძიმდება და ბოლოს ლამისაა თავს იკლავს. ფილმი ალბათ ვერასოდეს შევიდოდა კინოინდუსტრიის ოქროს ფონდში რომ არა პარვინის მოხვედრა ჟურნალისტების ცეცხლის გზაჯვარედინზე.
ახალგაზრდა ემანსიპირებული გმირი ქალი, თავის თავს ასევე ყველასაგან განსხვავებული ზინათ ამანის თანასწორად რომ აცხადებდა, ატყვევებდა და შოკში აგდებდა ერთდროულად.
მომხიბვლელი პარვინ ბაბის აღმასვლა სწრაფი იყო. ერთ შემოქმედებით წელიწადში მისი ფილმოგრაფია 5 ფილმით შეივსო, რომელთაგან ჩვენამდე მხოლოდ ერთი, რავი ტანდონის ფილმი მოვიდა. მასში პარვინმა პირველად ითამაშა ამიტაბჰ ბაჩანთან.
1975 წელს გამოვიდა ყველასათვის კარგად ცნობილი ფილმი "კედელი", რომელშიც პარვინმა ახალი თაობის გმირი ქალი ითამაშა. იმისათვის რომ ფილმი შთამბეჭდავი ყოფილიყო ახალგაზრდა განრისხებულ მამაკაცს ჭირდებოდა მეგობარი გოგონა, მაგრამ არა ტრადიციული ინდოელი ქალი შარმილა თაგორის სტილში, არამედ გოგონა გამომწვევი ქვედაბოლოთი, ხელში ჭიქა ვისკითა და სიგარეტით. ამასთან ის განსხვავებული უნდა ყოფილიყო ტრადიციული "ცუდი გოგონებისაგან". პარვინმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ ამოცანას. ითამაშა რა ამ ფილმში თავისი საუკეთესო როლი, სამუდამოდ შევიდა მსოფლიო კინოს ყველაზე ძლიერი სცენების ისტორიაში, კადრებით, სადაც ის ქორწილის წინ ბანდიტთა ტყვიით კვდება ამიტაბჰის მკლავებში, საკუთარი სისხლით შუბლშეღებილი.
ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად მან ითამაშა შვიდ ფილმში და ბევრი მათგანი ჰიტებად იქცა.
იყო ფილმები სადაც მისი გმირი მხოლოდ დეკორატიულ თოჯინას წარმოადგენდა. მაგ; ფილმში "ამარ, აკბარ, ანტონი", მისი თამაშიდან მხოლოდ ის რომანტიული მუსიკალური ნომრის სცენა დარჩა მეხსიერებაში სადაც კატერზე მის შიშველი ფეხები მაგნიტივით იზიდავს ამიტაბჰის გმირს.
იმ პერიოდისათვის მან შეძლო ეთამაშა ბევრ ჰიტში და წარმოედგინა ეკრანზე უშიშარი ავანტიურისტი თუ ჟურნალისტი.
მსახიობური წარმატების აპოთეოზად იქცა პარვინისათვის მანოჯ კუმარის ფილმი "ცხელი გული", რომელიც ინდოელი ხალხის ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას ეხებოდა. არც ისე დიდი მაგრამ ტრაგიკული როლით მან შეძლო და ათქმევინა კრიტიკოსებს რომ დაჩრდილა ჰემა მალინის მთავარი გმირი. 1977 წელს პარვინი გამოჩნდა ამერიკული ჟურნალის ყდაზე, როგორც განსახიერება თანამედროვე აღმოსავლელი ქალისა. ხაზგასმულად ევროპულმა სილამაზემ და არატრადიციულმა სითამამემ პარვინს განსაკუთრებული ადგილი გამოუყო ვარსკვლავთა შორის. მას მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ეს იყო ზინათ ამანი. დანარჩენი ბოლივუდის ვარსკვლავები არც ისე ცდილობდნენ თავისუფალი აზროვნების გამოხატვასა და პარვინისათვის იმ ნიშის წართმევას რომელიც მას ეჭირა ბოლივუდში.
თუმცა როგორც ცხოვრება აჩვენებს, ინდოეთში საზოგადოებრივი ნორმების იგნორირებისათვის ადამიანს უხდება საკუთარი ბედნიერების გაღება. პარვინს არ აეწყო ოჯახური ცხოვრება. ბოლივუდში მის სახელს ყოველთვის ცოლიან მამაკაცებს უკავშირებდნენ, ამიტაბჰ ბაჩანს, მაჰეშ ბჰატს, დენნი დენზონგპას და კაბირ ბედის. ამ უკანასკნელის გამო ის დაუფარავად მიფრინავდა ხოლმე იტალიაში, სადაც კაბირი მუშაობდა ტელევიზიაში. თუმცა დაქორწინება როგორც ჩანს მას არ ეწერა.
რეჟისორი მაჰეშ ბჰატი, რომელთანაც მსახიობს ფაქიზი გრძნობები აკავშირებდა სამი წლის მანძილზე, იხსენებს:
-ეს იყო პრაკაშ მეჰრას "ერთგული მსახური"- ს გადაღების დროს (1982). დამშვიდობებისას მან ფაქიზად მაკოცა რომ მაკიაჟი არ გაეფუჭებინა. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი რომ ეს იყო ბოლო, როცა მე ვხედავდი იმ პარვინს, რომელსაც ვიცნობდი. ვერაფრით ვივიწყებ მის სახეს როცა იმავე საღამოს მე მივედი მასთან და ვნახე ის ოთახის კუთხეში მიყუჟული, იმავე კაბაში რაც გადაღებისას ეცვა, ხელში დანით, შიშისაგან აკანკალებული. "დახურე კარი მაჰეშ, ისინი მოვლენ და მოგვკლავენ, დახურე ჩქარა!" - ჩურჩულით მითხრა მან. ამ მომენტიდან სახე, რომელსაც მე ვიცნობდი აღარ არსებობდა და ჩვენი ურთიერთობაც დასრულდა.
იმავე წელს მაჰეშ ბჰატმა შაბანა აზმისა და სმიტა პატილის მონაწილეობით გადაიღო ფილმი "Arth", სადაც მათი ურთიერთობის ისტორია და პარვინის სულიერი მდგომარეობა გამოიტანა სამსჯავროზე. ახლობელი ადამიანის ღალატისგან მიყენებული შოკი ბოლო წერტილი აღმოჩნდა პარვინის უბედურებაში.
მისი კარიერა მწვერვალზეა. ინდოეთში გამოდის "ჩარლის ანგელოზების" ინდური ვერსია, სადაც ის, ზინათ ამანთან და შაბანბა აზმისთან ერთად მონაწილეობს. ეკრანზე ისინი ისეთ სიყვარულის, შურისძიების და საბრძოლო ხელოვნების ნიმუშებს აჩვენებენ რომ მამაკაც გმირებს მხოლოდ ისღა რჩებათ გაჩუმდნენ. შემდგომი ფილმებიდან ყველასათვის ცნობილია "სამი ძმა", სადაც მას ისევ მოუხდა შეხვედრა ამიტაბჰ ბაჩანთან. პარვინისთვის კონტრაქტი ჯერ კიდევ ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო.
1983 წლისათვის ის ისევ შოკში აგდებს საზოგადოებას ლესბოსური სცენით ჰემა მალინთან, ფილმში "Razia Sultan". ის ისევ მწვერვალზეა, თუმცა უფრო და უფრო ხშირად გაჰყავთ გადასაღები მოედნიდან ისტერიკაში მყოფი.
წვეულებებზე მისი ჭიქა არასოდეს რჩება დიდი ხნით ცარიელი. ის მინა კუმარის მსგავსად სვამს, ვარდება ერთი ინტრიგიდან მეორეში და ვერ პოულობს გადასარჩენ ნაპირს.
1984 წლის 7 აპრილი. ღრმა ტრანსის მდგომარეობაში მყოფი პარვინი ჩაფრინდება ამერიკაში და აეროპორტში მოთხოვნაზე წარმოადგინოს საბუთები მსახიობი ნერვული აშლილობით პასუხობს, რასაც სხვადასხვა ნივთების სროლა და დიდი აურზაური მოჰყვება. ოთხი პოლიციელის მიერ გაკავებული და ხელბორკილიანი ბოლივუდის ვარსკვლავი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიჰყავთ. ინდოეთის კონსული და რელიგიური ფილოსოფოსი კრიშნამურტი მას პალატაში ინახულებენ და ამის შემდეგ იწყება პარვინისა და კრიშნამურტის უცნაური მეგობრობა.
90-ანი წლების დასაწყისში ის ისევ მიემგზავრება საზღვარგარეთ 6 წლით, ამჟამად ცხოვრების აზრის რელიგიაში საძებნელად. თუმცა ცხადია ვერც ამან მოუტანა სიმშვიდე.
1998 წელს ზედმეტად გასუქებული ვარსკვლავი როდესაც სამშობლოში ბრუნდება მას საშინელი კომენტარებით ხვდებიან. ის იძულებული ხდება ჯუჰუში მდებარე ბინაში ოთხი კედლის ტყვე გახდეს.
მძიმე სენი, გარიყულობისა და მიტოვებულობის განცდა აიძულებს მას მთელ რიგ პროვოკაციებზე წასვლას. შეთქმულების თეორიით შეპყრობილი ის სასამართლოში აღძრავს საქმეს და ამტკიცებს რომ აქვს უტყუარი დამამტკიცებელი საბუთები სანჯაი დატის მონაწილეობისა 1993 წელს მუმბაიში მომხდარ სერიულ აფეთქებებში. ასევე ბრალს დებს ამიტაბჰ ბაჩანს მის, არაერთხელ მკვლელობის მცდელობაში. თუმცა თავად არ ცხადდება სასამართლოში იმ მოტივით რომ უფრთხილდება საკუთარ სიცოცხლეს.
2005 წლის 22 იანვარს მსახიობი ჯუჰუში თავის ბინაში მკვდარი იპოვეს მას შემდეგ, რაც მერძევემ განაცხადა რომ მსახიობი ორი დღეა არ იღებს თავის რძესა და პრესას.
პოლიციამ ეჭვი არ მიიტანა მკვლელობაზე.
გამოცხადდა რომ სიკვდილი დადგა დიაბეტის მძიმე ფორმისა და მარცხენა ტერფის განგრენის გამო.
23 იანვარს მსახიობი დაასაფლავეს მუსულმანური წესით დედის გვერდით მუმბაის ერთ-ერთ სასაფლაოზე.
კადრები ფილმებიდან: "კედელი" და "ამარ, აკბარ და ანტონი"
Комментариев нет:
Отправить комментарий